ყველაზე დიდი და კაშკაშა სუპერმთვარე ცაზე სულ მალე გამოჩნდება. NASA-ს თქმით, სავსე მთვარეს პარასკევის დილამდე ვიხილავთ. ამ დროისთვის კი მთვარე ყველაზე ახლო წერტილში იმყოფება დედამიწასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი იდეალურად ჩანს. მას „მონადირის მთვარეს“ უწოდებენ, რაც Farmers’ Almanac-ის მიხედვით, იმ სეზონზე მიგვანიშნებს, როდესაც ცხოველები ცივი ზამთრისთვის ერთიანდებიან, ხოლო მონადირეები ხორცს ინახავენ…
სად ან როდის ვნახოთ ოქტომბრის სუპერმთვარე?
თანავარსკვლავედებისა და მეტეორების წვიმისგან განსხვავებით, სუპერმთვარის დანახვას თითქმის ყველა ადგილიდან მარტივად შეძლებთ.
„ეს ის არის, რისი დანახვაც ადამიანებს შეუძლიათ მაშინაც კი, თუ ქალაქში ცხოვრობენ, მარტივად შესამჩნევია და ამისთვის სპეციალური მოწყობილობა არ დაგჭირდებათ“, — აცხადებს ჯენიფერ ჰოფმანი, Chamberlin Observatory-ის ხელმძღვანელი.
ტერმინი სუპერმთვარე სავსე, ახალ მთვარეზე მიგვანიშნებს, რომელიც ზუსტად იმ დროს ჩნდება, როცა მთვარე ყველაზე ახლოსაა დედამიწასთან, რასაც, თავის მხრივ, პერიგეას უწოდებენ. Space.com-ის თანახმად, ოთხშაბათის საღამოდან ჩვენ გვაქვს შანსი, სუპერმთვარე დავინახოთ, რომელიც ჩვეულებრივზე 14%-ით უფრო კაშკაშაა. გუშინ სუპერმთვარე 27 000 კილომეტრით ახლოს იყო, ღამით ზრდა განაგრძო და სრულად სავსე მთვარეს დღეს, ხუთშაბათს, 15:26 საათისთვის (7:26 a.m. ET) ვიხილავთ.
ხოლო, როცა მთვარე ახლოსაა ჰორიზონტთან, ოპტიკური ილუზია იქმნება და იგი ჩვეულებრივზე ბევრად დიდი ჩანს, კონტრასტს კი ირგვლივ არსებული ხეები თუ შენობები აძლიერებს.
აღსანიშნავია, რომ ამ კვირის მთვარე წლის 4 სუპერმთვარიდან მესამეა, მეოთხეს კი უკვე ნოემბერში ვიხილავთ. თუმცა ის, რაც ამ კვირის მთვარეს განსაკუთრებულს ხდის, პერიგეასა და სავსე მთვარის დამთხვევაა, რაც მას წლის ყველაზე დიდ და კაშკაშა მთვარედ აქცევს. ხოლო, თუ გაინტერესებთ, ზუსტად რა დროს ამოვა თქვენს საცხოვრებელ ადგილზე სავსე მთვარე, ეს მთვარის კალკულატორით შეგიძლიათ, შეამოწმოთ.
მანამდე კი შეგიძლიათ, დაათვალიეროთ, როგორ ჩანდა აგვისტოს სუპერმთვარე მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, მათ შორის საქართველოდანაც.