თუ ურთიერთობაში ხართ ადამიანთან, რომელსაც დეპრესია აქვს, თქვენც მრავალი ემოცია მოგეძალებათ და მრავალი კითხვაც გექნებათ… დაგაინტერესებთ, როგორ გრძნობს ის რეალურად თავს, რა შეგიძლიათ გააკეთოთ მის მხარდასაჭერად ან როგორ იმოქმედებს არსებული სიმპტომები თქვენს ურთიერთობაზე. ეს კითხვები ნორმალურია, ჩვენ კი პასუხების გაცემაში დაგეხმარებით და გასწავლით, როგორ დაუჭიროთ მხარი პარტნიორს, რომელიც დეპრესიაშია:
გაიაზრეთ, რას ნიშნავს დეპრესია
ბევრი მითი არსებობს დეპრესიის შესახებ, ამბობენ, რომ სიზარმაცისა და სისუსტის შედეგია, რომ პრობლემა ადამიანის თავშია… როცა სინამდვილეში დეპრესიას მიზეზი სულაც არ სჭირდება. თუ ნაკლები იცით ამის შესახებ, ეცადეთ, მეტი ინფორმაცია მიიღოთ, რათა უკეთ შეძლოთ თქვენი პარტნიორის გრძნობებისა და გამოცდილების შეფასება. გაიაზროთ, რომ, სხვა დაავადებების მსგავსად, დეპრესიისგან განკურნებაც შესაძლებელია.
იზრუნეთ საკუთარ თავზე
სხვა ადამიანის დეპრესიასთან გამკლავება თქვენთვისაც ძალიან სტრესული შეიძლება იყოს, ამიტომ, კარგი იქნება, თუ ცოტა დროს საკუთარ თავსაც დაუთმობთ. ეს ეგოისტობა სულაც არ არის. ამიტომ, იკვებეთ ჯანსაღად, ივარჯიშეთ, კარგად გამოიძინეთ, დაკავდით ჰობით, ილოცეთ ან მიმართეთ მედიტაციას, გაატარეთ დრო ბუნებაში და დაამყარეთ სოციალური კავშირები. საკუთარ თავზე ზრუნვით იმასაც მიხვდებით, ღირს თუ არა ამ ურთიერთობაში დარჩენა თქვენი და თქვენი შვილების კეთილდღეობისთვის…
მიმართეთ თერაპიას
როცა საყვარელი ადამიანი დეპრესიაშია, ნორმალურია, რომ თავს იმედგაცრუებულად, გაბრაზებულად და გაღიზიანებულად გრძნობდეთ. თუმცა, მნიშვნელოვანია, ამ გრძნობებს განვითარების საშუალება არ მისცეთ. ამიტომ, კარგი იქნება, თუ თავადაც მიმართავთ თერაპევტს.
მხარი დაუჭირეთ პარტნიორს
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ამ პროცესში შეგიძლიათ, გააკეთოთ, დეპრესიაში მყოფი ადამიანის გვერდით დგომაა და თქვენი მხარდაჭერის ვერბალურად გადმოცემა. ახლოს იყავით მათთან და მოუსმინეთ, როცა თავიანთი გრძნობების გაზიარება მოუნდებათ. თუ შეძლებთ, დაეხმარეთ საქმეების მოგვარებაში და აგრძნობინეთ, რომ მის გვერდით ხართ.
ნუ მიიღებთ პირადად პარტნიორის დეპრესიას
ხშირად დეპრესია ადამიანებს მათთვის უჩვეულო გზებით მოქმედებისკენ უბიძგებს. შემაწუხებლები და აგრესიულები ხდებიან, აღარც აინტერესებთ ის აქტივობები, რომლებიც ადრე სიამოვნებას ანიჭებდათ. შესაძლოა, სექსუალური ცხოვრების მიმართაც დაკარგონ ინტერესი… თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს ყველაფერი პერსონალური არ არის და არც იმას ნიშნავს, რომ პარტნიორს აღარ ადარდებთ. უბრალოდ დაავადების სიმპტომებია, რომლებსაც მკურნალობა სჭირდება.
დაეხმარეთ რუტინულ საქმეებში
დეპრესიის მქონე ადამიანები არ არიან საკმარისად კარგად იმისათვის, რომ გადასახადების გადახდაზე თავად იზრუნონ ან სახლი დაალაგონ. ამიტომ, კარგი იქნება, თუ მათ მსგავსი რუტინული საქმეების მოგვარებაში დაეხმარებით.
მოუწოდეთ პარტნიორს მკურნალობისკენ
დეპრესიისგან გათავისუფლება მკურნალობითაა შესაძლებელი, ამიტომ პარტნიორს დაეხმარეთ წამლების რეგულარულად მიღებაში და არც ექიმთან ვიზიტები გამოგრჩეთ. შეგიძლიათ, იმის გაცნობიერებაშიც მიეშველოთ, რომ დახმარების თხოვნა არც სისუსტეა და არც ის, რისიც უნდა რცხვენოდეთ.
მიეცით იმედი
შეახსენეთ მიზეზები, რომელთა გამოც ცხოვრება უნდა გააგრძელონ, იქნება ეს შვილები, საყვარელი შინაური ცხოველი, რომელსაც მისი მზრუნველობა სჭირდება თუ სხვა რამ. ეს მიზეზები თითოეული ადამიანისთვის ინდივიდუალური შეიძლება იყოს და მათ მიზნის შეგრძნებას გაუჩენს.
აჩვენეთ, რომ გიყვართ
დეპრესიამ ადამიანს თავი ტვირთად შეიძლება აგრძნობინოს სხვებისთვის… ხშირად ფიქრობენ, რომ სიყვარულისა და მხარდაჭერის ღირსები არ არიან. ამ აზრებს კი პროაქტიულად უნდა დაუპირისპირდეთ — ხშირად უთხარით და აჩვენეთ პარტნიორს, როგორ გიყვართ. დაეხმარეთ, გააცნობიერონ, რომ იაზრებთ მათ მდგომარეობას, რომ დეპრესია მათ ფიქრებზე, გრძნობებზე და ქმედებებზე ზემოქმედებს, მაგრამ თქვენ მაინც გიყვართ ის.