ქართული შემოქმედებითი ინდუსტრიის ისტორიაში პირველად, Ad Black Sea-ის გუნდის ორგანიზებით, თბილისი დიზაინის ფესტივალისათვის ემზადება. 1-ლ მაისს დიზაინის სფეროს პროფესიონალები და დაინტერესებული ადამიანები TEC-ში შეიკრიბებიან. ღონისძიება, მთელი დღის განმავლობაში, გააერთიანებს მთავარ სცენას სპიკერებისთვის, ვორქშოპების სივრცესა და სხვა აქტივობებს. სპეციალურად დიზაინის ფესტივალისთვის, Ad Black Sea-ის გუნდმა, ტრადიციულად, ვიზუალურ სტილსა და კონცეფციის შექმნაზეც იზრუნა. ღონისძიების მთავარი ჰედლაინერი დიზაინის სფეროს მსოფლიო ლეგენდა სტეფან ზაგმაისტერია. სრული პროგრამის აღწერას ამ ბმულზე შეგიძლიათ შეავლოთ თვალი. როგორ ემზადება გუნდი საფესტივალო დღისთვის, ფესტივალის აღმასრულებელი მენეჯერი თამარ ცინცაძე და ფესტივალის პროგრამის კოორდინატორი სოფო კეჩხოშვილი გვიყვებიან.
M: დიზაინ ფესტივალი Ad Black Sea-ის გუნდის პირველი ღონისძიებაა თბილისში. როგორ ჩამოყალიბდა ფესტივალის კონცეფცია?
სოფო: Ad Black Sea-ს ზრდასთან ერთად, მისი იმ სტანდარტებით ჩატარებისთვის, რასაც მიჩვეულია ჩვენი მაყურებელი, აღარ იყო საკმარისი „პროექტული“ მიდგომა. უკვე რამოდენიმე წელია ფესტივალს ყავს მუდმივი გუნდი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში მუშაობს მის განვითარებაზე. ამის გათვალისწინებით კი მზად ვართ ჩვენს აუდიტორიას მეტი შევთავაზოთ, ვიდრე წელიწადში ერთი ღონისძიება. ამ გზაზე პირველ ნაბიჯად დიზაინი იმიტომ ავირჩიეთ, რომ ვფიქრობთ ეს კრეატიული სფეროს გამორჩეული დისციპლინაა, რომელთანაც შეხება ყველა ადამიანს აქვს ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომელიც სწრაფად ვითარდება ტექონოლოგიურ ცვლილებებთან ერთად და რელევანტურობას არ კარგავს. ისიც გავითვალისწინეთ რომ საქართველოს და ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნებს დიზაინერების ძალიან ძლიერი community ყავს. Tbilisi Design Festival-ის სცენაზე სტეფან ზაგმაისტერთან ერთად სწორედ მათაც ვიხილავთ.
M: Ad Black Sea-ისთვის ყოველწლიურად იქმნება ვიზუალური იდენტობა. ასე მოხდა დიზაინის ფესტივალის შემთხვევაშიც. როგორ ჩამოყალიბდა ღონისძიების დიზაინის სტილი?
თამარი: „ედ ბლექ სის“ ვიზუალურ სტილზე მუშაობა ყოველთვის დიდი სიამოვნებაა. თბილისის დიზაინის ფესტივალის ბრენდინგზე მარი სუხიშვილმა და თეონა შელიამ იმუშავეს. ერთის მხრივ შეიქმნა ლოგოტიპი, რომელიც მინიმალისტურია, თუმცა სიმბოლო D დინამიურია და ერგება დიზაინის სხვადასხვა მიმართულებას, ამ მიმართულებების პირველი ასოს D სიმბოლოში შეტანით.
2024-ის სტილისთვის კი „შრედერის“ ეფექტი შეირჩა და ამ ტექნოლოგიურ ერაში, ხელით ბევრი სამუშაო ჩატარდა რამაც პროცესი ერთი-ორად საინტერესო და შთამაგონებელი გახადა. შევარჩიეთ იკონური ვიზუალები და მათი დეკონსტრუქციით სრულიად ახალი, განსხვავებული მთავარი ვიზუალი შევქმენით.
აქვე დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ გურამ წიბახაშვილს, რომელმაც უფლება მოგვცა გვეძრომიალა მის ფასდაუდებელ არქივში და აგვერჩია ფოტოები „გასანადგურებლად“.
M: დღის მთავარი ჰედლაინერის შესახებ უკვე ვიცით. მთლიანობაში, როგორია საფესტივალო სამზადისი?
თამარი: ფესტივალის თარიღი ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ეტაპს დაემთხვა. ამიტომ ჩვენი სამზადისი ამ ყველაფრის პარალელურად მიმდინარეობს. ბუნებრივია, ეს ერთი მხრივ, ხელის შემშლელი ფაქტორია ლოგისტიკურად, მაგრამ მეორე მხრივ, მეტ სტიმულს გვაძლევს გავაგრძელოთ იმ საქმის კეთება, რომელიც გვჯერა რომ ქვეყნის კეთილდღეობას ემსახურება.
სტეფანი მოვლენების საქმის კურსშია და დიდი ინტერესით ემზადება თბილისში ვიზიტისთვის. ჩვენი სტუმრებიც, ვიცით რომ დღეებს ითვლიან მასთან შესახვედრად.
ფესტივალის დღე აქტივობებით დატვირთული იქნება. სრული პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია და ყველას ვურჩევ წინასწარ კარგად გეცნონ და დაგეგმონ მათთვის საინტერესო კომბინაცია.
M: რატომაა მნიშვნელოვანი დიზაინის ფესტივალი, როგორც ღონისძიება და რითაა მნიშვნელოვანი ის, როგორც Ad Black Sea-ს მემკვიდრეობა, რომელიც ზრდას განაგრძობს?
პანდემიის გამო გაცდენილმა 2 წელმა დიდი დრო მოგვცა იმისთვის რომ გვეფიქრა Ad Black Sea-ის გრძელვადიან გეგმებზე და მიზნებზე. მართალია რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებამ სრულიად შეცვალა ფესტივალის რეალობა, 2022 წლის გამოშვების უპრეცედენტო წარმატებამ დაგვანახა, რომ Ad Black Sea-მ უკვე მყარად დაიმკვიდრა რეგიონის კრეატიული ინდუსტრიის წამყვანი ღონისძიების ადგილი და მზადაა გარდაიქმნას პლატფორმად, რომელიც განსხვავებულ ღონისძიებებს გააერთიანებს. ჩვენი პირველი ასეთი ღონისძიების ლოკაციის არჩევაზე ბევრი ფიქრი არ დაგვჭირდა. Ad Black Sea-ს ერთ-ერთი მისია საქართველოს, როგორც ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრის წარმოჩენაა. ამას თბილისზე უკეთ ვერსად გავაკეთებთ. დროც ისეთი დაგვემთხვა, სტუმრები პირადად ნახავენ როგორ იბრძვის ჩვენი ქვეყანა საკუთარი ევროპული მომავლისთვის.
მხოლოდ საქართველოს საზღვრებითაც არ შემოვიფარგლებით. შავი ზღვის გარშემო უამრავი თავგადასავალი გველის.
Video Credits:
Creative Director: Mari Sukhishvili
Art Direction: Teona Shelia
Camera: Ani Gabashvili
Post-production: Korga