მართალია, გუჩის ჩვენებამ მილანის მოდის კვირეულზე მსოფლიოსა და ჩვენი ყურადღება ქართველი კრეატიული დირექტორი დემნა გვასალიას პირველი კოლექციის გამო უკვე მიიპყრო, მაგრამ ამბავი ამით არ დასრულებულა. პოდიუმის გარდა, 2026 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის დებიუტი The Tiger-ის სიურრეალისტური მოკლემეტრაჟიანი ფილმით შედგა და ახლა სწორედ ამაზე მოგიყვებით.
აქ დემი მური, ელიოტ პეიჯი, ედვარდ ნორტონი, კეკე პალმერი და სხვა ვარსკვლავები შეგხვდებათ. ამბავი კი მდიდრულ ვილაში ვითარდება, სადაც მური Gucci-ს შთამბეჭდავი მემკვიდრის როლს ირგებს და დაბადების დღის ვახშამს უძღვება — სტუმრები მალევე აღმოაჩენენ, რომ სასმელები ჰალუცინაციებს იწვევს, რასაც სიზმრები და სანახაობა მოჰყვება, იქნება ეს აუზებში გადაშვება, მაგიდების აფეთქება თუ „ნამდვილი ვეფხვის“ გამოჩენა დაბადების დღეზე.
დემნას კოლექცია La Famiglia ფილმის პერსონაჟებს იდეალურად ერწყმის, თუ მური მდიდრულ ბაროკოს კაბებს ატარებს, პალმერი პრინცესასავით ვარდისფერშია გამოწყობილი, პეიჯი სმოკინგში, ნორტონი კი მკაცრ მუქ კოსტიუმში — თითოეული ჩაცმულობა დემნას მცდელობაზე მეტყველებს, შეუსაბამოს გუჩის მემკვიდრეობა თავისსავე ავანგარდულ მიდგომას.
რაღა თქმა უნდა, ამ ფილმის პრემიერა ბრენდმა ცალკე ამბად აქცია — მილანის საფონდო ბირჟა კინოჩვენების ადგილად გადაკეთდა, ახალი კოლექციის სამოსით წარმოდგენილი მოდელები კი აუდიტორიასთან ერთად ისხდნენ…
The Tiger-ის სიურრეალისტური ფილმით გუჩი აჩვენებს, რომ მოდა, შესაძლოა, ისევე ძლიერად წარმოჩინდეს ეკრანზე, როგორც პოდიუმზე. უშუალოდ კინოს ჩვენებით კი ბრენდი Saint Laurent-ის მსგავს კომპანიებს შეუერთდა, რომლებიც კინოს მოდის ჩვენებისთვის საუკეთესო სივრცედ აღიქვამს…












