in

დღეს დირექტორები არა უბრალოდ კომპანიებს, არამედ ეკოსისტემებსაც ხელმძღვანელობენ

არც თუ ისე დიდი ხნის წინ კარგი აღმასრულებელი დირექტორი იყო ის, ვისაც საბჭოს წევრებში ბედნიერი განწყობების შენარჩუნება, აქციონერების დამშვიდება და რეპუტაციული საკითხების მართვა შეეძლო. მაგრამ ეს ასე უკვე აღარ არის… 

pasha-statiebi
pasha-statiebi

დღეს მათი საქმიანობა სამსახურის თითქმის ყველა სეგმენტთან არის დაკავშირებული, იქნება ეს თანამშრომლები, მომხმარებლები, მომწოდებლები, მთავრობები თუ აქტივისტები. ისინი მუდმივად აჟღერებენ თავიანთ მოლოდინებსა და მოთხოვნებს… 

რაც შეეხება სტატისტიკას, აღმასრულებელი დირექტორებისა და საბჭოს წევრების 86% ფიქრობს, რომ ბიზნესი და საზოგადოება ახლა უფრო მეტად უკავშირდება ერთმანეთს. ხოლო ამერიკელი საზოგადოების ორ მესამედს სურს, რომ ხელმძღვანელები სოციალურ საკითხებშიც იყვნენ ჩართულნი.

არსებული ცვლილებების უკეთ გასაგებად კი, Korn Ferry-ის კომპანია 11 ინდუსტრიიდან 105 საბჭოს დირექტორს გაესაუბრა. კვლევამ კი აჩვენა, რომ ხელმძღვანელების სამუშაო აღწერილობის ცვლილებასთან ერთად, წარმატებული ლიდერების სახელმძღვანელოც იცვლებოდა. ამასთან, დაინტერესებული მხარეების არეალი ბევრად ფართო და უხეში გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ არასწორი ნაბიჯების გადადგმის ალბათობაც გაიზარდა. ხოლო ის, რაც ადრე საზღვრებს გარეთ იყო, ახლა მის შიგნითაა, ეს კი რთული გადაწყვეტილების მიღებასაც გაიძულებთ იმის შესახებ, თუ ვის ან რას უნდა მიანიჭოთ პრიორიტეტი. წარმატებისთვის საჭირო უნარი ტრადიციულ ბრძანებისა და კონტროლის ტაქტიკებსაც შორდება და ინაცვლებს ზემოქმედებისკენ, ფორმალური უფლებამოსილების გარეშე. 

ხოლო თუ აღმასრულებელ დირექტორებს სამუშაო აღწერილობის წინააღმდეგ წასვლა სურთ, ისეთი ლიდერები უნდა გახდნენ, რომლებსაც ეკოსისტემის მართვა შეუძლიათ. თუმცა, ისეთის, რომელშიც ბიზნესი მუშაობს, მომხმარებლების, პარტნიორების, მომმარაგებლების, კონკურენტების, მთავრობებისა და ადგილობრივი საზოგადოების ჩათვლით. ამიტომ, ახლა ის 5 ნაბიჯი განვიხილოთ, რომელიც მსგავს ხელმძღვანელად ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ. 

1. გაიცანით მოთამაშეები

ამბობენ, რომ მომავალ აღმასრულებელ დირექტორებს სწავლისადმი დაუოკებელი სურვილის ჩვენება დასჭირდებათ… ისევე, როგორც დიდ ბარიერულ რიფში ეკოლოგები ფრინველების, მარჯნების, თევზებისა და მოლუსკების ურთიერთკავშირს შეისწავლიან, აღმასრულებელმა დირექტორებმაც საკუთარი ეკოსისტემის რუკა უნდა შეადგინონ. მართალია, ეს ორგანიზმები ერთმანეთს ეჯიბრებიან, მაგრამ ისინი ურთიერთდამოკიდებულიც არიან. ანალოგიური შემთხვევაა აღმასრულებელ დირექტორსა და უფრო ფართო ეკოსისტემას შორის, რის გამოც მან შემდეგი საკითხების გაგება უნდა შეეცადოს:

  • ეკოსისტემის თითოეული წევრის ძლიერი და სუსტი მხარეები, მათი წვლილი 
  • კავშირები, რომლებიც ერთეულებს ერთმანეთზე დამოკიდებულს ხდის
  • როგორ შეეწყობა გარე გავლენები ეკოსისტემის ფუნქციონირების უნარს?
  • შეუძლიათ თუ არა ეკოსისტემის წევრებს ცვალებად გარემოსთან ადაპტირება?
  • დაბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი — კონკურენციის მიუხედავად, არსებობს თუ არა ორმხრივი სარგებლის მიღების შესაძლებლობა?

აღმასრულებელმა დირექტორებმა დაინტერესებული მხარეების გაერთიანება იმ მიზნის ირგვლივაც უნდა მოახერხონ, რომელიც, როგორც თითოეული მოთამაშისთვის, ისე ფართო ეკოსისტემისთვისაც სარგებლის მომტანი იქნება. შესაძლოა, საერთო ინტერესი ან საერთო ტკივილი იყოს, მაგრამ უფრო მეტად საერთო მიზანია იმ კომპანიებისთვის, რომელთაც სურს მისიაზე ორიენტირებული პარტნიორობა დაამყარონ. ეს კი, თავის მხრივ, ბიზნესის მიზნებს წინ უძღვის და უფრო დიდ სიკეთესაც ემსახურება.

მაგალითად Valuable 500 შეგვიძლია განვიხილოთ, ეს 500 აღმასრულებელი დირექტორის გაერთიანებაა, რომელიც ინოვაციურ გზებს შშმ პირების დასაქმების მიზნით მიმართავს. ან თუნდაც, OneTen, კომპანია დირექტორებს ერთი საერთო მიზნის ქვეშ აერთიანებს, იგი მილიონი ფერადკანიანის დასაქმებას აპირებს…

2. გააძლიერეთ უფროსი ლიდერები

ეკოსისტემაზე ზრუნვა ბიზნესის მართვასაც ნიშნავს. თუ აღმასრულებელი დირექტორები ტრადიციული მიდგომებისგან თავის დაღწევას აპირებენ, მაშინ მათ გუნდი უფრო დიდი როლებისთვისაც დასჭირდებათ — გამოცდილი ტალანტები, რომლებიც მზარდ არიან, როგორც საკუთარი ფუნქციის შესასრულებლად, ისე საწარმოს ლიდერობისთვის. 

საინტერესოა ისიც, რომ ბევრმა აღმასრულებელმა დირექტორმა ლიდერთა ქსელი უკვე ააშენა და გააძლიერა, რაც Covid-ის დროს აუცილებლობასაც წარმოადგენდა — ცვლილებების ტემპი და მოცულობა გადაწყვეტილების მიღებას იმაზე სწრაფად მოითხოვდა, ვიდრე ოდესმე… კვლევა კი აჩვენებს, რომ კომპანიები მსგავსი მოდელების ჩამოყალიბებას კარგად შეძლებენ. ყველაზე ეფექტური აღმასრულებელი დირექტორები, უპირველესად, ყურადღებას მიმართულების გრძნობის შთაგონებაზე გაამახვილებენ, რაც ორგანიზაციის მასშტაბით კოლექტიურ ენერგიასა და საერთო მიზანსაც წარმოშობს.

ამასთან, ხელმძღვანელებმა ლიდერებს უნდა შთააგონონ, გახდნენ მოაზროვნე პარტნიორები და ადამიანები, რომლებიც ინვესტორებს, საბჭოს წევრებსა და სხვა თანამშრომლებს შორის ურთიერთობის დამყარებას შეძლებენ. ეს აღმასრულებელ დირექტორებს ეკოსისტემის სტრატეგიის შექმნის საშუალებასაც მისცემს. 

3. გააუმჯობესეთ საწარმოს აზროვნება და ეკოსისტემის უნარები

კონკრეტული საკითხი დირექტორებს არა მხოლოდ საწარმოს წარმატების განხილვას სთხოვს, არამედ ჯანსაღი ქსელის შექმნას, რომელშიც მათი ბიზნესი და უფრო ფართო საზოგადოება განვითარდება. კონკრეტული საკითხი კი პანდემიის დროს კიდევ უფრო აქტუალური გახდა.

ადგილობრივმა სასტუმროებმა ჯანდაცვის წარმომადგენლებს უფასო ოთახები შესთავაზა. გარდა რეალური საჭიროებისა, ეს ეკოსისტემისთვისაც სწორი გადაწყვეტილება იყო — თუ ექიმები ჯანმრთელები და დასვენებულები არ იქნებოდნენ, კოვიდ პაციენტებსაც ვეღარ უმკურნალებდნენ, შედეგად მათ სახლში ყოფნაც მოუწევდათ… ხოლო ამ გზით სასტუმროების გახსნა, როგორც ბიზნესისთვის, ისე მთელი სტუმართმოყვარეობის ეკოსისტემისთვის, ორმხრივი სარგებლის მომტანი იყო. 

ეკოსისტემის უნარების განვითარება კი აღმასრულებელ დირექტორებს გავლენის ტიპური სფეროს მიღმა მოქმედებისა და ისეთი ქსელების შექმნის საშუალებას აძლევს, რომლებიც არა მხოლოდ ბიზნესს, არამედ ფართო საზოგადოებასაც ემსახურება. კონკრეტულად კი დღევანდელი აღმასრულებელი დირექტორები შემდეგი 4 ძირითადი უნარის ჩამოყალიბებაზე უნდა ფოკუსირდნენ: 

  • ემოციური ინტელექტის უნარი — აქ რადიკალური ადამიანური მიდგომა, ცნობისმოყვარეობა, ღიაობა და დაუცველობის დემონსტრირება, ინტერესითა და თანაგრძნობით სხვებისთვის პასუხის გაცემა იგულისხმება. 
  • დაინტერესებული მხარეების საჭიროებების დაბალანსების უნარი — რაშიც საერთო ღირებულებებისა და კონკურენტების თანამშრომლებად გადაქცევის შესაძლებლობის ძიება მოიაზრება
  • გავლენით, მცირე ან არაფორმალური ავტორიტეტით, ხელმძღვანელობის უნარის გამომუშავება, რეპუტაციაზე დაყრდნობა და თანამშრომლების პატივისცემა, ეკოსისტემის ლანდშაფტის ცოდნა, მომგებიანი შედეგების ერთგულება და კომპრომისზე წასვლისთვის მზადყოფნა, როცა ეს არც არის შესაძლებელი…
  • საზოგადოებრივ პირად ყოფნის უნარი და პასუხის გაცემა დაინტერესებული ჯგუფებისთვის. ეს ბალანსის, თავდაჯერებულობისა და ეკოსისტემის საკითხების ფლობას მოითხოვს.

4. ააგეთ ინფრასტრუქტურა

მართალია, კომპანიები იმგვარადაა აგებული, რომ თანამშრომლობა საბოლოო მიზნისკენ მიმართოს, მაგრამ აქ ეკოსისტემები გათვალისწინებული არ არის, ცალკეული ნაწილებისგან შედგება და ფორმალური მმართველობის გარეშე თავისუფლადაც იმართება… 

ეკოსისტემის ძალისხმევის ერთ-ერთ მაგალითად კი CEO Action for Diversity & Inclusion შეგვიძლია განვიხილოთ. იგი დაარსდა საერთო რწმენაზე, რომლის მიხედვითაც მრავალფეროვნება, თანასწორობა და ინკლუზიურობა სოციალური საკითხია და არა — კონკურენტული. ხოლო ბიზნესსაზოგადოებისგან გაბედული ქმედებები და თანამშრომლობა მასშტაბური ცვლილებების განსახორციელებლად, განსაკუთრებით აღმასრულებელი დირექტორებისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. აქ კი შემდეგი სარგებელი იკვეთება:

  • აღმასრულებელი დირექტორების ერთგული ქსელი, რაც გავლენიანი კომპანიების წარმომადგენლებსაც მოიცავს 
  • ხალხისთვის მხარდაჭერის შესაძლებლობის გაჩენა და ხელმომწერთა მზარდი სია
  • ფორუმის დაფინანსება და კომპანიის ძალისხმევა, რაც კონკრეტულ დღის წესრიგს წინ უძღვის
  • სემინარები, ინსტრუმენტები და რესურსები, რომლებიც თანამშრომლებს პროცესში ჩართვის საშუალებას აძლევს
  • კომპანიებსა და ადგილობრივ ორგანიზაციებს, არასამთავრობო დაწესებულებებსა და სამთავრობო პოლიტიკის შემქმნელებს შორის თანამშრომლობა
  • პლატფორმა, რომელიც წევრებს მოქმედებისა და ერთმანეთისთვის გამოწვევების გაზიარების საშუალებას აძლევს.

ამასთან, თვლიან, რომ ღირებული და მნიშვნელოვანი ქმედებების საჯარო გაზიარება არის სწორედ ის, რაც წევრებს კონკრეტული მიზნების უფრო სწრაფად და ეფექტურად მიღწევაში ეხმარება.

5. განსაზღვრეთ რისკები

აღმასრულებელი დირექტორები ხშირად გადაწყვეტილებებს გარკვეული რისკის ფასად იღებენ. ისინი ახალ და უცნობ ტერიტორიებზეც კი გადადიან. მათ ეკოსისტემის ისეთი საკამათო საკითხების მოგვარება შეიძლება დაიწყონ, რომელზეც მარტივი პასუხები არც არსებობს. ისეთ ინვესტორებთან გარიგებაც შეიძლება მოუწიოთ, რომლებიც სოციალურ პასუხისმგებლობას აჩვენებენ, მაგრამ ნაკლები მოთმინება აქვთ იმისათვის, რომ მოკლევადიანი მოგებები გრძელვადიან მიზნებს შესწირონ. 

კონკრეტული რისკების შესაფასებლად კი აღმასრულებელი დირექტორები უნდა დაფიქრდნენ, რომელ ეკოსისტემაში შეაბიჯებენ. საბჭოსთან, დარგის ექსპერტებთან, სანდო მრჩევლებსა და სხვა ორგანიზაციებთან კონსულტაციით, მათ უნდა გადაწყვიტონ, საიდან მიიღებენ ყველაზე დიდ სარგებელს. ამისთვის, დაინტერესებულ მხარეებსა და სანდო ლიდერებთან ხშირი და ღია დიალოგიც უნდა შეინარჩუნონ.

ხოლო მიუხედავად იმისა, რომ რისკები ხშირად რეალურია, სარგებლის მიღების პოტენციალი აქ მაინც არსებობს. აღმასრულებელ დირექტორებს პოზიტიური საზოგადოებრივი განწყობებით შეუძლიათ დატკბნენ, რაც მათი ძალისხმევის შედეგი იქნება. აქ მომხმარებლებისა და თანამშრომლების მოზიდვაზეც შეგვიძლია ვისაუბროთ, რომელიც მხარს დაინტერესებულ მხარეთა მიდგომას უჭერს. უფრო ღრმა, უფრო პროდუქტიული ურთიერთობები კონკრეტულ ჯგუფებთან, მთავრობებთან და სოციალურ დაწესებულებებთანაც კი ყალიბდება და ამასთან, ინოვაციური გადაწყვეტილებები, მრავალფეროვანი გაერთიანებების ერთობლივი მუშაობით მიიღება.

დღევანდელ სამყაროში კი ხელმძღვანელებს საშუალება აქვთ, შექმნან საერთო მომავალი, რითაც გავლენას მთელ ეკოსისტემაზეც მოახდენენ. 

წყარო: HBR



საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლობალაიზის პირველი ევროპული კონფერენცია პარიზში წარმატებით ჩატარდა

საინტერესო პოდკასტი — რა არის სუპერ აპი?