ბევრი გადაწყვეტილება, რომელსაც ყოველდღიურად ვიღებთ, ზუსტ ინფორმაციაზეა დამოკიდებული. თუმცა ჩვენი ფსიქოლოგიური მიკერძოება და მიდრეკილება ხშირად დაუცველს გვხდის სიცრუის მიმართ. შედეგად, დეზინფორმაციას უფრო მეტად ვიჯერებთ და ვიმახსოვრებთ ხოლმე, ვიდრე სიმართლეს.
„ვფიქრობ, ყველა დონეზე დეზინფორმაციას აქვს უპირატესობა“, — აღნიშნავს ნათან უოლტერი, ჩრდილოდასავლეთის უნივერსიტეტის კომუნიკაციის კვლევების პროფესორი, რომელიც დეზინფორმაციის კორექტირებას სწავლობს.
არავინ არის დაზღვეული ტყუილისგან, ნაწილობრივ იმის გამო, თუ როგორ არის სტრუქტურირებული ჩვენი შემეცნება და როგორ იყენებს მას დეზინფორმაცია. ჩვენ გონებრივ გამარტივებებს ან ევრისტიკას ვიყენებთ, რათა მრავალი გადაწყვეტილება გამოვიტანოთ. თუმცა კოგნიტიურმა ტენდენციებმა შეიძლება დეზინფორმაციისადმი მოწყვლადი გაგვხადოს, თუ საკმარისად ფრთხილად არ ვიქნებით.
„ნაგულისხმევად, ადამიანებს სჯერათ ყველაფრის, რასაც ხედავენ ან ისმენენ. ეს ძალიან ლოგიკურია, რადგან ბევრი ნანახი თუ გაგებული მართალია“, — ამბობს სტეფან ლევანდოვსკი, კოგნიტიური ფსიქოლოგი. ამავდროულად, რაც უფრო ხშირად ვხედავთ რაღაცის გამეორებას, მით უფრო მეტად გვჯერა მისი ნამდვილობის. ეს „ილუზორული ჭეშმარიტების ეფექტი“ იმის შედეგია, რომ ცნობადობას და გაგების სიმარტივეს ვიყენებთ, როგორც ჭეშმარიტების სტენოგრამას.
უბრალოდ, ეს იარლიყები არც ისე კარგად მუშაობს ჩვენს ამჟამინდელ პოლიტიკურ გარემოში თუ სოციალურ მედიაში, რომელსაც სიცრუის გამეორება და გაძლიერება შეუძლია. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ყალბი სათაურის ერთჯერადად გაცნობაც კი მას უფრო დამაჯერებელს ხდის. ამასთან, ადამიანები ზოგადად უფრო მიდრეკილნი ვართ დეზინფორმაციისკენ, რომელიც ჩვენს მსოფლმხედველობას ან სოციალურ იდენტობას შეესაბამება.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ემოციებზე დაფუძნებული ცრუ ისტორიები და მაგალითები უფრო ადვილად გები და დამაჯერებელია, ვიდრე სტატისტიკა. „ჩვენ ვმოძრაობთ რიცხვების, ალბათობებისა და რისკის ფაქტორების ამ ახალ სამყაროში, მაგრამ ჭურჭელი, რომელსაც ვიყენებთ, ანუ ტვინი, ძალიან ძველია“, — აღნიშნავს უოლტერი.
რატომ ეწინააღმდეგება დეზინფორმაცია გამოსწორებას?
როგორც კი დეზინფორმაციას მოვისმენთ, ძნელია მისი აღმოფხვრა, მაშინაც კი, თუ გვინდა, სიმართლე ვიცოდეთ. მრავალრიცხოვანმა კვლევამ აჩვენა, რომ დეზინფორმაციას შეუძლია გავლენა იქონიოს ჩვენს აზროვნებაზე — არ აქვს მნიშვნელობა, მოგვიანებით სიმართლეს გავიგებთ თუ არა. ეს ე. წ, „გაგრძელებული გავლენის ეფექტის“ შედეგია. კერძოდ, მეტა-ანალიზში, რომელიც 32 კვლევის შედეგებს აერთიანებს, ფსიქოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ დეზინფორმაციის „გამოსწორება“ ამცირებს, მაგრამ მთლიანად არ გამორიცხავს მის ეფექტს.
დეზინფორმაციის უარყოფა მოითხოვს მთელ დამატებით კოგნიტიურ საფეხურს, რათა ის ჩვენს მეხსიერებაში მცდარ მოვლენად ჩაითვალოს. უბრალოდ, დროთა განმავლობაში, ფაქტების შემოწმების მეხსიერება შეიძლება გაქრეს და მხოლოდ დეზინფორმაცია დაგვრჩეს.
დაბოლოს, დეზინფორმაციის გამოსწორება კიდევ უფრო რთული ხდება, თუ ის ჩანერგილია ჩვენს პიროვნებაში ან რწმენის სისტემაში. ადამიანები ქმნიან სამყაროს გონებრივ მოდელებს, რათა გაიგონ განვითარებული სიტუაციები და „ძალიან ძნელია ამ შენობიდან ერთი ფიცრის ამოგლეჯა, ყველაფრის ჩამონგრევის გარეშე. თუ ეს თქვენი ფსიქიკური მოდელის მნიშვნელოვანი კომპონენტია, კოგნიტიურად ძალიან რთულია მისი ამოღება და იმის თქმა, რომ ეს არასწორია“, — დასძენს ლევანდოვსკი.