in

დანია ადამიანთა უფლებების დარღვევას ნაკრების მაისურით აპროტესტებს

World Cup-ის მოახლოებასთან ერთად, საფეხბურთო კლუბები მთელი მსოფლიოდან მაისურების დიზაინს აქვეყნებს. აქ უამრავ ფერს, დეტალს, ლოგოსა და სპონსორს ამოიკითხავთ, თუმცა ახლა კონკრეტულად ერთ გუნდზე უნდა ვისაუბროთ, რომელიც გუნდის სამოსს ადამიანთა უფლებების შესახებ თავისი პოზიციის გამოსახატად იყენებს. დანიის ფეხბურთის ასოციაციამ (DFA) და სპორტულმა ბრენდმა Hummel-მა მაისურების სერია შექმნა, რომელიც ჩვეულებრივზე მეტად მშვიდია. როგორც ამბობენ, დუმილი დამაყრუებელია… 

შიდა მატჩებისთვის მაისური წითელია, გასვლითი თამაშებისთვის კი თეთრი და შავი ვერსიები აქვთ. დიახ, აქ გასაკვირი არაფერია, მაგრამ საიდუმლო სხვა დეტალებში იმალება — მათზე დატანილი ყველა ლოგო, Hummel-ის ჩათვლით, მონოქრომულია, რათა ხილვადობა შემცირდეს. მაშინ, როცა სხვა გუნდები ამაყად აცხადებენ თავიანთი კლუბისა და სპონსორების სახელებს, დანიამ თამაშებზე უხილავად დარჩენა გადაწყვიტა. 

Hummel-ის თქმით, სპორტის სიყვარულის მიუხედავად, ის არ შეურიგდება ადამიანთა უფლებების დარღვევას ქვეყანაში, ამიტომ, სურს, კატარში ჩატარებული მატჩების დროს არ ჩანდეს. უფრო კონკრეტულად კი, მას შემდეგ, რაც 2010 წელს კატარმა მატჩის მასპინძლობის კონკურსი მოიგო, სტადიონების მშენებლობის დროს დაახლოებით 6000 მიგრანტი მუშა დაიღუპა. მაგრამ FIFA ამ რიცხვებს არ ადასტურებს და ამბობს, რომ დაღუპულთა რაოდენობა „მხოლოდ“ 37-ს შეადგენს…

თუმცა რა ციფრიც არ უნდა იყოს ეს, დანია დაღუპულებს შავი მაისურით მიაგებს პატივს, რომელსაც ერთ-ერთი თამაშის დროს ჩაიცვამს. საბოლოოდ კი იგი შეუერთდა იმ ქვეყნებს, რომლებიც მოლაპარაკებებს აწარმოებს მთავრობასთან, რათა დააკვირდეს, როგორ ხდება ადამიანთა უფლებების დაცვა. 

ელიტ ელექტრონიქსის ახალი კონცეფციის მაღაზია გაიხსნა

დენ ვიდენი — ადამიანი, რომელმაც “Just Do It” Nike-ის სინონიმად აქცია