USAID და Zinc Network ახალ საპილოტე პროგრამას გვთავაზობენ, რომელიც ქართული საზოგადოების ყველა დონეზე დეზინფორმაციისა და პროპაგანდისადმი მდგრადობის გაზრდას ისახავს მიზნად. ის აერთიანებს დაინტერესებულ მხარეებს, რათა შეიმუშაოს გადაწყვეტილებები, რომლებიც არღვევს დეზინფორმაციულ ეკოსისტემას და ცვლის ადამიანების დამოკიდებულებებს თუ ქცევებს.
ღონისძიებები ირაკლი აბაშიძის 34-ში, ტერმინალში ჩატარდება, 2022 წლის 2 და 23 ივნისს, 19:00 საათიდან 21:30 საათამდე. დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაციის გავლა, ამისათვის კი ეწვიეთ ბმულს.
ინიციატივა იმ სამწუხარო ფაქტიდან გამომდინარეობს, რომ საქართველო ჰიბრიდული ომის ეპიცენტრში აღმოჩნდა, რომლის შედეგადაც რუსეთი, ქვეყნის 20%-ის მიტაცების გარდა, ქართულ საზოგადოებაში ქაოსისა და განხეთქილების დათესვას ცდილობს. მის მიერ მხარდაჭერილი დეზინფორმაცია საოცარი სისწრაფითა და მასშტაბით ვრცელდება.
„ეფექტური და ანტიდეზინფორმაციული ძალისხმევა ინოვაციურ ინსტრუმენტებსა თუ მეთოდებს მოითხოვს. ტექნოლოგიების შესაძლებლობები კი დეზინფორმაციასთან მებრძოლი ორგანიზაციების უნარებთან და ცოდნასთან უნდა იყოს შერწყმული. რუსეთი ქართული საზოგადოების დესტაბილიზაციისა და საქართველოს უსაფრთხოების შესუსტებისკენ არის მომართული, რაც საქართველოსა და მის მეზობლებს, მოკავშირეებს შრის დაძაბულობის გაღვივებასაც გულისხმობს… საბოლოო ჯამში, ის ძირს უთხრის ქვეყნის დემოკრატიას და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“, — აღნიშნავს ანა აბზიანიძე, Zinc Network-ის ინოვაციების ლაბორატორიის ხელმძღვანელი
საგულისხმოა, რომ USAID-ის, Zinc Network-ისა და Startup Grind-ის თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი ინოვაციური კონკურსი, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, დიდ როლს ასრულებს აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში. როგორც კონკურსის ნაწილი, ის მოიცავს ტექნიკური კომპანიების სსო-ებთან მუშაობას, რათა დეზინფორმაციის საწინააღმდეგოდ ძლიერი ინსტრუმენტები შეიმუშაონ.
პირველი კონკურსის შედეგად მიღებული იქნა სამი ძლიერი ინსტრუმენტი: სოციალური მედიის ანალიზის ინსტრუმენტი, მეტყველების ტექსტის ტრანსკრიფცია ქართულად და საჯარო მონაცემთა ბაზის აგრეგაციის პლატფორმა. გარდა იმისა, რომ ეს ინსტრუმენტები კერძო სექტორსა და სსო-ებს შორის თანამშრომლობის უნიკალური მაგალითია, ისინი საერთაშორისო დონის წარმატების მაგალითებსაც წარმოადგენს.
ახლა კი კონკურსის ორგანიზატორები მცირე ზომის ღონისძიებების სერიას მასპინძლობენ, რაც გუნდებსა და ორგანიზაციებს შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი უნარები და კრეატიულობა აჩვენონ, დეზინფორმაციის მზარდ ტალღასთან ბრძოლასთან პროცესში.
ღონისძიებების ფარგლებში შეიტყობთ, თუ როგორ მუშაობს საინფორმაციო ეკოსისტემა, მოუსმენთ მომხსენებლებს, რომლებიც დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის წინა პლანზე იმყოფებიან და გაეცნობით ზოგიერთ ძლიერ პროგრამას, რომელიც პირველ ინოვაციების კონკურსზე Pulsar.AI, Wavetech.AI და MetaMine-ის მიერ შემუშავდა.