კანის კრეატიული ფესტივალი ცოტა ხნის წინ დასრულდა. ცნობილია ახალგაზრდა ლომების ვინაობაც და მსოფლიოს რჩეული კამპანიებიც. საქართველოს სახელით, დიზაინის გუნდმა ნინო ყაველაშვილისა და დანიელ გრიგორიანის შემადგენლობით, შემოქმედებითი სააგენტო Holy Motors-დან, Young Lions 2025-ის ვერცხლის ჯილდო მოიპოვა. მათი ნამუშევრით ჟიურიც კი იმდენად მოხიბლულა, რომ განსაკუთრებული სიმპათია გამოუხატავთ და საერთო ფოტოც გადაუღიათ. სამშობლოში გამარჯვებით დაბრუნებულებმა, ნინომ და დანიელმა, გვიამბეს, როგორი იყო კონკურსზე მონაწილეობის გამოცდილება, როგორ იმუშავეს ბრიფზე და რას ურჩევდნენ სხვა მონაწილეებს. მათი გამარჯვების შესახებ ისაუბრა კატეგორიის სპონსორმა Mini by GT Motors-მა, ელლა კამლაძის წარმომადგენლობით.
M: რამდენად განსხვავებული შთაბეჭდილება იყო მსოფლიოზე მონაწილეობა, ადგილობრივი კონკურსისგან?
მსოფლიო მასშტაბის კონკურსში მონაწილეობა ბევრად მეტ პასუხიამგებლობასა და უფრო დიდ კონკურენციას ნიშნავს. საქართველოში თუ მხოლოდ ნამუშევარს აგზავნი, კანში ჟიურის უნდა წარუდგინო და ახსნა ყოველი დეტალი. ყველა ქვეყნის ჩემპიონს შორის უნდა შეძლო ისეთი დიზაინ გადაწყვეტის მიღება, რომელიც უფრო დასამახსოვრებელი და გამორჩეული იქნება სხვებისაგან. თან ამჯერად დრო უფრო ნაკლები გვქონდა (24 საათი) და სწრაფი ფიქრის და მუშაობის პროცესის გავლა მოგვიწია. კონკურსთან ერთად, კანის ლომები არის სარეკლამო ინდუსტრიის ზეიმი, საოცარი ნამუშევრების და ამ სფეროში მოღვაწე საზოგადოების თავშეყრის ადგილი. ჩვენი სფეროდან ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანით. მთლიანობაში, ნამდვილად დაუვიწყარი კვირა იყო.
M: რას ეხებოდა ბრიფი და როგორ შეაფასებთ მის სირთულეს თქვენთვის?
დავალება ინდოეთში არსებული მუზეუმის ერთ-ერთი გამოფენისთვის ვიზუალური სტილის შექმნა გახლდათ. მოკლედ რომ აღვწეროთ, გამოფენა მოიცავდა ანტიკური დროიდან დღემდე მოსულ ინდურ გრაფიკულ ნოველებს. სირთულე ის იყო, რომ დავალება სხვა ქვეყნის კულტურას ეხებოდა, რაზეც არაფერი ვიცოდით.
დაბრიფვის დროს, ბევრი დეტალი გაგვიზიარეს, თუმცა, ჩვენ ჩავეჭიდეთ ძალიან კონკრეტულს – რომ თურმე, ინდოეთში ჯერ კიდევ ანტიკურ დროში ხატავდნენ გრაფიკულ ნოველებს, რომლებსაც დღეს კომიქსებს ვუწოდებთ და კონცეფციაც ამაზე დავაშენეთ.
M: როგორ იმუშავეთ ბრიფზე, რამ მიგიყვანათ საბოლოო ვერსიამდე?
დავალება მივიღეთ თუ არა, სახლში დაბრუნება ვამჯობინეთ, რომ წყნარ გარემოში დაგვეწყო ფიქრი. 1 საათის განმავლობაში ინდივიდუალურად ვფიქრობდით, შემდეგ ერთმანეთს გავაცანით ჩვენი აზრები ამის მერე, ბრეინშორმინგი დავიწყეთ და ხმამაღლა ვუზიარებდით ერთმანეთს იდეებს. რაც შეეხება უშუალოდ იდეას, იმ დასკვნამდე მივედით, რომ რადგან ეს გამოფენა უძველესი დროიდან კოყოლებული დღემდე არსებულ ნამუშევრებს აერთიანებდა, საუკეთესო გზა ამ ყველაფრის დასაკავშირებლად და გასაერთიანებლად იქნებოდა დროის ხაზი (Timeline), რომელიც მთლიანად მოიცავდა ინდური ვიზუალური სტილის ისტორიას. Timeline თავად არის გრაფიკული გამოხატვის სტილი. რადგანაც სიტყვის მნიშვნელობაც კარგად წამოადგენდა გამოფენის იდეასა და აზრს, ვიფიქრეთ, რომ კარგი ბმა იყო იდეასა და ვიზუალში. ფერებიც ინდური ხელივნებისა და კულტურის მრავალფეროვნების ხაზგასასმელად გამოვიყენეთ.
M: გქონდათ გამარჯვების მოლოდინი?
გამარჯვების იმედი ყოველთვის არსებობს, მაგრამ როდესაც კონკურენცია ასეთი დიდია უფრო მეტად შედეგზე ვართ ხოლმე კონცენტრირებული. მნიშვნელოვანია, შედეგი დაიდოს სათანადო ხარისხის და გამარჯვებაც, რა თქმა უნდა, მასთან ერთად მოვა. ჩვენი ნამუშევრის გვჯეროდა, რადგან ყოველი დეტალი გათვლილი და ნაფიქრი გვქონდა. ყოველ დეტალს ერთმანეთთან ჰქონდა ბმა და პასუხგაუცემელი არცერთი ნაწილი არ დაგვრჩენია. გამარჯვების იმედი ცოტა უფრო აგვიმაღლა ჟიურისთან ნამუშევრის წარდგენამ, პოზიტიური შეფასებებით მივხვდით, რომ სასურველ შედეგამდე მივედით.
M: როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა იდეის წარმატება?
იდეის წარმატება ალბათ იმან განაპირობა, რომ ყოველ დეტალზე გვქონდა კარგად ნაფიქრი და გააზრებული. ყველაფერი იდეალურად ებმოდა ერთმანეთს. ასევე, ბრიფის სხვა რაკურსით დანახვა და საინტერესო გადაწყვეტის პოვნამ. რა თქმა უნდა, პრეზენტაციამაც შეძლო ჩვენი იდეის გაყიდვა.
M: რას ნიშნავს ეს გამარჯვება თქვენთვის?
ეს გამარჯვება ძალიან ბევრს ნიშნავს, როგორც საქართველოსთვის, ასევე, ინდივიდუალურად ორივე ჩვენგანისათვის ეს არის უდიდესი მნიშვნელობის წინ გადადგმული ნაბიჯი და პასუხისმგებლობისა და პროფესიულ დონეზე ახალი სიტყვის თქმა. საოცარი შეგრძნებაა, როცა იაზრებ, რომ საუკეთესოთა შორის საუკეთესოებში მოხვდი და გაიმარჯვე. ამ გამარჯვებით უფრო მეტმა გაიგო ჩვენზე, ჩვენს ქვეყანასა და ჩვენს კომპანია Holy Motors-ზე. ასევე აღსანიშნავია, როდესაც გამარჯვებულებად გამოგვაცხადეს, ჟიურის წევრები მოვიდნენ, მოგვილოცეს, ფოტო გადაიღეს ჩვენთან ერთად და გვითხრეს, რომ 24 საათში ძალიან კარგი შედეგი დავდეთ. საერთო ჯამში, პოზიტიური უკუკავშირი გაგვიზიარეს.
M: როგორ ემზადებოდით კანის მსოფლიოსთვის?
Holy Motors-ში ყოველი დღე ჩვენთვის მომზადების პროცესი იყო, რადგან სააგენტოში ყოველდღე ვმუშაობთ მსგავსი სირთულის დავალებებზე – მრავალფეროვანი ბრენდებისათვის დიზაინ სისტემების შექმნაზე. ჩვენთვის დიზაინზე ფიქრისა და მუშაობის პროცესი ყოველთვის ჰოლისტურია – ვცდილობთ, ჯერ დიდი სურათი წარმოვიდგინოთ და შემდეგ ჩავუღრმავდეთ დეტალებს. მუდამ ვადევნებთ თვალს, რა არის ყველაზე თანამედროვე, შთამბეჭდავი და ვცდილობთ ჩვენს კონტექსტში გავაცოცხლოთ ეს გადაწყვეტები.
M: რას გაითვალისწინებდით მომდევნო კონკურსისთვის და რას ურჩევდით სხვებს?
სხვებს ვურჩევდით, რომ წინა წლის ნამუშევრები დაათვალიერენ, ბორდთან ერთად, პრეზენტაციის დალაგებას დაუთმონ დრო. შეეცადეთ დავალებას ცოტა სხვა რაკურსით შეხედოთ და ყოველ დეტალს, რომელსაც მოიფიქრებთ საინტერესო იდეური ბმა მოუძებნოთ და რაც მთავარია პასუხი ყოველ თქვენს ნაბიჯზე უნდა გქონდეთ. ასევე, შეძლებისდაგვარად კანში განიტვირთონ და ხალხი გაიცნონ.
დიზაინის გუნდის კანის ახალგაზრდა ჩემპიონატზე გამარჯვებას აფასებს კატეგორიის სპონსორი Mini by GT Motors. ელლა კამლაძე, GT Motors-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი: „ჩვენი კომპანია ამ გზის ყველა ეტაპზე სწორედ დიზაინის კატეგორიის მხარდამჭერი იყო და მხოლოდ სიამაყეს ვგრძნობთ, როცა ვიაზრებთ, რომ ჩვენი თანამდგომით ნიჭიერმა ადამიანებმა შეძლეს საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალი საერთაშორისო დონეზე, ასეთ პრესტიჟულ პლატფორმაზე გამოეჩინათ და თან ასეთი აღიარებაც მიეღოთ. MINI-ს მიერ მხარდაჭერილმა გუნდმა საქართველოდან, დაამტკიცა რომ ჩვენი ქვეყნის კრეატიული ინდუსტრია ნამდვილად არის კონკურენტუნარიანი. ამ საერთაშორისო მოვლენის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჩვენთვის ამ პროექტში მონაწილეობა იყო სტრატეგიული ინვესტიცია არა მხოლოდ კონკრეტულ გუნდში, არამედ მთლიანად ინდუსტრიის მომავალში. ასეც გავაგრძელებთ! MINI ყოველთვის იქნება ამ ამბის ნაწილი და იმ წარმატების გზის გამზიარებელი, რომელსაც საქართველოს კრეატიული ინდუსტრია ჯერ მხოლოდ შეუდგა.“
წელს, Young Lions Georgia-ს მხარდამჭერები არიან: თიბისი, aPeople, adjarabetarena, Cellfie Mobile, PSP და Mini by GT Motors.
კანის ლომები მსოფლიოს ყველაზე დიდი და პრესტიჟული კრეატიული ფესტივალია, რომელიც უკვე 70 წელზე მეტია ტარდება ქალაქ კანში. საქართველომ 2015 წელს მიიღო წარმომადგენლობის უფლება.