26
Feb
2019

რომანტიკული ფილმების შთაგონებით დაწყებული საქმიანობა, ანუ Design Studio Natali

26 Feb 2019

„1999 წლიდან, ანუ ზუსტად 20 წელია, საქორწილო სივრცის დეკორირებას ვაკეთებ. სულ პირველად, სხვადასხვა რომანტიკული ფილმის საქორწილო სცენებით შთაგონებულმა გადავწყვიტე, ჩემი ახლობლის ქორწილი გამელამაზებინა“, გვიყვება Design Studio Natali-ს დამფუძნებელი, ნატა ჩაჩუა… და მართალია, მის ამ ინიციატივას სასიდედროს მიერ წლების მანძილზე კარადაში გადანახული სამზითვო ქათქათა ზეწრები შეეწირა, შედეგით კმაყოფილი დარჩა და „გაჩნდა ახალი მიზანი, იდეა, სურვილი, რაც შეიძლება ბევრი ადამიანისთვის გამელამაზებინა ცხოვრების ყველაზე ღირსშესანიშნავი დღე“…

mBank QR
mBank QR

იმ დროინდელ თბილისში პრეცედენტიც კი არ არსებობდა, საქორწილო დეკორაციების, ამიტომ ესკიზებით ხელში  მივედი, ქალაქის მასშტაბით, იმ პერიოდისთვის არსებულ ორად ორ  რესტორანში: „არაგვი“ და „სარაჯიშვილი“ და ორივე რესტორანმა გულწრფელად მანდო ქორწილების დეკორირება. ასე წამოვიწყე ჩემი მეტად საინტერესო და საყვარელი საქმე, რომელიც სიძე-პატარძლის ბედნიერების თანაზიარს მხდის ყოველთვის… ამ დროის მანძილზე 700-მდე ქორწილის ვიზუალზე ვიზრუნე და ვამაყობ თითქმის ყველა შესრულებული დეკორაციით, – ნატა ჩაჩუა.

თუმცა, ნატას გამოცდილება აქედან არ იწყება. ბავშვობიდან ძალიან კარგად ხატავდა და ყოველთვის ჰქონდა რაღაცის შექმნის სურვილი. სკოლაში კარგად სწავლობდა, შემდეგ უკვე, სამხატვრო აკადემიაშიც – დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტზე. ასპირანტურაც ამავე აკადემიაში დაამთავრა. ჩვენს კითხვაზე, როგორია მისი, როგორც ხელოვანის გამოცდილება, გვიყვება:


დღეს, სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობ: ვხატავ, ვქმნი ლანდშაფტის ვირტუალურ პროექტებს, ასევე, საქორწილო დეკორაციების ესკიზებს. ადრე ვმუშაობდი ტანსაცმლის დიზაინზე, ჩემთვის განსაკუთრებულად საინტერესო იყო ტყავზე მუშაობა, დეკორატიულ ქამრებსა და სხვადასხვა სახის აქსესუარებს ვაკეთებდი, ასევე ვმუშაობდი გობელენზე, თექაზე, კერამიკაზე… სამი პერსონალური გამოფენა მოვაწყვე და ჩემ მიერ შექმნილი ტანსაცმლის კოლექციის ჩვენება მქონდა… ვფიქრობ, ჩემს შემოქმედებაში ჩემი შინაგანი განწყობა და დამოკიდებულება ჩანს იმ თემისადმი, რომელზეც ვქმნი დეკორაციებს, ნახატებსა თუ სხვა ნამუშევრებს, – ნატა ჩაჩუა.

M: ნატა, 20 წელია, საქორწილო სივრცის დეკორაციებს ქმნით, რა ისწავლეთ… და როგორ შეიცვალა დღემდე ტენდენციები?
ადამიანების უკეთ მოსმენა ვისწავლე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ როგორც კი გავითავისებ, რა სურთ მათ, შედეგიც გარანტირებულია.

როცა, ამ სფეროში, ერთმანეთს ადრინდელ და დღევანდელ ტენდენციებს ვადარებ, რა თქმა უნდა, დიდ განსხვავებას ვხედავ. ადრე აქცენტი ქსოვილზე კეთდებოდა, ბევრ დრაპირებაზე, ახლა კი, ყველაფერი მნიშვნელოვანია: საქორწილო ავეჯი, შანდლები, სანთლები, განათება და რაღა თქმა უნდა, ბევრი საქორწილო ყვავილი.

M: Design Studio Natali რა პასუხისმგებლობებს იღებს საკუთარ თავზე და ვინ ქმნის თქვენს გუნდს?
Design Studio Nataliსთან თანამშრომლობის შედეგად, კლიენტი ქორწილისა თუ ღონისძიების მოსამზადებელი სამუშაოების  ზედმეტი, რუტინული და ხშირად მისთვის აბსოლუტურად მიუღებელი პროცესებისგან თავისუფლდება. ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფის წევრების რაოდენობა, სხვადასხვა დროს, განსხვავებულია, სამუშაოს მოცულობის შესაბამისად და იგულისხმებიან: ფლორისტები, ლოჯისტიკაზე პასუხისმგებელი ადამიანები, ტექნიკური პერსონალი, ხანდახან, დურგალი ან ზეინკალიც კი, რომლებიც ჩვენთან ერთად გულშემატკივრობენ ამ პროცესს და ძალისხმევას არ იშურებენ, რომ დეკორაცია გამოვიდეს მყარი და ტექნიკურად უსაფრთხო. ერთი რამ უცვლელია: ჩემი სტაფი ყოველთვის მოტივირებულია, რომ ჩემთან ერთად იამაყოს შედეგით!

M: დაგეგმვის ეტაპებზე მოგვიყევით… რა კრიტერიუმებით არჩევთ წვეულების ვიზუალურ მხარეს?
დეკორის შერჩევა დამკვეთთან გასაუბრების შემდეგ ხდება, რადგან ყოველთვის ვცდილობთ, მათს წარმოდგენაში არსებული  სურათი დავინახოთ. ვარჩევთ ქორწილის სტილს, ძირითად ფერს. ეს სამზადისი ცოცხალი პროცესია, ძალიან ბევრ ნიუანსს მოიცავს და შეიძლება, რამდენჯერმეც მოგვიწიოს შეხვედრა. პირადად მე, ხელით ვუხატავ შეთავაზებულ დეკორაციას, ან ვირტუალურ პროექტს ვაკეთებ, ან კიდევ, ჩვენი არქივიდან სხვადასხვა დროს შესრულებული დეკორაციის დეტალებს ვიღებთ და ასე იქმნება მომავალი წვეულების ვიზუალური მხარე. ამასთან ერთად, აუცილებლად ერთმანეთს  ვუთანხმებთ  საქორწილო კაბის, საქორწილო ტორტისა და დიზაინის სტილს, ფერებს და ასე შემდეგ.
M: როგორ მოახერხა Design Studio Natali-მ, რომ 20 წელი ბაზარზე მოთხოვნადია?
ადვილი არ არის დღევანდელ დღეს ვინმე რაიმეთი გააკვირვო, მაგრამ როცა დეკორაციას ქმნი სიყვარულით, დიდი მოლოდინით, როცა პატარძალზე არანაკლებ ემოციურად ხატავ ქორწილის დღეს შენს გონებაში, ეს განწყობა მთელს შემოქმედებით ჯგუფზე გადადის და შედეგიც ყოველთვის სახეზეა. ვფიქრობ, ეს არის ჩვენი ამ ბაზარზე 20-წლიანი მოთხოვნადობის მიზეზი. 

[R]

განხილვა