ტვირთის მიწოდებისთვის ჰიპერბგერითი თვითმფრინავის შექმნის იდეა მიხაილ კოკორიჩს, კოსმოსური ინფრასტრუქტურის კომპანია Momentus-ის დამფუძნებელს გაუჩნდა.
გეგმა ჰიპერბგერითი ძრავის აშენებაა, რომელიც თხევადი წყალბადით იკვებება და სამყაროს ნებისმიერ წერტილში გადაადგილდება. მიხაილ კოკორიჩის ახალი კომპანიის — Destinus-ის მიერ შემუშავებული ხომალდის პროტოტიპს Jungfrau-ს უწოდებენ. იგი სრულიად ავტონომიური “ჰიპერთვითმფრინავი” იქნება. კომპანია Jungfrau-ს გამოცდას 2022 წლის ბოლოს აპირებს. ამჟამად კი ისინი ხელმძღვანელობის, ნავიგაციისა და მართვის სისტემებს ამუშავებენ.
დიდი ალბათობით, საწვავად იაფი, სუფთა წყალბადის გამოყენება ხარჯებს შეამცირებს და ტვირთის არსებულ პროვაიდერებს კონკურენციას გაუწევს. მას “სასწრაფო და გადაუდებელი” ტვირთის გადატანა შეეძლება, როგორიცაა მალფუჭებადი საქონელი, იზოტოპები ან ადამიანთა ორგანოები.
ამბიციური, ძვირადღირებული და რთულად შესასრულებელი იდეის განხორციელებას 29 მილიონი დოლარი დასჭირდება. Destinus-ის ინვესტორები კი Conny & Co, Quiet Capital, One Way Ventures, Liquid2 Ventures, Cathexis Ventures და ACE & Company არიან.
საინტერესოა ისიც, რომ ხომალდს დაგეგმილი სიჩქარითა და დისტანციებით ფრენა კომპლექსურ და საერთაშორისო სამართლებრივ ჩარჩოში შეეძლება. კომპანიას სუბბგერითი სიჩქარით ფრენის ნებართვა, სავარაუდოდ, შვეიცარიისგან უკვე აქვს.
ამჟამად კი ეროვნული და ევროპული მარეგულირებლები ავტონომიური თვითმფრინავებისა და მაღალსიჩქარიანი სისტემებისთვის, როგორიცაა სუბორბიტალური, ჰიპერბგერითი და ზებგერითი თვითმფრინავები, სერტიფიცირების მოთხოვნებისა და რეგულაციების განსაზღვრაზე მუშაობენ.