in

„იდეა ზედმეტად გავართულეთ” – რას გვიყვებიან Cannes Lions-ის შორთლისტში მოხვედრილი Design-კატეგორიის კრეატორები

კანის საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალზე მოხვედრა თავისთავად დიდი გამოცდილებაა, თუმცა Young Lions-ის შორთლისტში ადგილი უკვე იმაზე მეტყველებს, რომ შენი იდეა მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა კრეატორების ნამუშევრებს შორის აღმოჩნდა. წელს დიზაინის კატეგორიაში სწორედ ამ შედეგს მიაღწიეს ქართველმა კრეატორებმა – ნიკა ხვედელიძემ და ანასტასია გარშინამ.

რა ბრიფზე მუშაობდნენ, როგორ დაიბადა მათი კონცეფცია, რატომ თვლიან, რომ ზედმეტად გაართულეს იდეა და რა გაკვეთილი წამოიღეს Cannes Lions-იდან – ამის შესახებ თავად გვიყვებიან.

M: Cannes Lions-ის შორთლისტში მოხვედრა მნიშვნელოვანი შედეგია. როგორ დაიწყეთ ამ კონკურსზე მუშაობა და რა იყო ბრიფის მთავარი გამოწვევა?

კონკურსისთვის მზადება, ფაქტობრივად, კანში ჩასვლისთანავე დავიწყეთ. სანამ ბრიფს მივიღებდით, არც ქალაქის დასათვალიერებლად გავსულვართ და არც ფესტივალის სივრცეებს ვათვალიერებდით. ერთადერთი, რაც მოვასწარით, იყო სნექებისა და Red Bull-ის მარაგის გაკეთება. დანარჩენი დრო სამუშაო სივრცეში გავატარეთ – წინა წლების ბრიფებს კიდევ ერთხელ ვარჩევდით და ვემზადებოდით.

წლევანდელი ბრიფი წინა წლებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. უნდა შეგვექმნა ინსტალაცია ორგანიზაციისთვის Re:wild, რომელიც მუსიკალური ფესტივალის გარემოში ბუნებრივად ჩაჯდებოდა და ამავდროულად კომპანიის არსსაც გადმოსცემდა. ინსტალაციასთან ერთად უნდა შეგვექმნა ვიზუალური იდენტობაც, რომელიც მომავალშიც ბრენდთან ასოცირდებოდა.

M: როგორ მიხვედით იმ იდეამდე, რომელმაც საბოლოოდ შორთლისტში მოგახვედრათ?

იდეა ჯერ კიდევ ბრიფინგის დროს დაიბადა. როდესაც კომპანიის წარმომადგენელი პრეზენტაციას ატარებდა, სიტყვები Lost & Found დაგვამახსოვრდა და მაშინვე მუსიკალურ ფესტივალებზე დაკარგული ნივთების სივრცეს დავუკავშირეთ.

შემდეგ, ალბათ, ყველაზე დიდი შეცდომაც დავუშვით – მარტივ იდეაზე არ გავჩერდით. კონცეფციას კიდევ რამდენიმე ფენა დავამატეთ: სელფის ზონა, ინტერაქციული პროექცია, მაღალი ლენდმარკი, კომპანიის მიერ გადარჩენილი ცხოველების გამოფენა… საბოლოოდ, დებრიფზეც გვითხრეს, რომ იდეა ზედმეტად კომპლექსური გამოვიდა. ჟიურის ერთ-ერთი წევრის თქმით, მსგავს კონკურსებში ხშირად სწორედ ყველაზე მარტივი იდეები იმარჯვებს.

სამუშაო პროცესი კი ძალიან ინტენსიური იყო. პირველ დღეს კონცეფციის დახვეწასა და ინსტალაციის ვიზუალზე ვიმუშავეთ, შემდეგ მთელი ღამე ვიზუალებს, 3D მოდელსა და იდენტობაზე. მეორე დღეს კი ტექსტურ ნაწილსა და AI-ზე გადავედით, თუმცა ტექნიკური პრობლემების გამო ფაქტობრივად ერთი კომპიუტერით მოგვიწია მუშაობა. ბოლოს ერთდროულად ვწერდით ტექსტს, ვაგენერირებდით ვიზუალებს და საბოლოო ბორდს ვაწყობდით.

M: Cannes Lions-ის ფარგლებში მუშაობა, ალბათ, ძალიან განსხვავდება სააგენტოს ყოველდღიური პროცესისგან. როგორი იყო ეს გამოცდილება?

სიმართლე რომ ვთქვათ, დიდად არ განსხვავდებოდა ჩვენი ყოველდღიური სამუშაოსგან. წნეხში მუშაობას მიჩვეულები ვართ, ამიტომ არც დრო ყოფილა ყველაზე რთული გამოწვევა.

ყველაზე დიდი პრობლემა ტექნიკური ხარვეზები აღმოჩნდა. რამდენიმე საათი მხოლოდ იმის გამო დავკარგეთ, რომ AI ვერ გავუშვით ერთ-ერთ კომპიუტერზე, მოგვიანებით კი მეორე ლეპტოპმაც პრობლემები შეგვიქმნა. საბოლოოდ, უკვე ვლოცულობდით, რომ ბორდი წარმატებით დაეექსპორტებინა.

არანაკლებ სტრესული იყო ის მომენტი, როცა Cannes Lions-ის გუნდისგან წერილი მივიღეთ, რომ თითქოს ჩვენი ნამუშევარი სისტემაში არ ჩანდა და დისკვალიფიკაციას განიხილავდნენ. საბედნიეროდ, დავამტკიცეთ, რომ ყველაფერი დროულად გვქონდა ატვირთული და პრობლემა მოგვარდა.

M: როგორი იყო შორთლისტში მოხვედრის ემოცია?

შორთლისტში მოხვედრა, სიმართლე რომ ვთქვათ, ძალიან არ გაგვკვირვებია. ჟიურის წინაშე პრეზენტაციამ ძალიან კარგად ჩაიარა და პროცესშივე ვგრძნობდით, რომ იდეა მოეწონათ.

თუმცა, როდესაც პირველ სამ ადგილზე ვერ მოვხვდით, იმედგაცრუება ნამდვილად იყო. ერთ-ერთმა სპიკერმა დაჯილდოებაზე თქვა: “Disappointment is essentially proof of passion and ambition.” ეს ფრაზა ზუსტად ასახავს ჩვენს განცდას – იმედგაცრუება მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ძალიან გინდოდა გამარჯვება.

დღეს უკვე ვფიქრობთ, რომ ეს გამოცდილება შემდეგ წლებში კიდევ უფრო დიდ მოტივაციას მოგვცემს.

M: რა მთავარი გაკვეთილი წამოიღეთ Cannes Lions-იდან?

ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩვენი ბუნებრივი მიდგომა პროექტების გართულებაა. გვიყვარს იდეების გაღრმავება და დამატებითი ფენების შექმნა. რეალურ პროექტებში ეს დიდი უპირატესობაა, თუმცა ასეთ კონკურსებში ზოგჯერ სწორედ სიმარტივე მუშაობს ყველაზე კარგად.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო სხვა ქვეყნების მონაწილეების მუშაობაზე დაკვირვება. გავიცანით უამრავი საინტერესო ადამიანი, გავცვალეთ გამოცდილება და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ეს ერთი კვირა კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია.

და, რაც მთავარია, კიდევ ერთხელ გავიაზრეთ, რომ შრომა და საქმის სიყვარული საბოლოოდ ყოველთვის ფასდება. დარწმუნებულები ვართ, ადრე თუ გვიან, Cannes Lions-ის სცენაზე უკვე გამარჯვებულების სტატუსითაც ავალთ.

ესპანეთი დავამარცხეთ! საქართველო მსოფლიო ჩემპიონატისკენ მიმავალ გზაზე რჩება

როგორ გადმოსცა Google-მა მსოფლიო ჩემპიონატის საფეხბურთო ციებ-ცხელება ანიმირებული ილუსტრაციებით