13
Apr
2017

DESIGN-ის კატეგორია – ჟიურის პრეზიდენტის შეფასება და კონკურსანტების კომენტარები

13 Apr 2017

Young Lions 2017-ის შიდაშესარჩევი კონკურსი DESIGN-ის კატეგორიაში 8 აპრილს, „იუსტიციის სასწავლო ცენტრშიგაიმართა. მასში მონაწილეობა საქართველოში მოქმედი სარეკლამო სააგენტოების წარმომადგენლებმა მიიღეს. აღნიშნულ კატეგორიაში დარეგისტრირებული 28 გუნდიდან, კონკურსზე 27 გამოცხადდა. დავალების მიხედვით, კონკურსანტებს, 24 საათის განმავლობაში, უნდა შეექმნათ ნიშანი, რომელიც ამა თუ იმ სივრცის ყველა კატეგორიის შშმ პირისთვის ადაპტირებას აღნიშნავდა. ბრიფი ეკუთვნის „სიცოცხლის ხეს“, რომელიც, თავის მხრივ, მოწონებული ნამუშევრის რეალურ გარემოში გამოყენებას უზრუნველყოფს.  ფესტივალის გენერალური პარტნიორია საინვესტიციო ჯგუფი „ბიჯეო“  (BGEO group). კონკურსის შედეგები 19 აპრილს გახდება ცნობილი. პირველი ადგილის მფლობელი ივნისში, კანში გაემგზავრება და საქართველოს სახელით, გლობალურ შეჯიბრში იასპარეზებს. მანამდე კი მარკეტერი DESIGN-ის კატეგორიის ჟიურის პრეზიდენტს – გიგა ხატიაშვილს, ასევე, აღნიშნული კატეგორიის ორ მონაწილეს – ანი ჭყოიძე (Branding.ge) და სანდრო ლალიაშვილს (Leavingstone) ესაუბრა.

 

გიგა ხატიაშვილი: ამ კატეგორიის მონაწილეთათვის მიცემული დავალება გულისხმობდა პიქტოგრაფიკული ხასიათის ნიშნის შემუშავებას, რომელიც მოახდენდა 3 სხვადასხვა კატეგორიის შშმ პირზე მორგებული სივრცის აღნიშვნას. იმთავითვე, ძალიან რთული დავალებაა. მოითხოვს ვიზუალური, ტაქტილური და აკუსტიკური კომუნიკაციის, ფიზიოლოგიური სპეციფიკის გათვალისწინებას. საერთო ჯამში, ძალიან დადებითად შევაფასებდი წარმოდგენილ ნამუშევრებს. ჩემი მოლოდინი გამართლდა და მიხარია, რომ მოდის ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული თაობა. დავესესხები ოლიმპიური თამაშების პრინციპებს – მთავარი არის მონაწილეობა და არა გამარჯვება. აქვე, დავამატებდი, რომ ჩვენს ქვეყანაში სამომხმარებლო კულტურა ძალიან დაბალ დონეზეა და დიზაინი, როგორც ცხოვრების წესი, არ არსებობს, მხოლოდ ახლა თუ ჩაისახება. 1, 2, 5 მსოფლიო დონის დიზაინერი ქვეყანაში ამინდს არ ქმნის! მოქალაქეები რომ განივითარებენ თანამედროვე სამომხმარებლო უნარ-ჩვევებს, აი, მაშინ სხვა საქმე იქნება.

 

რაც შეეხება მონაწილეების კომენტარებს:

M: კანის ახალგაზრდულ ფესტივალში აქამდე თუ მიგიღიათ მონაწილეობა და გამართლდა თქვენი მოლოდინები?
ანი ჭყოიძე – Branding.ge: 
3 წელია, იმართება ეს ფესტივალი და ჩემთვისაც, მონაწილეობის მე-3 წელი იყო. თვითონ ამ ფესტივალის მთელი ხიბლი, ალბათ, ზუსტად ის პროცესია და არა- შედეგი, ანუ იმდენად კარგი გარემოა და ორგანიზატორებიც იმდენად პოზიტიურები არიან, მათი ენთუზიაზმი ძალიან გადამდებია ხოლმე და ყოველთვის კარგი გამოდის.

სანდრო ლალიაშვილი: შარშან მივიღე პირველად მონაწილეობა და გავიმარჯვეთ. კარგად იყო ორგანიზებული, მაგრამ ერთ ცვლილებას შევიტანდი, გუნდების ოთახში განლაგებასთან დაკავშირებით, სასიამოვნო იქნებოდა, თითო გუნდი თითო ოთახში ან რაიმე პატარა სივრცეში ცალკე, რადგან ერთ ოთახში 3-4 გუნდი ცოტა არასასიამოვნო პროცესია მუშაობის თვალსაზრისით, იმის გათვალისწინებით, რომ ხელი არ შეუშალო მათ შენი საუბრით, ან რაიმე გენიალური იდეა არ გაანდო, შემთხვევით.

M: როგორ შეაფასებდით ბრიფს – დავალებას, რომელიც უნდა შეგესრულებინათ?
ანი ჭყოიძე: 
ძალიან კარგი ბრიფი იყო, წინა წლებთან შედარებითაც, უფრო რეალური იყო, საკმაოდ რთული, მაგრამ სირთულესაც თავისი ხიბლი ჰქონდა. ისეთი გადაწყვეტა უნდა მოგვეფიქრებინა, რაც გაამართლებდა.

სანდრო ლალიაშვილი: ბრიფი საკმაოდ რთული იყო, ისეთივე რთული, როგორც წინა წელს, თუმცა უფრო რეალური ქეისით. რაღაც ჩარჩოებით შემოსაზღვრულებს უნდა გვეფიქრა და ეს ზოგისთვის კომფორტული იყო, ზოგისთვის – არა.

M: რა დრო დაგჭირდათ იდეის მოსაფიქრებლად?
ანი ჭყოიძე:
 გვქონდა რამდენიმე იდეა, რაც ჩამოვყარეთ თავიდან, ჯერ ერთი დავიწყეთ, რაღაც არ გამოგვივიდა, მერე მეორე და საბოლოოდ, გვინდოდა, რომ რაღაც მარტივი გაგვეკეთებინა. თვითონ შესრულებაზე იმდენი დრო არ დაგვჭირდა, რამდენიც, ამ იდეამდე მისასვლელად.

სანდრო ლალიაშვილი: იდეები თავიდანვე მოდის, ბრიფის წაკითხვისთანავე, შემდეგ დავალაგეთ, გავფილტრეთ და ავირჩეით ერთი კონკრეტული, რაც ბოლომდე მივიყვანეთ.

M: რაც შეეხება ფორმატს, რამდენად მოსახერხებელი იყო თქვენთვის 24 საათიანი სამუშაო დრო?
ანი ჭყოიძე: 
დაახლოებით, 7 საათზე წამოვედით, მთელი ღამე იქ ვიყავით. 24 საათი ძალიან საკმარისი იყო, თუმცა, არ ვიცი, შარშანდელივით, 12 საათი რომ ყოფილიყო, დროში ჩავეტეოდით, თუ არა. ალბათ, სხვანაირი მუშაობის სისტემა იქნებოდა, ამ შემთხვევაში, თორემ არ მგონია, შედეგი დიდად განსხვავებული ყოფილიყო.
სანდრო ლალიაშვილი: ვფიქრობ, რომ 24 საათი ბევრია , მიუხედავად ბრიფის სირთულისა, სტრესული გარემო დ
ა ჩარჩოები გაძლევს იმის საშუალებას, რომ სწრაფად და პროდუქტიულად იმუშავო .

M: რა გამოცდილება მოგცათ Young Lions 2017-ის ლოკალურ ფესტივალში მონაწილეობამ?
ანი ჭყოიძე: 
ზოგადად, ამ სფეროში, არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ საინტერესო ბრიფები ვაკეთოთ. ამ კონკურსს ის ხიბლიც აქვს, რომ საინტერესო ბრიფებზე მუსაობის გამოცდილება გაქვს და ეს პირველი პლუსია. მეორე არის შენს პარტნიორთან ჯგუფური მუშაობის გამოცდილება. ისე უნდა მოახერხო, რომ მისი იდეებიც არ დაიჩაგროს, შენიც და ერთად, შეთამაშებულად იმუშაოთ. ესეც ძალიან საინტერესო გამოცდილებაა.

სანდრო ლალიაშვილი: საკამოდ კარგი კონკურსია კრეატიული სააგენტოებისთვის, არა მხოლოდ ქართულ ბაზარზე სამუშაოდ, არამედ ცოტა საზღვრებს რომ გავცდეთ, გავიგოთ, რა არის აქტუალური, რას ვაკეთებთ სწორად და რას – არასწორად .  

განხილვა