წელს, კორონავირუსული პანდემიიდან გამომდინარე, კრეატიულმა ფესტივალმა Cannes Lions, ონლაინ ღონისძიების გამართვა გადაწყვიტა. ისტორიაში პირველად, ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერი ადამიანისთვის, უფასოდ გახდა შესაძლებელი. ამ მიზნით შექმნილმა საგანმანათლებლო პლატფორმამ – Lions Live, 22 ივნისს, ღონისძიებასთან ერთად აიღო სტარტი და დღეს Lions Live-ის მეორე დღეს ვადევნებდით თვალს. Lions Live-ზე მსოფლიო კრეატიული ინდუსტრიის პროფესიონალები პასუხობენ კითხვებს, საუბრობენ თავიანთ გამოცდილებაზე, განიხილავენ ქეისებს. ქართველი კრეატორები და მარკეტერები კი დროდადრო გვიზიარებენ ღონისძიებისგან მიღებულ შთაბეჭდილებებსა თუ მნიშვნელოვან ინფორმაციას. დღევანდელი დღის მთავარ მოვლენად კი, ჩვენი დაკვირვებით, მერლი ჯეიმის გამოსვლა იქცა, რომელიც თემას – „კრეატიულობა ჩემი ბიზნესია“ ეხებოდა.
მერლი ჯეიმსი Dentsumcgarrybowen-ის გლობალ პრეზიდენტია, 2019 წელს, Drum Global Ranking-ის მიერ გამოვლენილ 100 საუკეთესო Chief Creative Officer-ს შორის 8 ქალი იყო, ერთ-ერთი კი – მერლი ჯეიმსი. მოგებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის კი Cannes Lion-ის გრან პრი Mobile-ის კატეგორიისთვის, ოქროსა და ვერცხლის ლომები, Grand CLIO და მრავალი სხვა. Lions Live-ზე კი მისი სასაუბრო თემა ბიზნესში კრეატიული ინდუსტრიის როლი იყო, მაგალითები კი COVID-19-ის პანდემიას უკავშირდებოდა.
ეს სწორედ ის გამოსვლაა, რომელმაც ქართული მარკეტინგისა და კრეატიული ინდუსტრიის 3 წარმომადგენლის ყურადღება მიიპყრო და არც თუ ისე უსამართლოდ. ქვემოთ წარმოგიდგენთ „აჭარაბეთის“ ბრენდის ხელმძღვანელის – ქეთო ბარაბაძის, Redberry-ს Content Creator-ის – ანი ნიჟარაძისა და VESTEL Georgia-ს PR და მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალისტის – მარიამ ალავიძის კომენტარს, რომელიც ამ კონკრეტულ გამოსვლას უკავშირდება.

„Dentsu გამორჩეულად მიყვარს, ამიტომ ჩემს ჩანაწერს მათი წარმომადგენლის გამოსვლიდან შემოგთავაზებთ. Dentsumcgarrybowen-ის გლობალ პრეზიდენტი ბიზნესისთვის კრეატიული ინდუსტრიის როლზე საუბრობს და მისი გამოცდილება მოჰყავს მაგალითად. ის იყო თავაშვებული ქოფირაითერი, რომლის ერთადერთი მიზანი მენეჯმენტამდე ბევრი იდეის მიტანა იყო. რაღაც ეტაპზე კი დაიწყო ბიზნესში ჩახედვა, გაეცნო ფინანსურ ანალიზს, საკუთარი გუნდის რესურსი მიმართა ბიზნეს ინტერესებისკენ და შედეგად, კრეატივის როლის ზრდასთან ერთად, ბიზნესის ზრდა, ლოიალურობა და ნდობა მიიღო. საუკეთესო რამ, რასაც ის გვირჩევს კრეატიული ინდუსტრის მომავალ თაობას, არის ის, რომ ავაშენოთ კლიენტთან ურთიერთობა, გავიგოთ კონკრეტულ პროექტს იქით რა აწუხებს ბიზნესს და განვიცადოთ რასაც ის განიცდის, ჩავხედოთ ციფრებს, მონაცემებს და დავკონცენტრირდეთ შედეგებზე. დავდოთ ის იდეები, რომლებსაც მოაქვთ შედეგები. ამ გზით კრეატივი იქნება ბიზნესის ძირითადი ნაწილი და დაგვეხმარება ბიზნეს-გადაწყვეტილებების საუკეთესო გზებით მიღებაში“, – ამბობს ქეთო ბარაბაძე.
დღევანდელი გამოსვლებიდან ყველაზე შთამბეჭდავად მერლი ჯეიმსის გამოსვლას ასახელებს ანი ნიჟარაძეც. მისი თქმით, სწორედ აქ იყო გაცხადებული ის ძირითადი საჭიროებები, რომელთა წინაშეც დღევანდელი შემოქმედებითი ინდუსტრია და ბიზნესი დგას. „Business minded creative – ეს ფრაზა გულისხმობს შემოქმედებით მიდგომას ბიზნესში, ხოლო შემოქმედებაში ბიზნეს საჭიროებებზე მორგებას“, – ამბობს ის.

კიდევ იმას ამბობს, რომ
„2008 წლის კრიზისმა ინდუსტრიებს დიდი ზარალი მოუტანა და ამავდროულად გააჩინა ახალი საჭიროებები. ამ წლის შემდგომ იმარჯვებდა არა უბრალოდ ლამაზი და შთამბეჭდავი იდეები, რომლებიც ლამაზი ვიზუალებით და იუმორისტული იდეებით გამოირჩეოდა, არამედ მუშა კამპანიები, რომლებიც საუკეთესოდ ერგებოდა ბიზნეს საჭიროებებს და მართლაც, იყო შედეგის მომტანი, როგორც მაგალითად Obama campaign, the best job in the world.
ყველა ტრაგედია აერთიანებს ხალხს,თუმცა კოვიდის შემთხვევაში პირიქით იყო – პანდემიამ ხალხის დაშორება გამოიწვია. ასეთ მოცემულობაში კი ყველას სხვანაირი ქცევა გამოუმუშავდა. გაჩნდა იმაზე დიდი პრობლემები, ვიდრე 2008-ში გვქონდა.
მერლისგან კი სამი რჩევა მივიღეთ, თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ ასეთი მოცემულობით:
1) Mind your business
უნდა გამოვიდეთ ბიზნესის საჭიროებებიდან გამომდინარე მხოლოდ და გულწრფელად გვესმოდეს ბრენდების. მაგალითად – „ლორეალი“. ამ ბრენდმა, რომელიც ქალის უნიკალურობაზე საუბრობს, საუკეთესო გამოსავალი იპოვა, თუ როგორ ესაუბრა მომხმარებელთან პანდემიის პირობებში.
2) When everyone zig you zag!
განსაკუთრებით ახლა, როდესაც ყველას შეუძლია კარგი კონტენტის გაკეთება (იქნება ის ამ საქმის პროფესიონალი თუ უბრალოდ ტიკ-ტოკერი), საჭიროა რომ რაღაც გამორჩეულად კარგი გააკეთო, რომ ხალხს დაამახსოვრდე. ამისთვის კი საჭიროა ძლიერი ინსაითი, რაც, უბრალოდ, კარგ კონტენტს ღირებულს გახდის.
მაგალითად ბურგერ კინგის კამპანია, როდესაც დაობებული ბურგერების პრინტი შეიმუშავეს და კიდევ ბევრი სხვა.
3) Get out of your comfort zone and embrace you courage zone!
იმაზე ღრმად უნდა ჩაყვინთო, ვიდრე შეგიძლია. მხოლოდ ასე შეძლებ რაღაც ახლის და ღირებულის სწავლას. განსაკუთრებით პოსტ კრიზისულ ეპოქაში, როდესაც შეზღუდული რესურსები და ბევრი კონკურენტი გყავს, კომფორტის ზონიდან გამოსვლა გიწევს.
ბოლოს კი – Bring creativity at the core of businesses“, – ანი ნიჟარაძე.
მერლი ჯეიმის გამოსვლაში ოდნავ განსხვავებული აქცენტები დაინახა მარიამ ალავიძემ და მის მიერ თქმული ფრაზებიდან მნიშვნელოვნად შემდეგი მიიჩნია – „ბიზნესის მომავალს კრეატიული ხელმძვანელობა გადაარჩენს.“ მერლის გამოსვლის მისეულ ინტერპრეტაციას კი ქვემოთ გთავაზობთ:
„ამბობენ, კრეატიულ ადამიანებს Peter Pan-ის სინდრომი აქვთ და გაზრდის ეშინიათო. თითქოს ასაკთან ერთად ჩვენი შეხედულებები კარგავს განსხვავებულობას და მეტად ერთფეროვანი და მოსაწყენი ხდება. სინამდვილეში, ეს პროცესი შეგვიძლია სხვაგვარდად გარდავქმნათ და წარსულ გამოცდილებას მივცეთ საშუალება დაგვეხმაროს მომავლის შექმნაში. მერლი ჯეიმი ზუსტად ასე მოიქცა. დღეს არის იქ, სადამდეც ის გადაწყვეტილებებმა მიიყვანა, აფასებს საკუთარ გამოცდილებას და გვიზიარებს მას.

დღეს არა მხოლოდ მმართველობა უნდა იყოს კრეატიული, რომელიმე კონკრეტული დეპარტამენტი ან თანამშრომელი, არამედ თითოეული ჩვენგანი, ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელი. ჩვენ, გადაწყვეტილების მიღების დროს უნდა შევეცადოთ და დავინახოთ სიტუაცია განსხვავებულად, მეორე მხრივ კი, მნიშვნელოვანია მომხმარებელთან და დამკვეთთან ნამდვილი ურთიერთობა ჩამოვაყალიბოთ.
რას ელოდებიან ისინი ჩვენგან? ერთგულებას, ნდობას. სურთ რომ მათი ბრენდის ყველა პრობლემა საკუთარივით განვიცადოთ და ახლებური ხედვა ვუჩვენოთ მათ გადაჭრაში.
“Young Creatives” – ასე მოგვმართავს ახალ თაობას მერლი ჯეიმი და გვირჩევს 3 რამეს, რასაც მხოლოდ ზრდასრულობისას თუ გავიაზრებდით:
- გიყვარდეს კლიენტი. როდესაც კლიენტის მიმართ სიმპათიით ხარ განწყობილი, მეტად მოგწონს შენი საქმე. ამ დროს და მეტად ცდილობ საუკეთესო შედეგის მიღებას. როცა გიყვარს ბრენდი რომელზეც მუშაობ, ერთობი ამით – ეს ყველაზე ძლიერი მარკეტინგული კომუნიკაციაა (მისი აზრით);
- მიაქციე ყურადღება ციფრებს. შეიძლება, ერთი შეხედვით მოსაწყენად მოგვეჩვენოს თუმცა ციფრებზე დაკვირვებით უკეთ შეძლებ მდგომარეობის შეფასებას, მაგალითად, გაიგებ რა არის შესაცვლელი;
და ბოლოს:
- შექმენი იდეა რომელიც მოგიტანს შედეგს. იდეის წარმატებული შედეგისთვისაც ისე უნდა დაიხარჯო როგორც იდეის მოფიქრებისას იხარჯებოდი.
2008 წელს გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა საგრძნობი ცვლილებები გამოიწვია ბიზნეს და სარეკლამო სექტორშიც. რეკლამაზე დანახარჯი 13%-ით შემცირდა. ამ პერიოდში განვითარებულმა ცვლილებებმა გამოიწყვია ის, რომ კლიენტისთვის ეფექტურობა გახდა ყველაზე მნიშვნელოვანი. მაგალითისთვის, მერლიმ 2008 წლის კანის დაჯილდოების გამარჯვებულები გაიხსენა: Obama campaign, Best job in the world.
რა ხდება დღეს?
სტიქიური უბედურებები, ტერაქტები, ომი – ყველა ეს ტრაგედია მაინც ახერხებს და აერთიანებს ხალხს, COVID-19-ის შემთხვევაში კი პირიქით ხდება – ვირუსი გვიწესებს საზღვრებს ერთმანეთთან. შესაბამისად, პანდემიის ფონზე იცვლება კლიენტის და სააგენტოების კომუნიკაციის ენა. ზოგ კლიენტს ეშინია რომ განკითხავენ შეუსაბამო კამპანიისა თუ აქტივობის გამო, ზოგს საერთოდ მოქმედება აშინებს. უმეტესობას კი იმედი აქვს, რომ რამდენიმე თვეში ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდება. გვიწევს ახალ ნორმებთან და რეალობასთან შეგუება. გვჭირდება, ვუბიძგოთ საკუთარ თავს განსხვავებულად მოქმედებისკენ. მერლი ჯეიმის ესმის, თუ როგორ არ უყვარს არავის ახალ წესრიგთან შეგუება, თუმცა გვთავაზობს რამდენიმე უმთავრეს პრინციპს იმისთვის რომ კვლავ წარმატებით შევძლოთ ბრენდებთან კომუნიკაცია. 1. რელევანტურობა + ავთენტურობა + ნდობა; 2. “When everyone Zigs, you Zag” – სარისკოდ შეიძლება ჩაითვალოს ეს მიდგომა თუმცა ხშირად ამართლებს კიდეც და 3. გამოდი კომფორტის ზონიდან და გადადი შენი სიმამაცის ზონაში.
სად ვიქნებით ხვალ? როგორი იქნება პოსტპანდემიური თავისუფლება? მერლი ჯეიმი ღიად გვიტოვებს ამ კითხვებს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ კრეატიულობა არის ის, რაც ბიზნესის მომავალს აუცილებლად გადაარჩენს“, – მარიამ ალავიძე.













