16
Sep
2019

დემნა გვასალიამ Vetements დატოვა

16 Sep 2019

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია Vetements-იდან წავიდა. ინფორმაცია უკვე დაადასტურეს ძმებმა დემნა და გურამ გვასალიებმა, რომლებმაც, მოდის სახლი, 2014 წელს დააფუძნეს.

Vetements ყოველთვის შემოქმედებითი კოლექტივი იყო. ჩვენ გავაგრძელებთ გაფართოებას და არ შეიცვლება ბრენდის მთავარი, ავთენტური ღირებულებები. მომავალშიც მხარს დავუჭერთ ჭეშმარიტ და გულწრფელ შემოქმედებით ნიჭს. ის, რასაც დემნამ, ბოლო წლებში მიაღწია, Vetements-ის ისტორიის მთავარი თავია. ძალიან დიდ მადლობას ვუხდით მას, რომ მოდის სახლის განვითარებაში ასეთი წვლილი შეიტანა“, – აღნიშნა Vetements-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა გურამ გვასალიამ.

დემნა გვასალია და გურამ გვასალია, Vetements-ის დანფუძნებლები

მისი თქმით, დემნა გვასალიას ნიჭი და ხედვა Vetements-ის წარმატების ფუნდამენტი იყო და წარმოუდგენლად დიდ წვლილი შეიტანა ბრენდის მემკვიდრეობისა და ღირებულებების შექმნაში.

ინფორმაცია  Vetements-იდან წასვლის შესახებ თავად დემნა გვასალიამაც დაადასტურა.

„ყველაფრის მიუხედავად, მოდა შეიცვალა მას შემდეგ, რაც Vetements გაჩნდა. ბრენდმა ძალიან ბევრისთვის ახალი კარი გააღო, ახალი შესაძლებლობები გააჩინა. ვგრძნობ, რომ შევასრულე ჩემი, როგორც კონცეპტუალისტისა და ნოვატორი დიზაინერის მისია ამ განსაკუთრებულ ბრენდში. Vetements ახლა არის კომპანია, რომელიც შეძლებს, თავის ისტორიაში ახალი თავი დაიწყოს და შემოქმედებითი ტრადიციები დამოუკიდებლად გააგრძელოს“.

დემნა გვასალია კვლავ რჩება ესპანური მოდის სახლის, Balenciaga-ს კრეატიულ დირექტორად. როგორც თავად ამბობს, Vetements-იდან წასვლის შემდეგ, პარალელურად, ახალ პროექტებზე იმუშავებს. ჯერჯერობით, უცნობია, კიდევ რა სიურპრიზს უმზადებს საზოგადოებას ეპატაჟური დიზაინერი.

 

Photo Credits: Internet Resources 

განხილვა