Publicis Groupe მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საკომუნიკაციო მარკეტინგული ქსელია, რომელიც უკვე საუკუნეა აერთიანებს ასობით კომპანიასა და 80,000-ზე მეტ პროფესიონალს მთელ მსოფლიოში. ცოტა ხნის წინ, Publicis Germany-ის გუნდს დიანა თიგიშვილი შეუერთდა და ექაუნთ მენეჯერის როლი ჩაიბარა, არასატელევიზიო მედიის მიმართულებით. Publicis-თან ქართველ მარკეტერს დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებს – სწორედ ამ სააგენტოს უკავშირდება მისი პირველი კარიერული ნაბიჯები. შემდეგ კი, წლების განმავლობაში, ის რებანკის საცალო მარკეტინგის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. დღეს, დიანა თიგიშვილი Publicis-ის გუნდთან ერთად მუშაობს გერმანიაში და ევროპის ხუთი ქვეყნის მასშტაბით უძღვება საქმეს.
M: დიდი ხნის განმავლობაში „დამკვეთის“ მხარეს იყავი. როგორია კვლავ „სააგენტოს“ მხარეს დაბრუნება?
არაჩვეულებრივი. დამკვეთის როლიდან სულ ძალიან მინდოდა კვლავ სააგენტოში დაბრუნება, ვინაიდან ამ პერსპექტივით დანახული სფერო უფრო მელამაზება.
M: რითაა საინტერესო Publicis შენთვის?
Publicis იყო ჩემი პირველი სამუშაო შეხება მარკეტინგის და რეკლამის სფეროსთან, ამიტომ ამ ჯგუფთან ყველაზე დადებითი ემოციები მაკავშირებს. Publicis Groupe გერმანიაში რამდენიმე მედია და კრეატიულ სააგენტოს მოიცავს, ჯამში 2300 თანამშრომლით. ძალიან მიხარია, რომ წლების მერე Publicis-ში ისევ აღმოვჩნდი დიდ ბაზრებზე და მსხვილ ბრენდებთან მუშაობის შესაძლებლობით
M: რა შესაძლებლობებს ხედავ განვითარებისთვის სააგენტოში?
Publicis Groupe პროფესიული განვითარების დიდ შესაძლებლობას იძლევა, ვინაიდან მარტივია ჯგუფის შიგნით გამოცდილებების გაზიარება, ხელმისაწვდომი ხდება სხვადასხვა უახლესი რესურსი და რაც მთავარია, შესაძლებელია ჯგუფში შემავალ სააგენტოებს შორის მობილობა.
M: როგორია შენი, როგორც მარკეტერის როლი და გეგმები ახალ პოზიციაზე?
ამჟამად Publicis Media – ში ერთ-ერთი მსხვილი ბრენდის მედია მენეჯერი ვარ და მეხება ამ ბრენდის მედია სტრატეგია, განთავსების მონიტორინგი და რეპორტინგი 5 ქვეყნის მასშტაბით. უშუალოდ მედიის მიმართულებით ეს ჩემთვის პირველი გამოცდილებაა და უახლოესი გეგმაა ამ მიმართულების სიღრმისეულად გაცნობა. პარალელურად ვსწავლობ გერმანულ ენას, რაც ადგილობრივ ბაზარზე განვითარებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი პირობაა.