10 ივლისს სასტუმრო „ბილტმორში” სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგმა” მასშტაბური პრეზენტაცია გამართა, რომელზეც სრულიად ახალი და ინოვაციური სერვისი წარმოადგინა – კონსულტაცია უცხოელ ექიმებთან. ეს სიახლე ქართველ მომხმარებელს აძლევს საშუალებას, სახლიდან გაუსვლელად გადაამოწმოს დიაგნოზი ევროპის წამყვან სპეციალისტებთან და მიიღოს რეკომენდაცია მკურნალობის გეგმასთან დაკავშირებით. მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია ჯიპიაის ჯანმრთელობის დაზღვევის ფარგლებში ყველასთვის, ვინც 15 ივლისიდან განაახლებს ან შეიძენს ჯიპიაი ჰოლდინგის ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს.
სერვისი „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ ხელშეწყობით დაინერგა და მოიცავს საერთაშორისო მედიცინის პლატფორმა Diagnose.me-ს ინტეგრირებას ჯიპიაის სისტემაში. Diagnose.me 2013 წელს დაარსდა ლუკას ალნერის მიერ. ციფრული პლატფორმა დღესდღეობით 3.5 მილიონ მომხმარებელს მოიცავს, თანამშრომლობს ევროპის ტოპექიმებთან, რომლებსაც მკაცრი კრიტერიუმებით არჩევს და მისი უპირატესობა ისაა, რომ სპეციალობების არეალი არაა შეზღუდული. ამ პლატფორმაზე შესაძლებელია როგორც ონკოლოგიური დიაგნოზის გადამოწმება, ისე ორთოპედიული, გინეკოლოგიური, კარდიოლოგიური და სხვა მომსახურების მიღება. ჯამში, პლატფორმა 100-ზე მეტ სამედიცინო მიმართულებას აერთიანებს. ამასთან, სპეციალურად ქართველი მომხმარებლებისთვის შეიქმნა ამ ცნობილი პლატფორმის ქართული ვერსია, რაც მათ სერვისით სარგებლობას უმარტივებს.
თამთა ყიფიანი, „ჯიპიაის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი:
„ჯიპიაი ჰოლდინგისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს დაზღვეულებს ევროპულ მედიცინაზე გავუხსნათ წვდომა. ეს საჭიროება ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დავინახეთ, როდესაც დავნერგეთ ონკოლოგიური დიაგნოზის გადამოწმების სერვისი. ჩვენს მომხმარებელს შეეძლო საქართველოში დადგენილი ონკოლოგიური დიაგნოზი ჩვენი პარტნიორი კლინიკის, „კურაციოს” დახმარებით საზღვარგარეთ გადაეგზავნა და იქიდან მიეღო ექიმის უკუკავშირი. ამ სერვისს იმდენად დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რომ გადავწყვიტეთ, გაგვეფართოებინა და არ შემოვფარგლულიყავით მხოლოდ ონკოლოგიური შემთხვევებით. Diagnose.me-სთან თანამშრომლობაც ამ გეგმის ნაწილია და დღეს უკვე ჩვენს დაზღვეულებს აქვთ შესაძლებლობა, ნებისმიერი საეჭვო ან უკვე აქ დადასტურებული დიაგნოზი ევროპელ დარგის ექსპერტებთან გადაამოწმონ.
ჩვენ შევქმენით ამ პლატფორმის ქართული ვერსია, სადაც მომხმარებელს ექნება პირადი კაბინეტი და აქედან შეძლებს, აირჩიოს დარგის სპეციალისტი. ეს შეუძლია, თვითონაც გააკეთოს და ასისტენტის მეშვეობითაც, რომელიც ურჩევს, რომელი ექიმი სჭირდება. შემდეგ პაციენტი ტვირთავს თავის სიმპტომებსა და დასმულ დიაგნოზს, რომლის გადამოწმებაც სურს და 5-7 დღის ვადაში იღებს უკუკავშირს უცხოელი ექიმისგან. ძირითადი კომუნიკაცია დგება მიმოწერის საშუალებით, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, ერთჯერადად ვიდეოზარის ჩანიშვნაც შეუძლია. მთლიანობაში, ამ სერვისით სარგებლობა ჩვენს დაზღვეულებს წელიწადში სამჯერ შეეძლებათ.
ვიმედოვნებთ, რომ სერვისი ბევრ ჩვენს დაზღვეულს დაეხმარება ჯანმრთელობის სწორ მართვაში და, მეორე მხრივ, ჯიპიაი ჰოლდინგს კონკურენტულ უპირატესობას შესძენს სადაზღვევო ინდუსტრიაში”.

პრეზენტაცია თავად Diagnose.me-ს დამფუძნებლებმა გამართეს. ლუკას ალნერმა ისაუბრა იმ პერსონალურ ისტორიაზე, რომელიც უძღოდა ამ პლატფორმის შექმნას, დამსწრე საზოგადოებას წარმატებული შემთხვევებიც გაგვიზიარა და პლატფორმის მუშაობის დეტალებიც გაგვაცნო. მან ასევე აღნიშნა, რომ სტატისტიკურად, არასწორად დასმული დიაგნოზის პრობლემა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში აქტუალურია და მისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ისეთი პარტნიორის შეძენა, როგორიც ჯიპიაი ჰოლდინგია.

„Diagnose.me მსოფლიო მასშტაბით აძლევს საშუალებას მომხმარებელს, რომ გაიარონ კონსულტაცია ტოპსპეციალისტებთან. ჩვენი პორტფელი უკვე 55 000-ზე მეტ საქმეს მოიცავს და მოხარული ვარ, რომ ჯიპიაის მეშვეობით, ახლა ეს პლატფორმა უკვე ქართულ ენაზე, ქართველი პაციენტებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება”, – აღნიშნავს ლუკას ალნერი.
უცხოელ სპეციალისტებთან დიაგნოზის გადამოწმება საკმაოდ მოთხოვნადი და გავრცელებული პრაქტიკაა. მაგალითად, ხშირია ისეთი შემთხვევა, როდესაც პაციენტს უჭირს გადაწყვეტილების მიღება, გაიკეთოს თუ არა ოპერაცია და ამისთვის დამატებითი კონსულტაცია სჭირდება. Diagnose.me-ს ექიმები გადაამოწმებენ მის შემთხვევას – თუ ოპერაცია გარდაუვალია, ის მიიღებს დასტურს და მშვიდად მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებს, ხოლო, თუ ეტყვიან, რომ მისი მდგომარეობა არ საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას, პაციენტი თავიდან აიცილებს საოპერაციო მაგიდას.

აქამდე ქართველი პაციენტისთვის მსგავსი მომსახურების მიღება საკმაოდ ბევრ ბარიერთან და ფინანსურ რესურსთან იყო დაკავშირებული. Diagnose.me-სთან თანამშრომლობით კი, ჯიპიაი ჰოლდინგი თავის დაზღვეულებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, დარწმუნდნენ თავიანთი დიაგნოზის სისწორეში და მხოლოდ რამდენიმე ღილაკზე ხელის დაჭერით, მიიღონ კონსულტაცია ევროპის საუკეთესო სპეციალისტებისგან.
[R]










