ამ სიახლეს სწავლას მოწადინებული დამწყები სპეციალისტები და გამოცდილი პროფესიონალები დიდი ინტერესით ელოდნენ! დიზაინის ინსტიტუტმა სტუდენტების მიღება დაიწყო, ხოლო პირველი სასწავლო პროგრამა სტარტს თებერვალში აიღებს! ეს გახლავთ შემოქმედებასა და დიზაინზე ფოკუსირებული, რეგიონული საგანმანათლებლო კვლევითი ინსტიტუცია სტუდენტებისა და პროფესიონალებისთვის.
დიზაინის ინსტიტუტის მისიაა, რომ ბევრ ადამიანს გაუზიაროს დიზაინის ცოდნა და შემოქმედებითი უნარები, რაც მათ საკუთარი იდეების ვიზუალიზაციასა და თვითგამოხატვაში დაეხმარებათ.
დიზაინის ინსტიტუტის მისიაა, ბევრ ადამიანს გაუზიაროს დიზაინის ცოდნა და შემოქმედებითი უნარები, რაც მათ საკუთარი იდეების ვიზუალიზაციასა და თვითგამოხატვაში დაეხმარებათ.
მსურველებს უკვე შეუძლიათ დარეგირტრირდნენ სასწავლო პროგრამებსა და კურსებზე, ვებგვერდის საშუალებით. სასწავლებელში დიზაინის თქვენთვის სასურველ მიმართულებას დაეუფლებით, რომელიც დიზაინის სრულ სპექტრს მოიცავს ჩანახატიდან პროტოტიპის შექმნამდე, დიზაინის ისტორიიდან, დიზაინ პროგრამებამდე, კონცეფციების შექმნიდან, დაკაბადონებამდე.
ინსტიტუტმა თავი მოუყარა დიზაინის სფეროში მომუშავე პროფესიონალთა კომუნას და მათი გამოცდილება ახალი თაობის განვითარებისკენ მიმართა. სამზადისი შვიდი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. დღეიდან კი, დ.უზნაძის ქ. #82-ში მდებარე დიზაინის ინსტიტუტი სტუდენტებს კურსების და სალექციო ფორმატში მიიღებს. ინსტიტუტის სივრცე შეკრების ადგილი იქნება განათლებისთვის, კულტურული ღონისძიებებისთვის, შეხვედრებისთვის, მეგობარი კომპანიების პროექტებისთვის, ასევე, გააერთიანებს მცირე კაფესა და თემატურ წიგნების მაღაზიას.
რაც შეეხება სასწავლო პროცესს, პროექტის იდეის ავტორის, ნინო ეგაძის თქმით, ყოველი ლექცია, შეხვედრა, კურსი თუ მასტერკლასი, წარმოადგენს ერთი დიდი იდეის გაგრძელებას, რომელიც მიზნად ისახავს, რაც შეიძლება მეტ ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა შემოაბიჯოს სფეროში და შეხება ჰქონდეს მის საუკეთესო წარმომადგენლებთან, საკუთარი შემოქმედებითი რესურსით და სწორი დიზაინით მოაგვაროს ნებისმიერი პრობლემა. ლექტორები თავიანთ ყოველდღიურობაში ქმნიან დიზაინის და შემოქმედებითი ინდუსტრიის კულტურას, გვჯერა, რომ აუცილებელია ამ ცოდნის ახალი თაობისთვის და უფრო ფართო აუდიტორიისთვის გაზიარება.
ინსტიტუტი პარტნიორობს ქართულ და საერთაშორისო კერძო და საჯარო ინსტიტუციებთან, ფესტივალებთან, ღონისძიებების ორგანიზატორებთან, მუზეუმებთან, მედიებსა და გამომცემლობებთან.
M: როგორ ჩამოყალიბდა დიზაინის ინსტიტუტის კონცეფცია ამ სახით?
მთავარი კითხვა ჩემთვის იყო – როგორ შეიძლება გამოვადგე ჩემი ცოდნით ადამიანებს? საფიქრალი იყო, როგორ ვყოფილიყავი სასარგებლო სხვა ადამიანებისთვის, რა შეიძლებოდა გაეკეთებინა ჩვენს თაობას ახალგაზრდებისთვის, როგორ გაგვეზიარებინა კარგი თუ მწარე გამოცდილება. ამ ფიქრში საკმაოდ რთული პროცესები გავიარე. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის დაკავებული და ჩემთვის საინტერესო პროექტებში ვიყავი ჩართული, მივედი მიგნებამდე, თუ რა შეიძლება ყოფილიყო ახალი, საინტერესო ეტაპი ჩემთვის. როდესაც ჩემი სურვილი ბაზრის საჭიროებას დაემთხვა, დავფიქრდი, რა ფორმით შეიძლებოდა გამეკეთებინა – ყოფილიყო ეს ვირტუალური თუ ფიზიკური სივრცე.
ეს ყველაფერი სავარჯიშოს სახით დაიწყო. იდეა ჰარვარდის ერთ-ერთ დავალებაზე მუშაობისას გაჩნდა, როცა ჩემთვის მნიშვნელოვანი საკითხის წამოწევაზე უნდა მეზრუნა. დავალების ფარგლებში, უნდა შემეთავაზებინა სხვადასხვა ვერსია, შეფასებისა და გადარჩევის შემდეგ, მივხვდი, სწორედ ამ იდეას ვეძებდი მთელი ამ დროის მანძილზე და მასზე უნდა მემუშავა. ერთ-ერთი პირველი, ვისთანაც ეს ჩანაფიქრი გავაზიარე, მეგობრები იყვნენ, რომლებიც ახლა დიზაინის ინსტიტუტის საბჭოს წევრები არიან. კონსულტაცია გავიარე ოჯახის წევრებთანაც, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ ამ კუთხით და ნელ-ნელა მკაფიოდ დანახულმა საბოლოო იდეამ კონტურები და ფორმა შეიძინა.
დრო დამჭირდა იმისათვის, რომ მკაფიოდ დანახული იდეა მექცია ფორმად, არქიტექტურულ ნახაზად, ბიზნესგეგმად. საბოლოო სახეს ძალიან მკაფიოდ ვხედავდი, თუმცა ვეცადე ზუსტად გამევლო ის ეტაპები, როგორც დიზაინის წესია – სტრატეგიის, ბიზნესგეგმის, კონცეპტუალური თუ ბრენდინგის თვალსაზრისით.
M: ვისთვისაა განკუთვნილი და რისი სწავლა შეუძლიათ სტუდენტებს დიზაინის ინსტიტუტში?
დიზაინის ინსტიტუტი ასწავლის ყველაფერს, რაც დიზაინის სპექტრს აერთიანებს. ეს გულისხმობს ხელოვნებას, სტრუქტურულ აზროვნებას, სტრატეგიულ დიზაინს, გრაფიკას, ბრენდინგს, ყველა სახის მოძრავ ანიმაციას, ფერს, კრაფტს, დიზაინის ისტორიას, ვირტუალურ რეალობას და ნებისმიერ მიმართულებას, რაც ფართო გაგებით, დიზაინს მოიცავს.
რაც შეეხება სტუდენტებს, დიზაინის ინსტიტუტში სამი ძირითადი ჯგუფი ისწავლის: 1. 16+ – სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები, რომლებიც ძიების პროცესში არიან და პროფესიულ თვითგამორკვევას ცდილობენ. 2. პროფესიონალები, რომლებსაც ახალი უნარების შეძენა სურთ პერსონალური ან პროფესიული განვითარებისთვის. 3. დიდი ორგანიზაციები და საჯარო სექტორი, რომელთანაც დიზაინის აუდიტსა და პროექტებზე ვიმუშავებთ.
M: დიზაინის ინსტიტუტი სფეროს 100-მდე სპეციალისტს აერთიანებს. როგორ შეიკრა გუნდი?
ჩვენი მთავარი იდეაა, რომ უკვე დაგროვილი ცოდნა გადავცეთ მომავალ თაობას და მოხმარდეს საზოგადოებას. ამიტომ, დაველაპარაკეთ ადამიანებს, რომლებიც ამ სფეროში მუშაობენ, ვკითხეთ, რამდენად ისურვებდნენ ამ პროცესში ჩართვას. მათგან ძალიან დადებითი გამოხმაურება მივიღეთ. შემდეგ, მიმოვიხილეთ, ვის რა მიმართულებით შეეძლო შემოერთება. შერჩევის პრინციპი ასეთი იყო: ჩვენი გუნდის წევრი შეიძლება ყოფილიყო პრაქტიკოსი პროფესიონალი ან აკადემიური სწავლების გამოცდილების მქონე ადამიანი. საბედნიეროდ, ორივე ერთად ბევრ სპეციალისტს აქვს. ცოდნის ეს ბაზა კურსებში დავაბალანსეთ – პროგრამები მოიცავს როგორც თეორიულ მეთოდოლოგიას, ასევე პრაქტიკას. ამასთან, ზოგიერთ კურსს უძღვება ორი ადამიანი – ერთი თეორიულ ცოდნას აწვდის, მეორე – უშუალოდ, კონკრეტულ გამოყენებას.
M: როგორი იქნება სწავლის გამოცდილება სტუდენტებისთვის?
დიზაინის სპეციფიკა მოითხოვს ცოცხალ ინტერაქციას. ამ აზრამდეც კვლევის შედეგად მივედით, თავად ლექტორებმა და სტუდენტებმა აღნიშნეს შეხვედრების საჭიროება. ონლაინ კომუნიკაციის საშუალებებს არ ვაკნინებთ, თუმცა მიმართულებებში ძალიან დიდი დანაკლისია, როდესაც პროტოტიპის შექმნას ვერ ახერხებს სტუდენტი. დიზაინის ფილოსოფიაც ხომ ესაა, რომ მარტივად დაინახო პროდუქტი და დროის დაკარგვის გარეშე გადახვიდე შემდეგ ფაზაში.
სივრცე საკმაოდ დიდია და ბევრნაირ შესაძლებლობას იძლევა, რათა ღონისძიებებსა და კულტურულ თავყრილობებსაც უმასპინძლოს. ყველაფერია მოწყობილი იმისთვის, რომ ერთი მხრივ, იდეალური და ინფრასტრუქტურულად გამართული იყოს ხანმოკლე თუ დიდი კურსებისთვის. ამასთან, საკმაოდ ნათელია კრაფტსა და ფერზე სამუშაოდ. აქვს ვერანდა და ეზო, სადაც გაზაფხულიდან გარე ლექციები ჩატარდება. ინსტიტუტში იქნება პატარა კაფე, წიგნის მაღაზია და მეგობარი კომპანიების საპროექტო სივრცეები.
M: რას გულისხმობს დიზაინის ინსტიტუტის სოციალური პასუხისმგებლობა?
ჩვენს პრიორიტეტებშია, პირველ რიგში, თავად განათლება, სადაც პრინციპულად სწავლების ახალი ტიპის მეთოდოლოგიას შემოვიტანთ. მეორე მხრივ, არის მდგრადობის თემები – თუ როგორ შეიძლება ეფექტიანი გადაწყვეტების მიღება, დიზაინის დახმარებით. მესამეა ე.წ. ხელმისაწვდომი დიზაინი, რომელიც მომხმარებელს ეხმარება უფრო ადვილად მოიხმაროს დიზაინი და რეალურად გაამარტივოს ამოცანები, სამწუხაროდ დღეს ხშირად დიზაინი კიდევ უფრო ართულებს გამოცდილებას.
M: როგორაა შესაძლებელი დიზაინის ინსტიტუტში მოხვედრა, შერჩევის თვალსაზრისით?
მოკლე კურსებზე რეგისტრაცია ნებისმიერი მსურველისთვის ღიაა და არ აქვს რაიმე წინაპირობა. ყოველ კურსს აქვს თავისი დეტალური განმარტება – ვისთვისაა განკუთვნილი, რაც სწორი მოლოდინების შექმნაში დაეხმარებათ ადამიანებს. რაც შეეხება გრძელვადიან, 6-თვიან პროგრამას, მასზე მოსახვედრად ერთი შუალედური გასაუბრების გავლაა საჭირო, სადაც ვარკვევთ, რამდენად დაინტერესებულია ადამიანი. ამ პროგრამაზე სტუდენტს ინსტიტუტის დახმარებით დაფინანსების მოპოვებაც შეეძლება. ჩვენი მთავარი ფოკუსი დიზაინში გრძელვადიანი საბაზისო პროგრამების განვითარება და პროფესიისთვის მომზადებული ახალი თაობის ხელშეწყობაა. იმედი გვაქვს ამ ცოდნით აღჭურვილი ახალი თაობა, ბევრად უფრო მომზადებული დახვდება ახალი რეალობის გამოწვევებს.