29-30 სექტემბერს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გაიმართება ტექნოლოგიური კონფერენცია DevOps Con Tbilisi 2018. კონფერენაციას 400-მდე დამსწრე და 16 სპიკერი ეყოლება. მთავარი თემატიკაა ინოვაციური ტექნოლოგიები და ხელსაწყოები რომლებსაც აქტიურად იყენებენ ისეთ დიდ კომპანიებში როგორიცაა Google, Facebook და Amazon.
ახალი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. შესაბამისად, ჩნდება დაპროგრამების ახალი ენები, მონაცემთა რთული სტრუქტურების სამართავი საშუალებები და მულტიმედიური მოწყობილობები. ყოველივე ეს ქმნის მაღალი ხარისხის და ახალ სისტემებთან ადაპტირებული პროგრამული პროდუქტის მყისიერი მიწოდების საჭიროებას, რაც შეუძლებელია შესაბამისი მართვისა და სათანადო ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე. DevOps წარმოადგენს მიდგომების, IT პროექტების მართვისა და საბოლოო პროდუქტის ავტომატიზირებაზე ორიენტირებული ტექნოლოგიების ერთობლიობას, რომელიც აპლიკაციების სწრაფად შექმნის საშუალებას იძლევა.
ღონისძიების მიზანია, რომ ფართო აუდიტორიას გააცნოს ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შესახებ, მოხდეს ცოდნის და გამოცდილების გაზიარება და ამავდროულად, ხელი შეუწყოს DevOps ის მიდგომის პოპულარიზაციას საქართველოში. განხილული იქნება მეთოდები, რომლებიც ზრდიან დეველოპერების, ოპერატორებისა და სისტემური ინტეგრატორების ჯგუფის ეფექტურობას. ასევე, ღონისძიების ფარგლებში საუბარი იქნება ისეთ ახალ კონცეფციაზე, როგორიცაა DataOps, რომელიც პირდაპირ კავშირშია დიდი მონაცემების (Big Data) ტექნოლოგიებთან.
ღონისძიება აერთიანებს DevOps ლიდერებს, სისტემურ ადმინისტრატორებს, ინტეგრატორებს, პროგრამისტებს, არქიტექტორებს და ტექნოლოგიური სამყაროს წარმომადგენლებს, რომლებიც პროგრამულ პროდუქტებს ქმნიან და ნერგავენ. დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს და ამისთვის საჭიროა ესტუმროთ devopsgeorgia.ge ვებგვერდს და შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა. ამავდროულად საიტზევე შეგიძლიათ ნახოთ განრიგი და სპიკერების ჩამონათვალი.