1
Nov
2019

სიმარტივე და დიზაინი – აკაკი რაზმაძე

1 Nov 2019

წინა სტატიაში, რომელიც წიგნებში კითხვადობის დეტალებს ეხებოდა, ბევრი მაგალითი გავარჩიეთ, რაც დიზაინის გამარტივებას და სიმარტივისკენ სწრაფვას ეხებოდა. 

ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილებაა სიმარტივისკენ მუდმივი სწრაფვა, ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ემსახურება ყველაფერი, რაც ჩვენ გარშემოა, სხვადასხვა ბრენდები ცდილობენ გააუმჯობესონ მომსახურება, გახადონ მარტივი, იგივე ეხება იმ გამომსახველობით ფორმებსაც, რომელიც კომუნიკაციის დროს გამოიყენება. 

იმ დროს, როდესაც ადამიანები ჯერ კიდევ გამოქვაბულებში ცხოვრობდნენ, ერთმანეთთან კომუნიკაციის საშუალება კედლებზე გამოსახულების გადმოტანა იყო, ისინი ხატავდნენ იმას, რასაც ხედავდნენ. მოგვიანებით დაიწყეს გამოსახულების სტილიზაცია და მოვედით იქამდე, რომ დღეს ამ სტატიას ვკითხულობთ და შეგვიძლია ამოვიკითხოთ ის აზრები, რაც ასო-ნიშნების საშუალებით არის გადმოცემული.

ბუნებრივია, ანბანური სისტემების ჩამოყალიბებით არ დამთავრებულა ადამიანების მოთხოვნილება, ყველაფერი ყოფილიყო უფრო მარტივი, ვიდრე ადრე. ჩვენ მუდმივად გვინდა ჩვენ გარშემო ყველგან სიმარტივე ვეძებოთ, რაც ბევრი ადამიანისთვის ინსპირაციის წყაროც გამხდარა. მე-20 საუკუნის დასაწყისში, როცა ევროპაში და მათ შორის საქართველოშიც გავრცელებული არქიტექტურული სტილი მაქსიმალური ორნამენტულობით გამოირჩეოდა, დაიწყო ახალი მოძრაობა, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელი ადოლფ ლოოსი ორნამენტს დანაშაულადაც კი განიხილავდა. მისი დიზაინით შექმნილი არქიტექტურა განსაკუთრებით სადად და მარტივად გამოიყურება იმ დროს არსებული ორნამენტირებული შენობების გვერდით.

დიზაინი რომ ფუნქციას უნდა ამართლებდეს და მხოლოდ აქედან გამომდინარე იღებდეს ფორმას, ეს მთელი მე-20 საუკუნის და დღევანდელობის მამოძრავებელ მოსაზრებად იქცა. 

 

The Looshaus (1911) was built by Adolf Loos

შეიძლება ხშირად გავიგონოთ მოსაზრებები, რომ თანამედროვე რეალობაში ყველა ბრენდი ერთმანეთს ემსგავსება, ყველა ცდილობს საკომუნიკაციო და ვიზუალური საშუალებების გამარტივებას, რაც ამ ბრენდებს ინდივუდუალურობას უკარგავს. სინამდვილეში ეს ბრენდები, როგორიცაა მაგალითად გუგლი, ფოლკსვაგენი ან თუნდაც იაჰუ, რომელმაც ლოგო სულ რამდენიმე დღის წინ შეცვალა, ცდილობენ მოერგონ დღევანდელ რეალობას, იმ რეალობას, სადაც თავად მომხმარებლების მოთხოვნაა სიმარტივე. იმ ადამიანებსაც, ვინც  ერთი შეხედვით არ ამართლებენ სიმარტივისკენ სვლას, ხშირად თავად აქვთ მოთხოვნილება გაამარტივონ ყველაფერი რაც მათ გარშემოა.

დღევანდელ რეალობაში, როცა დრო ძლისთვისაც კი გვენანება სირთულეების ადგილი ნამდვილად არ არის, აქედან გამომდინარე ვიზუალური კომუნიკაციის დროს მესიჯებსაც კი ვამარტივებთ, შეიძლება ზოგ ჩვენგანს ახსოვს კიდეც, იყო დრო როცა ღიმილის გამოსახულებას ასე ვწერდით : – ) ამ ვიზუალს მოგვიანებით ცხვირი გამოაკლდა, ღიმილის დროს ცხვირი ხომ მაინც უფუნქციოთ არისო, შემდეგ დარჩა ეს : ) დღეს კი უკვე აქტიურად დავიწყეთ მხოლოდ ) ამ სიმბოლოს გამოყენება, რაც ბუნებრივია თავის სათქმელს ამბობს, ამარტივებს გამოსახულებას, გვიზოგავს დროს და თავის ფუნქციას მაინც ასრულებს.

„მაგრამ სადამდე“? ეს ალბათ ის საინტერესო კითხვაა, რაც ზოგჯერ აშინებთ ხოლმე ადამიანებს. „ისე რომ გამარტივდეს ყველაფერი, რომ ვეღარაფერი გავიგოთ“? არა, ეგ არ მოხდება, თუ იმ საფუძვლიდან ამოვალთ, რომ გამარტივება, როგორც დიზაინში ისე სხვა მიმართულებით, პირველ რიგში, ფუნქციას უნდა ემსახურებოდეს. ამ კუთხით საინტერესო მაგალითია ადიდასის შრიფტი, რომელიც 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოჩდა. როგორც ჩანს, დიზაინერებმა გადაწყვიტეს ისეთი ფორმები შეექმნათ, რაც ახლოს იქნებოდა იმ ადიდასის სადა და მარტივ ფორმებთან, შესაბამისად, უარი თქვეს ყოველგვარი დიაგონალური ან წრიული შტრიხების გამოყენებაზე. საბოლოოდ ეს ყველაფერი ისე გაკეთეს, რომ ამ წარწერებმა მათი მთავარი დანიშნულება — კითხვადობა დაკარგა. სოციალურ ქსელებში მალევე გაჩნდა არაერთი პოსტი, რომელიც დაცინვით აკრიტიკებდა ადიდასის ამ „ინოვაციას“

ამ დღის შემდეგ, სპორტის ამ სახეობაში ნაკლებად გარკვეულმა დიზაინერებმაც კი იციან ამ ერთი ფეხბურთელის გვარი. 

სხვათა შორის, აღნიშნული დიზაინის მაისურები ქართველმა ფეხბურთელებმაც მოირგეს და იმის წარმოდგენაც რთულია, როგორ შეიძლება ქართულის არმცოდნე ადამიანებმა, ისედაც რთულად წარმოსათქმელი ჩვენი ფეხბურთელების გვარები ამ მაისურებიდან ამოიკითხონ.

ფეხბურთის გულშემატკივარი კაჭარავას მაისურით. ბათუმი, 2018 წელი.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ რომ, მიუხედავად იმისა, რომ დიზაინს ხელოვნების სფეროდ განიხილავენ, აქ ჩარჩოებიდან გასვლა ხშირად არც ისე კარგად მთავრდება ხოლმე. ჩარჩოები კი ისაა, რასაც ადამიანის თვალი ადგენს. ეს თვალი მოითხოვს სიმარტივეს, წესრიგს და დიზაინს, რომელიც მხოლოდ ფუნქციაზეა ორიენტირებული.

 

აკაკი რაზმაძე  – Marketer.ge – ის კონტრიბუტორი

განხილვა