Deskomy, „სტარტაპ საქართველოს“ ერთ-ერთი გამარჯვებული, პერსონალური კომპიუტერის დესკტოპის ონლაინ პროტოტიპია, ონლაინ ქლაუდ პლატფორმა, რომლის ფუნქციაც განსაზღვრულია საკუთარ ფაილებზე წვდომით ნებისმიერი მოწყობილობიდან, ნებისმიერ დროსა და ადგილას. იდეის ავტორი 17 წლის ლუკა ყვავილაშვილია, რომელიც 3 წელია, მუშაობს ამ იდეის დახვეწაზე და დღეს უკვე, ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია Start – Business Solutions-ის მხარდაჭერითა და Microsoft-თან თანამშრომლობით, Beta ვერსიაა გაშვებული ძირითადი ფუნქციებით: ფაილების ატვირთვა-ჩამოტვირთვა, გაზიარება მიმღების მეილით ან username-ით, დესკტოპის ფონის, ენისა და ზომების საკუთარ გემოვნებაზე მორგება. ასევე, ინტეგრირებულია – ფოტო, ვიდეო, აუდიო ფაილის ნახვა/მოსმენა, word, power point, excel, photoshop, zip, rar და სხვა ფაილების გადმოწერის გარეშე გახსნა და დათვალიერება. ამ ეტაპზე, პროგრამა სოლო მომხმარებლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა სამომავლოდ, იგეგმება კორპორატიულ სეგმენტზე გასვლაც. მარკეტერი ესაუბრა Deskomy-ს მარკეტინგის მენეჯერს, ქეთი ქარსელაძეს:
ლუკას შესახებ: 14 წლიდან დაიწყო პროგრამირების შესწავლა, წელს ამთავრებს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლას და სწავლის გაგრძელებას აპირებს მოლეკულური ბიოლოგიის მიმართულებით.
M: რა გახდა „დესკომის“ შექმნის ინსპირაციის წყარო? და რამდენად არსებობდა ასეთი იდეის განხორციელების საჭიროება ქართულ რეალობაში?
დღესდღეობით, მიუხედავად მრავალი ქლაუდ პლატფორმისა, მაინც მიჯაჭვულები ვართ კომპიუტერულ მოწყობილობებზე, ხშირ შემთხვევაში, პირად ლეპტოპზე, ამიტომაც გვიწევს ყოველდღიურად მისი თან წაღება, სადაც დღის განმავლობაში გვიწევს ყოფნა. Deskomy-ს მიზანი არის, რომ მომხმარებელს საკუთარ „ონლაინ დესკტოპზე“ წვდომა ნებისმიერი მოწყობილობიდან ჰქონდეს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან და ატვირთოს, ჩამოტვირთოს ან გაუზიაროს ფაილი სხვა მომხმარებელს მარტივად და სწრაფად. გარდა ამისა, ჩვენი ონლაინ სამუშაო პლატფორმა, როგორც შიდა სისტემა, არ იქნება დამოკიდებული კონკრეტულ „დივაისებზე“ და რომელიმე კომპიუტერის დაზიანების შემთხვევაში კომპანიის თანამშრომელი არ დაკარგავს საკუთარ ფაილებს. M: რატომ გახდა საჭირო Microsoft-თან თანამშრომლობა?
გვინდოდა, Deskomy-ს ჰქონოდა არა მარტო ქლაუდ სისტემის ფუნქცია, არამედ ამ სივრცეშივე ყოფილიყო შესაძლებელი Microsoft Office-ის ფაილების რედაქტირება. ამიტომაც, Microsoft-ის ქართულ წარმომადგენლობასთან კონსულტაციის შემდეგ, გავხდით Microsoft BizSpark პროგრამის წევრები, რაც მათი სპეციალური პირობებით სარგებლობას ნიშნავს. ამ ეტაპზე Microsoft-თან ვთანამშრომლობთ, რომ ონლაინ დესკტოპზე ისევე შეიძლებოდეს MS Office ფაილების გახსნა, შესწორება და მათში მუშაობა, როგორც ჩვეულებრივ დესკტოპზე.M: რა სიდიდის ინფორმაციის შენახვა შეუძლია deskomy-ს?
ამჟამად, მომხმარებელს უფასო მოხმარებისთვის 10 GB სივრცეს ვთავაზობთ, ერთ-ერთი საუკეთესო შეთავაზებაა არსებულ ბაზარზე. გვაქვს, ასევე, ფასიანი პაკეტები სივრცის მოცულობის გასაზრდელად. ჩვენი კიდევ ერთი უპირატესობა არის ის, რომ ერთი ატვირთვით ნებისმიერი ზომისა და მოცულობის ფაილის ატვირთვაა შესაძლებელი, თუ სივრცის მოცულობას არ აჭარბებს. შესაბამისად, შესაძლებელია ამ ფაილის გაზიარებაც.M: როგორია პლატფორმით სარგებლობის სპეციფიკა?
რეგისტრაციის მარტივი პროცესის გავლის შემდეგ, მომხმარებელს ექმნება პირადი, დაცული სივრცე, სადაც ხელის ერთი drag & drop მოძრაობით შეეძლება ფაილების ატვირთვა და შენახვა. Deskomy-ს ერთ-ერთი მთავარი ღირებულება მისი სიმარტივეა. პლატფორმაზე რეგისტრაციის შემდეგ მომხმარებლის პერსონალური დაცული სივრცე არის დესკტოპის ვიზუალის ანალოგი. შესაძლებელია შეცვალოს ფონი, ენა, აიქონების ზომა და სხვა დეტალები.
M: რამდენადაა ინფორმაციის უსაფრთხოება დაცული?
ალბათობა იმისა, რომ Deskomy-ს ფაილის განშიფვრა მოხდება უცხო პირის მიერ რაიმე მეთოდით, ფაილის მფლობელის ნებართვის გარეშე, რიცხვობრივად იგივეა, რომ შევადაროთ გამოკვლევად სამყაროში ატომების სრული რაოდენობიდან კონკრეტულად ერთი ატომის შერჩევის ალბათობას. უფრო ზუსტად, ფაილის დაშიფვრისთვის ვიყენებთ AES-256-CBC შიფრაციას და სხვა დამცავ სისტემებს როგორიცაა SSL/TLS, რაც Deskomy-ზე განთავსებული ფაილების და მონაცემების უსაფრთხო შენახვას უზრუნველყოფს.
M: როგორია თქვენი ამჟამინდელი და სამომავლო გამოწვევები?
ამ ეტაპზე გაშვებულია Beta ვერსია, მომხმარებელს უკვე შეუძლია დარეგისტრირდეს და გამოიყენოს არსებული ფუნქციები. მომავალ წელს კი სისტემა სრული ფუნქციონალით ამოქმედდება. ასევე, ამჟამად, შესაძლებელია მობილური ტელეფონის ბრაუზერით Deskomy-ს მოხმარება ისევე, როგორც სხვა მოწყობილობებიდან, თუმცა ვმუშაობთ მობილურ აპლიკაციაზე, რაც უფრო გაამარტივებს მოხმარების პროცესს. მომავალი წლის ბოლოს ვგეგმავთ პროდუქტის გლობალურ ბაზარზე წარდგენას.