რიჩარდ ფრიდმანი ცნობილი კლინიკური ფსიქიატრი და ვეილ კორნელის სამედიცინო კოლეჯის ფსიქოფარმაკოლოგიის კლინიკის დირექტორია. ის Washington Post-თან ინტერვიუში თავისი პაციენტის შესახებ საუბრობს, რათა მკითხველებს დეპრესიისა და „უბრალო მოწყენილობის“ ერთმანეთისგან გამიჯვნაში დაეხმაროს.
„ჩემმა პაციენტმა, წარმატებულმა ბიზნესმენმა, 40-იან წლებში თავისთვის დამახასიათებელი თავდაჯერებულობის გრძნობა დაკარგა. მას უჭირდა დაძინება და დილაობით, დაახლოებით 4 საათზე, შფოთვით იღვიძებდა, დაძინებას კი ვეღარ ახერხებდა. ლიბიდოს დაქვეითებასთან ერთად, მადაც გაუქრა და 10 კილო დაიკლო“. რამდენიმე თვის განმავლობაში ის ფიქრობდა, რომ ყველა ეს სიმპტომი სხვა არაფერი იყო, თუ არა მოსალოდნელი რეაქცია ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელსაც უნდა გამკლავებოდა. თუმცა საბოლოოდ მაინც ესტუმრა ფსიქიატრს.
როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული პაციენტი კლინიკურ დეპრესიას განიცდიდა, უბრალოდ რწმენა, რომ ეს დისტრესი მხოლოდ „ნორმალური“ შფოთვა იყო, ძალიან ხშირია. იმის თქმა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სტრესულ დროში, არ არის საკმარისი — კორონავირუსი, კლიმატის ცვლილებები, დაძაბულობისა და პოლიტიკური განხეთქილების შედეგად წარმოქმნილი პრობლემები… აშკარაა, რომ სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ, კოლექტიურ მენტალურ ჯანმრთელობას აზიანებს. ამას არაერთი გამოკითხვა ამტკიცებს, რომელთა თანახმადაც, სტრესის ქვეშ ვიმყოფებით და დეპრესიისა თუ შფოთვის დონემ ზედმეტად მოიმატა.
ჯანდაცვის სტატისტიკის ეროვნული ცენტრის საოჯახო პულსის კვლევის თანახმად, 2019-დან 2022 წლამდე ზრდასრულთა შფოთვის სიმპტომების მაჩვენებლები 8 პროცენტიდან 29 პროცენტამდე გაიზარდა, ხოლო დეპრესიის სიმპტომების სიხშირის 7% 23%-მა შეცვალა. ყველაზე დრამატული ზრდა დაფიქსირდა მამაკაცებში, ახალგაზრდებში, აზიელ ამერიკელებში და მშობლებში, რომლებსაც სახლში ბავშვები ჰყავთ.
2019 წელს, CDC-მ შეაფასა, რომ ამერიკელთა 15.8% იღებდა მედიკამენტებს ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ.
ეს არის მოკლე კვლევები და ნაადრევია იმის ცოდნა, გადაიზრდება თუ არა დეპრესიისა და შფოთვის სიმპტომების ესკალაცია ძირითადი კლინიკური დეპრესიისა და შფოთვითი აშლილობის ტალღაში. თუმცა არასდროს არის ნაადრევი იმის გარკვევა, უბრალოდ სტრესს განიცდიან თუ კლინიკური დეპრესია აღენიშნებათ.
სევდა კარგია, მაგრამ დეპრესია არა
ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი განსხვავებაა. შფოთვისა და სევდის გრძნობა ნორმალური და მოსალოდნელი რეაქციაა იმაზე, რაც განვიცადეთ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში — მათ შორის სოციალური იზოლაციისა და პანდემიით გამოწვეულ დანაკლისებზე. ამის გათვალისწინებით, კარგი იქნება, თუ უხერხულობას, შფოთვას ან სევდას არ ვიგრძნობთ ჩვენი შეგრძნებებისა და ემოციების გამო.
უბრალოდ, ყოველდღიური სევდისგან განსხვავებით, კლინიკური დეპრესია არასოდეს არის ნორმალური პასუხი სტრესზე ან ტრავმაზე; ეს არის სერიოზული დაავადება, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ცხოვრების ძირითად სფეროებში ფუნქციონირების უნარის მნიშვნელოვან გაუარესებასთან — ურთიერთობებში, სახლში და სამსახურში.
ძირითადი დეპრესია ხშირია, ამერიკელთა 17 პროცენტს აწუხებს და თვითმკვლელობის წამყვანი რისკფაქტორიც კი ხდება. ამასთან, დეპრესია მერყეობს ძალიან მსუბუქიდან ძალიან მძიმემდე — ამრიგად, თანმდევი გართულებებიც სიმძიმის მიხედვით იზრდება და იცვლება.
მაშ, როგორ უნდა გაიგოთ, დეპრესიული ხართ თუ უბრალოდ მოწყენილი?
დასაწყისისთვის, დეპრესია არის სინდრომი, რომელიც მოიცავს ბევრად მეტს, ვიდრე სევდას. სევდიანი ან სასოწარკვეთილი განწყობის გარდა, დეპრესია ჩვეულებრივ იწვევს უძილობას, ლიბიდოსა და მადის დაქვეითებას, სოციალურ იზოლაციას, ენერგიის დაკარგვას, უიმედობის გრძნობას და სუიციდური აზრების, გრძნობებისა და მოქმედებების წარმოქმნას.
მოწყენილი ადამიანები უკმაყოფილონი არიან კონკრეტული მოვლენით, ხოლო დეპრესიული ადამიანები ცუდად გრძნობენ თავს და ყველას/ყველაფრის მიმართ კარგავენ ნდობას.
თუ არ ხართ დარწმუნებული, დაუსვით საკუთარ თავს მხოლოდ ორი შეკითხვა: რამდენად ხშირად დაკარგეთ ინტერესი და სიამოვნება იმის მიმართ, რასაც აკეთებთ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში? რამდენად ხშირად გიგრძნიათ თავი დაღლილად ან უიმედოდ?
დეპრესია სამედიცინო მდგომარეობაა
შესაძლოა, გიჭირდეთ იმ კითხვაზე პასუხის გაცემა, არის თუ არა დეპრესია ისეთი სამედიცინო მდგომარეობა, როგორიცაა ჰიპერტენზია ან დიაბეტი. რეალურად, პასუხი აშკარაა… უამრავი სამეცნიერო მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ კლინიკური დეპრესია დაკავშირებულია თავის ტვინის წრეებში მკაფიო ცვლილებებთან, რომლებიც განწყობას, ძილს, ენერგიას და მადას არეგულირებს.
ტვინის ვიზუალიზაციის კვლევებმა გამოავლინა რამდენიმე სფერო, რომლებშიც აქტივობა ან სტრუქტურა იცვლება დეპრესიის მქონე ადამიანებში. მაგალითად, უფრო მძიმე დეპრესიის მქონე ადამიანებს აღენიშნებათ ჰიპოკამპუსის ზომის შემცირება — ეს არის ტვინის არეალი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია სწავლისა და მეხსიერებისთვის. რაც უფრო ხანგრძლივი და მძიმეა დეპრესია, მით უფრო იკუმშება ჰიპოკამპი.
ამასთან, დეპრესია არ არის ერთი ნეიროტრანსმიტერის ან ტვინის წრედის დაავადება, არამედ სისტემური აშლილობა, რომელიც მრავალმხრივ მოქმედებს ნეიროტრანსმიტერებზე. სამწუხაროდ, ჯერჯერობით უცნობია, რა იწვევს დეპრესიაში ბიოლოგიურ ანომალიებს, მაგრამ ფიქრობენ, რომ ეს არის გენებისა და გარემოს სტრესის რთული ურთიერთქმედების შედეგი.
რაც შეეხება დეპრესიის მკურნალობას, ამ კუთხით რამდენიმე მეთოდი არსებობს. ფსიქოთერაპიაც და ანტიდეპრესანტებიც ძალიან ეფექტურია. მოკლევადიანი ფსიქოთერაპია, როგორიცაა კოგნიტიური ქცევითი თერაპია (CBT) და ინტერპერსონალური თერაპია (IPT) დეპრესიის ემპირიულად დადასტურებული მკურნალობებია. CBT ეხმარება ადამიანებს დეპრესიით გამოწვეული მცდარი და დამახინჯებული აზრების იდენტიფიცირებაში და გამოსწორებაში, რითაც ამცირებს სტრესის დონეს. ხოლო IPT ფოკუსირებულია დეპრესიით გაწყვეტილი ინტერპერსონალური ურთიერთობების აღდგენაზე.