25
Apr
2018

ქართველი მკვლევარი ვაშინგტონში – დემნა დევდარიანის გზა ოცნების ქვეყნამდე

25 Apr 2018

„ამერიკა ყოველთვის იყო ჩემი ოცნების ქვეყანა როგორც საცხოვრებლად, ასევე პროფესიული „შიმშილის“ დაკმაყოფილებისა და რეალიზების თვალსაზრისით“, – დემნა დევდარიანი, ქართველი მკვლევარი ვაშინგტონიდან. 

დემნას სოციალიზაცია ქალაქ რუსთავიდან იწყება, „იქ, სადაც მნიშვნელოვანი არასდროს არაფერი ხდებოდა, ყოველშემთხვევაში ჩემი ინტერესების თვალსაზრისით, მუდამ ასე იყო“. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ერთ ადგილას, დღემდე, ვერასდროს ჩერდება, ჯერ თბილისისკენ მიუწევდა გული, შემდეგ ევროპისკენ, ამჟამად კი, ამერიკაში, ვაშინგტონში დაიდო დროებით ბინა. დროებით იმიტომ, რომ „ერთ ლოკაციას არასდროს ვეკუთვნი“.

განათლებაც ასე, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილას მიიღო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტიდან ილიაში, საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების სამაგისტრო
 პროგრამაზე გააგრძელა სწავლა, შემდეგ კი, ბელგიაში, სოციალური მეცნიერების სხვადასხვა დარგს დაეუფლა ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტში.

რამაც სრულიად შეცვალა ჩემი წარმოდგენა მსოფლიოზე, ადამიანებზე და რაც ყველაზე მთავარია – საკუთარ თავსა და შესაძლებლობებზე.

რაც შეეხება მის სამუშაო გამოცდილებას, სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობით, „საბოლოოდ, მივხვდი, რომ საჯარო მოხელის სტატუსი, იმ ფორმითა და შინაარსით, რაც საქართველოშია დამკვიდრებული, აბსოლუტურად შეუთავსებელია ჩემს ინტერესებთან, იქნება ეს პროფესიული თუ პირადი“. ამიტომაც, 2015-17 წლებში, საჯაროდან კერძო სექტორში გადაინაცვლა და პროფესიული ინტერესები კვლევითი და ანალიტიკური საქმიანობით განსაზღვრა: „ამ მიმართულებით, გარდამტეხი აღმოჩნდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კვლევით პროექტში გამარჯვება, რამაც მომიტანა პირველი, თვალსაჩინო წარმატება და ასე მოვხვდი პირველად ტელეეკრანებზე, როგორც საპენსიო და საჯარო სამსახურის რეფორმების მკვლევარი“.

[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=amqdgVTJ-fk[/embedyt]

სწორედ ამის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ მონაცემების შეგროვება, დამუშავება, ანალიზი და მათ უკან, კონკრეტული შინაარსის ამოკითხვა ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა.

ინტერესის სფეროებთან ერთად, უკვე საქმიანობის მასშტაბების გაზრდაც ლოგიკური აღმოჩნდა და საოცნებო ქვეყნამდე მისასვლელად, Atlas Corpsპროგრამა შეარჩია, რომელიც ამერიკაში ცხოვრებისა და ამერიკულ არასამთავრობო სექტროში მუშაობის შესაძლებლობას სთავაზობს ადამიანებს. საკუთარ თავს პირობა მისცა, რომ ამ პროგრამაში მოხვდებოდა და ჯერ ნახევარფინალისტთა სიაში, შემდეგ კი, სკაიპით, შესარჩევ კომისიასთან გასაუბრების შედეგად, 2017 წლის მაისში, მუშაობა დაიწყო ვაშინგტონის ერთ-ერთ გავლენიან კვლევით ორგანიზაციაში, დიდი ისტორიის მქონე კოალიციაში, რომლის წევრებიც წარმოდგენილნი არიან მსოფლიოს 25 ქვეყანაში, ძირითადად, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში: „სხვათა შორის, პირველი ქართველი ვარ, ვინც ამ პროგრამაში იღებს მონაწილეობას და ეს ფაქტორი განსაკუთრებით მახარებს“. რაც შეეხება დემნას სამსახურებრივ კომპეტენციებს, გარდა ადამიანის უფლებების შესწავლისა, მონიტორინგს უწევს რუსულ და უკრაინულ მედიას, ესწრება შეხვედრებს ატლანტიკურ საბჭოში, გერმანიის მარშალის ფონდსა და კარნეგიში: „ჩემი მოვალეობის ცენტრალური ნაწილია 25 ქვეყნის ანგარიშების მუდმივი განახლება და ადამიანის უფლებების, პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის მონიტორინგი“.

ეს ადგილი მაგნიტივით იზიდავს კარიერით დაინტერესებულ ადამიანებს და შემდგომ, რთული ხდება მასთან განშორება.

გარდა საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენისა და რეალიზებისა, დემნასთვის ვაშინგტონი მიმზიდველი გახადა სამუშაო გარემომ და იერარქიულმა დამოკიდებულებამ თანამშრომლებს შორის, რაც აბსოლუტურად კონტრასტული აღმოჩნდა იმისგან, რასაც წლების მანძილზე საქართველოში ხედავდა და განიცდიდა, განსაკუთრებით, საჯარო სამსახურში მუშაობისას: „დაქვემდებარების ვერტიკალი, ფაქტობრივად, არ არსებობს და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეს მუშაობის ხარისხზე აბსოლუტურად არ ახდენს უარყოფით გავლენას“.დემნას სამომავლო გეგმებშია ვაშინგტონში მიღებული პროფესიული გამოცდილების საქართველოში ინვესტირება, თუმცა დღესაც: „სრულებით არ ვარ მოწყვეტილი საქართველოს. მეტ-ნაკლებად ვახერხებ პროფესიული კავშირების შენარჩუნებას თქვენთანაც. რამდენიმე კვირის წინ, თბილისიდან შემომთავაზეს საინტერესო პროექტში მონაწილეობის მიღება, რომელიც ქართულ-ამერიკული ურთიერთობების 26 წლიან ისტორიას ეხებოდა. აგრეთვე, რამდენიმე პირდაპირი ჩართვა მქონდა ქართულ ტელევიზიებთან საპენსიო რეფორმის შესახებ ვაშინგტონიდან“.

თუმცა, ჯერჯერობით, რჩება ვაშინგტონში, რადგან როგორც თვითონ ამბობს, კარიერული ცხოვრების არსებული ეტაპი და ეს ქალაქი სთავაზობს პროფესიული განვითარების იმაზე უფრო დიდ შესაძლებლობას, ვიდრე პლანეტის რომელიმე წერტილი.

განხილვა