უკვე დიდი ხანია, ბიზნეს საზოგადოებამ აღიარა, რომ დიზაინის ძლიერი გუნდი გადამწყვეტია ჯანსაღი ბიზნესისთვის. არაერთი კვლევა ცხადყოფს, რომ ზოგიერთ კომპანიას, რომელსაც დიდი ინვესტიცია აქვს დიზაინში, კონკურენტებზე ორჯერ სწრაფად შეუძლია შემოსავლის გაზრდა.
თუმცა საინტერესოა, რატომ აღწევს ზოგიერთი დიზაინის გუნდი წარმატებას იქ, სადაც სხვები მარცხდებიან? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას გლობალური საკონსულტაციო კომპანია McKinsey & Co. ცდილობს. 100000-ზე მეტი დიზაინის განყოფილების 3 მილიონი დიზაინერის მონაცემების შესწავლით კომპანია მოულოდნელ დასკვნამდე მივიდა: დიზაინის გუნდი არ განსაზღვრავს კომპანიის ეფექტურობას. ამის ნაცვლად, მაკკინსი ამტკიცებს, რომ წარმატება დიზაინერების უფრო დიდ გუნდებში და ბიზნეს ოპერაციებში გაერთიანებით იბადება. ეს სტრუქტურა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ბიზნესზე დიზაინის გავლენის განსაზღვრისთვის.
„აღმოვაჩინეთ, რომ ორგანიზაციული ინტეგრაცია წარმატებული პროექტის გუნდების დამახასიათებელი ნიშანია. იმის ნაცვლად, რომ დიზაინერები თავიანთ სტუდიებში გამოიკეტონ, დიზაინის წამყვანი დირექტორები (CDOs) უფროს მენეჯმენტთან მუშაობენ, რათა მრავალფუნქციურ გუნდებად ჩამოყალიბდნენ“, — ნათქვამია მოხსენებაში.
სარგებელი, რაზეც McKinsey მიუთითებს ამ სტრატეგიული ინტეგრაციის დროს, ორმხრივია: ის უზრუნველყოფს, რომ დიზაინერები ბიზნესის ძირითად საჭიროებებზე იყვნენ ორიენტირებულნი (ნაცვლად იზოლირებულობისა); ასევე, ორ მხარეს შორის მიდგომისა და იდეების გაზიარებას აადვილებს. მაკკინსის თანახმად, კვლევაში მონაწილე კომპანიებში ამ სტრატეგიამ მომხმარებლებისთვის მიწოდებული პროდუქციის ხარისხი გააუმჯობესა. უფრო მეტიც, დიზაინში ინტეგრირებული კომპანიებში სამჯერ უფრო ხშირად იყენებენ დიზაინს შიდა პრობლემების გადასაჭრელად.
გარდა ამისა, კომპანიაში უფრო მჭიდროდ ინტეგრირებული დიზაინერები უფრო მნიშვნელოვან გამოცდილებას იღებენ — განსაკუთრებით მარკეტინგის, ფინანსებისა და გაყიდვების კუთხით. საბოლოოდ McKinsey რეკომენდაციას უწევს ამ მიმართულებებით ტრენინგების კულტურის დანერგვას, რადგან ზემოხსენებული სფეროები მთავარი ინგრედიენტებია, რომლებიც საჭიროა დიზაინერების მნიშვნელოვან ლიდერულ პოზიციებზე გადასაყვანად.
ასევე, მაკკინსიმ აღმოაჩინა, რომ კომპანიები, რომლებმაც წარმატებით გააერთიანეს თავიანთი დიზაინის გუნდები, განიცდიან არა მხოლოდ ფინანსურ სარგებელს, არამედ შემოსავლების ზრდას, აქციების ფასის ზრდას და მთლიან მომგებიანობას. ამასთან, დიზაინერები, რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი კორპორატიულ ფუნქციებთან, უფრო დიდხანს რჩებიან კომპანიაში.