ჩემი პირველი სრულფასოვანი, ანაზღაურებადი სამსახური იყო პროკრედიტ ბანკის ქოლ ცენტრი, სადაც 24 წლისამ დავიწყე მუშაობა. პარალელურად, ვსწავლობდი მაგისტრატურაში და ვდედობდი. აღნიშნული სამუშაო საკმაოდ სტრესული იყო, დღის განმავლობაში ასობით ზარზე მიწევდა თავაზიანი და რაც მთავარია, სწორი პასუხის გაცემა. ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა, როდესაც უცნობ ადამიანს მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებაში ეხმარები. ვთვლი, რომ აღნიშნულ სამსახურს წარმატებით გავართვი თავი, აქ ძალიან დიდი, სპეციფიური და ღირებული გამოცდილება მივიღე. მინდა აღვნიშნო, რომ აქაც და შემდეგშიც ყოველთვის ძალიან მეგობრულ და კეთილგანწყობილ გარემოში მიწევდა მუშაობა, რაც დამატებითი მოტივაციაა განსაკუთრებით დღიური რუტინის პირობებში.
პირველ სამსახურში მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები ძალიან მეხმარება ყოველდღიურ საქმიანობაში. სწავლის დამთავრებისთანავე ჩემთვის საინტერესო და პროფესიის შესაბამისი სამსახურის ძებნას შევუდექი და მალევე jobs.ge-ს მეშვეობით დავიწყე მუშაობა სარეკლამო სააგენტოში Publicis ექაუნთ მენეჯერად, შემდეგ კი ამავე ჯგუფში – Saatchi & Saatchi-ში გავაგრძელე საქმიანობა.
დიანა თიგიშვილი, პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის ექსპერტი.














