in

სტეფან ზაგმეისტერი სცენაზე! – ნახეთ, როგორი იყო თბილისის დიზაინის პირველი ფესტივალი!

თბილისის დიზაინის ფესტივალი შედგა. ეს იყო პირველი ღონისძიება, რომელმაც ქართულ შემოქმედებით ინდუსტრიას დიზაინის მსოფლიო ვარსკვლავთან, სტეფან ზაგმეისტერთან შეხვედრა აჩუქა. ასევე, ეს გახლდათ პირველი ღონისძიება, რომელიც Ad Black Sea-ის გუნდმა შავი ზღვის სარეკლამო ფესტივალის პარალელურად შექმნა. უკვე 9 წელია, Ad Black Sea ქართული შემოქმედებითი ფესტივალის ისტორიას ქმნის და ყოველწლიურად რამდენიმე ასეულ დელეგატს მასპინძლობს – 2023 წელს, მონაწილეთა რიცხვმა 1300-ს გადააჭარბა. ამ შედეგებმა Ad Black Sea-ის გუნდს პლატფორმად გარდაქმნისკენ უბიძგა. გადაწყვიტეს კიდევ უფრო მჭიდრო კავშირი ჩამოეყალიბებინათ ინდუსტრიასთან. სწორედ აქედან გაჩნდა იდეა პირველ ადგილობრივ ფესტივალზე, რომელიც სრულიად დიზაინს მიეძღვნებოდა.

საფესტივალო სივრცე, თბილისში, TES-ის ტერიტორიაზე მოეწყო. 1-ლ მაისს, სტუმრებმა დილიდან დაიწყეს შეკრება. დიზაინის ფესტივალს Ad Black Sea-ის ხელწერა ეტყობოდა. ეზოში ფესტივალის მხარდამჭერთა გასართობი და დასასვენებელი სტენდები იყო მოწყობილი, ცალკე გახლდათ გამოყოფილი სივრცე ვორქშოპებისთვის, რომელიც მთელი დღის მანძილზე მიმდინარეობდა.

დარბაზში კი მთავარი სცენა იყო მოწყობილი, სადაც სპიკერები დიზაინის მიმართულებით განიხილავდნენ თემებს – ილუსტრაციის, ციფრული დიზაინის, ექსპერიმენტების, ძიებისა თუ თავად დიზაინის მნიშვნელობის შესახებ.

მაინც, რატომ იყო ასე მნიშვნელოვანი, რომ ღონისძიება დიზაინს დათმობოდა?

დიზაინი ყველაფერშია, რასაც ირგვლივ ვხედავთ. დიზაინი, როგორც სარეკლამო ინდუსტრიის, ასევე ზოგადი სამომხმარებლო გამოცდილების თუ ყოველდღიური ცხოვრების, იმდენად მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ მისი სიღრმისეული დაფარვა კრეატივის ფესტივალზე ფიზიკურად ვერ ხერხდება ხოლმე.

სწორედ ეს იქცა მოტივაციად, ამ უდიდესი დარგისთვის შექმნილიყო ცალკე ღონისძიება, სადაც თანამედროვე დიზაინზე, შექმნის პროცესზე, გამოწვევებსა და ტრენდებზე ისაუბრებდნენ. ღონისძიებაზე ვუსმენდით პროდუქტის დიზაინერებს, გრაფიკოს დიზაინერებს, ილუსტრატორებს. გავიზიარეთ მათი გამოცდილება და შთაგონება.

დიზაინის ფესტივალის მთავარ ჰედლაინერსაც მოვუსმინეთ – სტეფან ზაგმეისტერს, ინდუსტრიის ცოცხალ ლეგენდას, რომელმაც დიზაინის ინსაითებში განსხვავებულად ჩაგვახედა. ფესტივალის სტუმრებისთვის ზაგმაისტერის წიგნის Now Is Better შეძენა და ავტოგრაფის მიღებაც იყო შესაძლებელი.

წიგნი ზაგმაისტერმა საკუთარ გამოსვლაშიც ახსენა და მისი მთავარი ინსაითებიც ამოიტანა ზედაპირზე. ეს გახლდათ დიზაინსა და ხელოვნებაში ასახული სტატისტიკა, შინაარსით დატვირთული ესთეტიკა, რომლის ყველა დეტალი თუ ფაქტურა ნაფიქრი და გადმოსცემდა ერთ მთავარ სათქმელს – (სტატისტიკის მიხედვით) რატომ ვცხოვრობთ ბევრად უკეთ, ვიდრე ჩვენი წინაპრები.

მასთან საუბრისას ვთხოვეთ გაეზიარებინა შთაბეჭდილებები საქართველოზე და აქ დანახული დიზაინის ხასიათიც შეეფასებინა:

„მთლიანობაში, საქართველოზე ფანტასტიკური შთაბეჭდილება დამრჩა. უნდა ვაღიარო, აქაური დიზაინის შესახებ საკმაოდ ცოტა რამ ვიცოდი, თუმცა ყველაფერი, რაც ჩამოფრენის მომენტიდან ვნახე, სასტუმროში, აქ… არის საოცრად დახვეწილი და მსოფლიო დონის. თუნდაც, ეს სივრცე, სადაც ვიმყოფებით, ფანტასტიკური იქნებოდა ბრუკლინშიც, ტოკიოშიც და ლონდონშიც. ნებისმიერი დიზაინერული სცენისთვის საამაყო იქნებოდა ასეთ სივრცეში დიზაინის ფესტივალის ჩატარება. დიახ, ნამდვილად შთაბეჭდილების ქვეშ ვარ.

ბევრ ნამუშევარს, რასაც რაიმე მაინც აქვს საერთო ინდუსტრიულთან და თანამედროვედ ტრანსფორმირდა, აქვს ბევრი სხვა ქვეყნის გავლენა. თუმცა, ეს ყველაფერი მეტწილად არის ძალიან ქართული. ამით მოხიბლული ვარ, რადგან ძალიან ბევრი რამ… იმის მიუხედავად, რომ გლობალიზმის უპირატესობებს ვცნობ, ბევრი ქვეყნის მაგალითზე, მისი ერთ-ერთი გვერდით მოვლენაა ის, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ადგილი ერთმანეთს დაემსგავსა. მე კი არავის და არასოდეს შევხვედრივარ, ვისაც ეს დააინტერესებდა. მოგზაურობის სურვილსაც ხომ ეს განსხვავებულობა გვიჩენს. შევამჩნიე, რომ ეს განსხვავებულობა აქ ცალსახად, ჯერ კიდევ, ცოცხალია.“

შეხვედრა სტეფან ზაგმეისტერმა საქართველოსა და ქართველების მხარდაჭერით დაასრულა, Holy Motors-ის ამ პოსტერით.

ღონისძიების შესაფასებლად დიზაინის ფესტივალის დირექტორს, თამარ ცინცაძეს მივმართეთ:

„Ad Black Sea-ის პირველი დიზაინის ფესტივალი, ბევრი ნერვიულობის მიუხედავად, შედგა. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, საღამოს დაგეგმილი წვეულება გავაუქმეთ, თუმცა ვფიქრობთ, ამან კიდევ უფრო გააძლიერა ის მიზნები და ფასეულობები, რასაც ფესტივალი ატარებს.

გვიხარია, რომ შევძელით ჩამოსული სტუმრებისთვის შევძელით ცოცხალ რეჟიმში გვეჩვენებინა ჩვენი საზოგადოება, რომელიც მისი ღირებულებებისთვის იბრძვის. ბუნებრივია, სირთულე ბევრია, როდესაც ღონისძიება ასეთ მნიშვნელოვანი მოვლენების ფონზე ტარდება. ძალიან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენით ფესტივალის სპიკერებისა და სტუმრებისგან, რომლებიც აღფრთოვანებულები დარჩნენ ჩვენი ქალაქით, საზოგადოებითა და დიზაინის კომუნით. ფესტივალამდე რამდენიმე დღე გაატარეს თბილისში და მათი შეფასებით, ყველგან იგრძნობა ის ინდივიდუალიზმი, რომელიც საქართველოს აქვს.

ვფიქრობ, პირველი დიზაინის ფესტივალი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. ღონისძიება კვლავაც ჩატარდება. მომავალი წლის დაგეგმვა უკვე დაწყებული გვაქვს და უფრო მასშტაბური ფესტივალის ჩატარებას ვგეგმავთ.

რაც შეეხება მსგავსი ფესტივალების მნიშვნელობას, Ad Black Sea-ის გუნდისთვის ეს არის ერთგვარი მისია. ძალიან ბევრი მონაწილისგან ვისმენთ, რამდენად მნიშვნელოვანია ამ ფესტივალის არსებობა ქართული კრეატიული ინდუსტრიის განვითარებისთვის. აღნიშვნად ღირს თუნდაც, Ad Black Sea-ის ის სამი დღე, რომლითაც ვცდილობთ მთელი წლის სამყოფი ენერგია გადავცეთ ადამიანებს.

ახლა კი ასეთი უკვე მეორე ღონისძიებაც გვაქვს, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს კრეატორებს, ამჯერად, დიზაინის მიმართულებით. ვეცდებით, დიზაინერებისთვის შევქმნათ ისეთი კონტენტი, რაც შთააგონებთ და პრაქტიკულადაც წაადგებათ ყოველდღიური საქმიანობისთვის.“

ასე დასრულდა დიზაინის ფესტივალის პირველი ღონისძიება. შევხვდებით სექტემბერში, Ad Black Sea-ზე.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

Heineken-მა ფეხბურთის ქომაგებისთვის სამრეცხაო ბარად გადააქცია!

როგორ შეუწყოთ ხელი ფსიქიკურ ჯანმრთელობას სამუშაო დღის განმავლობაში