in

დეზინფორმაციის შემცველი ვიდეოები უფრო დამაჯერებელია, ვიდრე წერილობითი და აუდიო ფორმატი

როცა ვიზუალურად აღიქვამ რაღაცას, მეტად გჯერა მისი ნამდვილად არსებობის

მკვლევართა ჯგუფის თანახმად, ადამიანებს უფრო მეტად სჯერათ ვიდეოს ფორმატით შექმნილი ყალბი ამბების, ვიდრე წერილობითი ან აუდიო ფორმატით. კვლევის მიხედვით, იმ ადამიანების დაახლოებით 58%, ვინც ასეთი ტიპის ვიდეოებს უყურებდა, თვლიდა, რომ მისი შინაარსი სინამდვილეს შეესაბამებოდა. ამას მოსდევს ადამიანთა 48%, რომელთაც ყალბი ინფორმაციის შემცველი აუდიო ჩანაწერი სიმართლე ეგონათ, ხოლო აუდიტორიის მხოლოდ 33%-მა მიიჩნია სტატიის სახით მიწოდებული ინფორმაცია სანდოდ.

ცხადია, ამ მონაცემების საფუძველზე დიდი რისკი არსებობს იმისა, რომ “დაიჯერო, რასაც ხედავ” იმპულსმა ყალბი ინფორმაცია სოციალური მედიის მანიპულირების უფრო საშიშ ფორმად აქციოს.

“როცა ვიზუალურად აღიქვამ რაღაცას, მეტად გჯერა მისი ნამდვილად არსებობის. ტექსტის შემთხვევაში ფანტაზიის გამოყენება გვჭირდება, რათა კონკრეტული სიტყვები რეალურ სიუჟეტად აქციოთ. ვიდეო კი ბევრად პირდაპირ გამოცდილებას გვთავაზობს – ვხედავთ და ვგრძნობთ. ამიტომ, ადამიანები იშვიათად ფიქრობენ ვიდეოს ყურებისას, რომ ცრუ ინფორმაცია მიიღეს” –  განმარტავენ მკვლევრები, შიამ სუნდარი, ჯეიმს ჰიმირო და დონალდ ბელისარიო.

კვლევამ აჩვენა, რომ ეს ტენდენცია უფრო მაღალია იმ ადამიანებში, ვინც ნაკლებად არის ჩართული სიუჟეტში. ხოლო ისინი, ვინც ძლიერად არიან ჩართულები, მეტად არიან დარწმუნებულები ინფორმაციის სიყალბეში.

ვირუსული ვიდეოები

მარია დ. მოლინა, მიჩიგანის რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ასისტენტ პროფესორი, რომელიც კვლევაზეც მუშაობდა, ამბობს, რომ ხალხი უფრო მეტად აზიარებს ცრუ ვიდეოებს, ვიდრე ამბის აუდიო ან ტექსტურ ვერსიებს. კვლევის მონაწილეთა დაახლოებით 78%-მა, ვინც ვიდეოს უყურა, სიუჟეტის სხვებისთვის გაზიარება გადაწყვიტა.

“ვიდეოს მიღმა ძლიერი ფსიქოლოგიური მიმზიდველობა იმალება. უახლესი ტექნოლოგიები კი შეიძლება, მანიპულირებისთვის იქნას გამოყენებული, რათა ცრუ ინფორმაცია ვირუსულად გავრცელდეს. ამას კი პოტენციურად ძალიან საშიში შედეგები მოჰყვება” – აღნიშნავს სუნდარი.

ექსპერიმენტის ფარგლებში 180 მონაწილეს რამდენიმე ყალბი ვიდეო აჩვენეს. თანაც, ამისათვის WhatsApp გამოიყენეს, როგორც მეტნაკლებად სანდო პლატფორმა, თუმცა ისინი თითოეული მონაწილისთვის არ გაუგზავნიათ, რათა ცრუ ინფორმაციის გავრცელების შანსი არ ყოფილიყო. “რეალურად, მათ სხვა ტელეფონის ჩანაწერებს ვაჩვენებდით. ამიტომ, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ აღმოჩენილი ეფექტები კიდევ უფრო ძლიერი იქნებოდა, თუ ადამიანები რეალურად მიიღებდნენ შეტყობინებებს WhatsApp-ზე” – ამბობს მოლინა.

სერიოზული გარემოებები

საგულისხმოა, რომ კვლევა ინდოეთში მომხდარი ბოლოდროინდელი არეულობებით იყო მოტივირებული, რაც ყალბი ვიდეოების გავრცელებამ გამოიწვია. ამას ართულებს ის ფაქტი, რომ ვიდეო ფორმატი ინფორმაციის სიზუსტის გარკვევას ართულებს.

“ვიდეო უამრავ ინფორმაციას შეიცავს, მათ შორის აუდიოს, ვიზუალს, კინოს, გრაფიკას და ტექსტს. როდესაც ადამიანები მთელ ამ ინფორმაციას იღებენ, ისინი ფსიქოლოგიურად იტვირთებიან და ნაკლებად კონცენტრირდებიან დეტალებზე” – განაცხადა სუნდარმა.

ამასთან, WhatsApp შეტყობინებები დაშიფრულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ფართო საზოგადოებას არ შეუძლია ინფორმაციის ყალბი ხასიათის აღმოჩენა. ამიტომაც, მკვლევრები რამდენიმე გზას გვირჩევენ – მაგალითად, სოციალური მედიის მოდერატორებს შეუძლიათ, ყალბი ვიდეოების გავრცელება აკონტროლონ.

გარდა ამისა, მკვლევრები ინტერაქციული მახასიათებლების დანერგვას გვთავაზობენ, რაც მომხმარებლებს აიძულებს დაფიქრდნენ ინფორმაციის სიზუსტეზე.

Extra.ge – ონლაინ კომერცია საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან

იქ, საიდანაც მე ვარ… – Adobe-ის კამპანია