in

დემნა ხამუთი და ცეკვის ჩუსტი

მოდა, არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ჩახლართული სფერო, რომელიც ფულიანების დაბოლებაზე ნამდვილად არ დგას.


ერთი კვირაა სახლში ვზივარ და ვცდილობ, კორონას არარსებულ პროტოკოლებში გავერკვიო და საბოლოოდ მივიღო პასუხი ტესტები მატყუებს თუ მართლა არ მაქ. ამიტომ, ამ მოწყენილობის ჟამს, ერთ ბოლო დროინდელ ძალიან აქტუალურ საკითხს შევეხები და მცირე დისერტაციას დავიცავ.

ჩემს დისერტაციას “დემნა ხამუთი და ცეკვის ჩუსტი” ქვია.

შევეცდები აგიხსნათ, თუ რატომ არ არის დემნა “მეგრელი აფერისტი” რომელმაც სომხების მოტყუებით აიწყო კარიერა, თუმცა, სანამ აქამდე მივალ, მოდი მოდაზე და designer item-ების ფასწარმოებაზე ძალიან ზოგად კომენტარს მოგახსენებთ.

მოდა, არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ჩახლართული სფერო რომელიც ფულიანების დაბოლებაზე და მათთვის ლილოს ტავარის მილიონებად მიყიდვაზე ნამდვილად არ დგას.

მოდა აერთიანებს ძალიან ბევრ რამეს – ხელოვნებას, ბიზნესს, მარკეტინგს, ფსიქოლოგიას, ემოციებს, დრამას, ინტრიგებს, შემოქმედებით ხედვას, ინტუიციას, რისკებს და ბევრ სნობ/სასტიკ ადამიანს. ამ ყველაფერში გზის გაკვალვა, მინიმუმ პატივისცემის მოპოვებას ნამდვილად ნიშნავს.

designer item-ები, მილიონები იმიტომ არ ღირს, რომ სადმე პომპეის მთაზე ღმერთების ნაკურთხი ნემსით იკერება. არამედ იმიტომ, რომ designer item-ები და ის სახელი, რომელსაც რაიმე ნივთი ატარებს არის სტატუსის მაჩვენებელი და ამავდროულად საკმაოდ კარგი ინვესტიციაც.

მაგალითისთვის ავიღოთ ბირკინის ჩანთა, რომლის ფასიც 70,000$-დან იწყება. იგივე ფასის სახლს რომ შევადაროთ, ჩემზე ბევრად ჭკვიანი ხალხიც დაგიდასტურებთ რომ გაცილებით უფრო მომგებიანი და სანდო ინვესტიციაა ბირკინი. ამას რომ თავი დავანებოთ, სელებრითების უკან, რომლებიც მილიარდობით დოლარს გამოიმუშავებენ, დგას ძალიან ბევრი პროფესიონალი ფინანსისტი და ექსპერტი და როგორ ფიქრობთ, ბირკინის შეგროვებაში რომ ერთმანეთს ეჯიბრებიან, ამას მხოლოდ ინსტაგრამის პოსტებისთვის აკეთებენ?

გეცოდინებათ, რომ მოდის სახლები უდიდესი ბიზნესებია და ძალიან რთულ პროცესებს მართავენ, თუმცა, მივიდეთ იმ კონკრეტულ ადამიანებზე, რომლებიც ქმნიან ნივთებს და შემდეგ ეს ნივთები ხდება ბირკინები. ანუ დემნას ნაირი ადამიანები.

როდესაც მოდის სახლი ხარ და მილიარდებს ჰაერში ატრიალებ, წარმოიდგინე, რა დიდი სერიოზულობით ეკიდები იმ ადამიანის არჩევას, რომელიც შენი ბრენდის კრეატიული დირექტორი იქნება. ესაა ადამიანი, რომელიც მომდევნო წლებში შენს მილიარდებს ან ტრილიონებად აქცევს ან საერთოდ დაგღუპავს და როგორ ფიქრობთ, დემნამ ეს პოზიცია “მეგრული აფერისტობით” და CV-ში ტყუილების ჩაწერით დაიკავა?

ვინც არ იცით, დემნამ მოდის ერთერთი ყველაზე გავლენიანი უნივერსიტეტი დაამთავრა და საუკეთესო სტუდენტად დასახელდა. იმ წლის კი არა, ზოგადად უნივერსიტეტის საუკეთესო სტუდენტად! თქვენ წარმოდგენა რომ გქონდეთ, მოდაში რამხელა ნეპოტიზმი, კონკურენცია და უსამართლობაა, მხოლოდ ეს ფაქტიც გეყოფოდათ დემნას სერიოზულად აღსაქმელად.

როგორ შეაყვარა დემნამ ყველას თავი ეგ ზუსტად არ ვიცი, მარა ის, რომ ინსპირაციას საკუთარი ბავშვობიდან იღებს არაერთხელ უთქვამს. როგორც ჩანს, ის გზა რითიც დემნა მსოფლიოს თავის ბავშვობას აცნობს, ძალიან საინტერესო და უცხოა დასავლური მოდისთვის. პატერნები, სტილი, ემოციები… ყველაფერი ბავშვობიდან მოაქვს. ჩვენთვის თუ ლილოს ჩანთის პატერნი კარგთან არაფერთან ასოცირდება, მისთვის ბავშვობაა და მოწონს, რატომ გიკვირთ, ბავშვობის რაღაცეები ყველას უყვარს, მიუხედავად იმისა კარგია თუ ცუდი, იმიტომ რომ ბავშვობისაა და იმიტომ რომ ბავშვობაში სხვანაირად ჩანდა ყველაფერი. ამ ყველაფრის შენს საქმიანობაში გამოყენება, კი ძალიან მიღებული პრაქტიკაა, განსაკუთრებით ხელოვანისთვის. რადგან ხელოვნება ზუსტად ეგაა, მოყვე შენი ამბავი, გადმოსცე შენი გრძნობები ლამაზად და კოხტად.

რაც შეეხება ხამუთებს და ცეკვის ჩუსტებს. ცეკვის ჩუსტებზე მარტივად და გადაჭრით მოვგვარდეთ – არა. არაა ეგენი ცეკვის ჩუსტები.

როგორც ჩვენთან ვეძახით ხოლმე “ბალეტკები” ძალიან ცნობილი ფეხსაცმლის მოდელია და აქაც ბევრს ეცვა ხოლმე და ახლა უცებ რატო გახდა ცეკვის ჩუსტი?

თხელ ძირიანი, ზემოთ რეზინიანი “ბალეტკა” ძალიან კომფორტული ფეხსაცმელია, თითქმის ყველა ბრენდს აქვს და ძალიან დიდი ხანია მოდაში არსებობს.

ვიმეორებ, ცეკვის ჩუსტთან საერთო არაფერი აქვს. თუ მაინცდამაინც ცეკვა გინდათ, ფეხსაცმლის სახელში რომ ბალეტი ურევია, მარტივი მისახვედრია – ინსპირაცია ბალეტის მოცეკვავის ფეხსაცმელია და არა ხორუმის.

რაც შეეხება ხამუთებს, სულ რაღაც 2 წლის წინ ყველას Cartier-ის მოღუნული ლურსმნის პატენტი ქონდა შემოხვეული და ხამუთი რატომ არ შეიძლება? სხვათაშორის, იმ ლურსმნის ორიგინალიც არანაკლებ მილიონები ღირს.

ზოგადად, დიზაინერები საიდანღაც იღებენ ისპირაციებს. და ხელოვნებაც ზუსტად იმაზე დგას, რომ რაღაცა, რაც შენთვის ძალიან უბრალოა და ყოველდღიურობაში გხვდება, ხელოვანმა ახლებურად დაგანახოს.

ამიტომ, სრულიად სწორია რომ თქვათ, დემნამ ინსპირაცია სამშენებლო მასალებისგან აიღოო. და კარგი, რადგან ელიავაზე იყიდება სამშენებლო მასალები თუ გინდათ დააკონკრეტეთ, ელიავასგან აიღო ინსპირაციაო, (მიუხედავად იმისა, რო ელიავაზე არასდროს ყოფილა) მაგრამ ვერა, ელიავაზე ბალენსიაგას სამაჯურს ვერ იყიდით, ელიავაზე იყიდით ლარიან ხამუთს.

ბალენსიაგას სხვა სამკაულებისთვისაც რომ გადაგეხედათ, მიხვდებოდით, რომ ხამუთი ძალიან ჰარმონიაშია სამკაულების იმ სტილთან რაც ახლა აქვს ბალენსიაგას.

ასევე, ქვა იმან მესროლოს, ვისაც ბრიტვები, ბოქლომები და ჯაჭვები არ ეკიდა ყელზე ემო ფაზისას და ხამუთს რატომ აკრიტიკებთ? თუ რა გგონიათ, ბოქლომის ყელზე ჩამოკიდებას უდიდესი ისტორია არ აქვს, მის უკან ვინმე დემნასნაირი არ დგას და თემქელმა ემო ეთომ შემოიტანა სტილში ტამბლერზე?

სომხების დაბოლებაზეც ვიტყვი 1-2 სიტყვას. ჯერ ერთი, ქსენოფობიური გოიმობაა მაგისი თქმა, მერე მეორე, რა გგონიათ, კარდაშიანების და მისთანების უკან მილიონი სტილისტი, ექსპერტი, ფინანსისტი და ათას ღობეს გადამხტარი არ დგას და თვითონ იღებენ ხოლმე ასეთ გადაწყვეტილებებს? ის რომ კარდაშიანი ბოლო დროს ბალენსიაგას გარდა არაფერში გვენახება, ძალიან ბევრ კონტრაქტს და მილიონებს ნიშნავს სინამდვილეში.

აქვე დავამატებ, რომ მას შემდეგ, რაც დემნა ბალენსიაგას კრეატიული დირექტორია, ბალენსიაგა პირველად მოხვდა ყველაზე გაყიდვად სამ ბრენდს შორის და შემოსავალი გაუსამმაგდათ. გარდა ამისა, დემნამ 3 წელიწადში ორჯერ მოიგო მოდის ყველაზე დიდი ჯილდო. გააკეთა ბალენსიაგას ოტ კუტიური რომელიც 70 წელია არ ყოფილა, მაღალ მოდაში შემოიტანა ჯინსი, რომელიც არავის გაუბედავს და კიდევ ვინ მოთვლის იმდენი რამ, მაგრამ არა, ქართულ მედიას მაინც ურჩევნია რო დემნა ხამუთებს ყიდის სათაურები წეროს ხოლმე, იმიტო რო ვაიმე რიგირ აბოლებს მიგრილი მსოფლიოს კომენტარები მოაგროვოს.

არ ვიცი რამ გამაგიჟა ამდენი რო დავწერე. ალბათ ძალიან გული მწყდება, ერთადერთი ყველაზე გავლენიანი ქართველი, რომელიც მსოფლიოს ამ ქვეყანას მართლა კარგად აცნობს და ინსტაგრამზე თავის სახელს ქართულად წერს, საკუთარ სამშობლოში აფერისტადაა ცნობილი.

ავტორი: ემილი ქორიძე


თბილისის “ლოკომოტივის” Esports-ის გუნდმა ისტორიული სადებიუტო მატჩი “აიაქსის” წინააღმდეგ გამართა

ტონგასთან წყალქვეშა ვულკანის ამოფრქვევის შედეგად, ახალი კუნძული იქმნება