in

Coca-Cola-ს, Lego-სა და Duracell-ის წარმატების 5 საიდუმლო

ქრონოლოგიის დაცვით, Coca-Cola 1892 წელს გამოჩნდა ბაზარზე, Lego — 1932-ში, ხოლო Duracell-მა 1965-ში იხილა „მზის სინათლე“. არსებობის დღიდან, სამივე მათგანმა გაუძლო დროის გამოცდას — ათწლეულების მანძილზე ყველანაირი განსაცდელისა და გასაჭირის ეტაპები გამოიარეს, რათა ყოველდღიურობის მარადიულ ნაწილად ქცეულიყვნენ.

ერთია შესანიშნავი მარკეტინგი, მაგრამ კიდევ რა აქვთ საერთო, რამაც დღევანდელ რეალობამდე მოიყვანა?

1. თანმიმდევრულობა მთავარია

იმისათვის, რომ რაღაც პოპულარული და ფართო საზოგადოებებისთვის ცნობადი გახდეს, დროა საჭირო. მაგალითად, Coca-Cola-ს საკულტო თეთრ-წითელი ლოგო და გამორჩეული ფორმის ბოთლი აქვს. მისი კამპანიები კი მუდმივად განსაკუთრებულ მომენტებთან ასოცირდება — ძვირფას წუთებთან, რომლებსაც ამ „მაგიურ“ სასმელთან იზიარებენ.

ამავდროულად, ლეგოსაც თავისი საკულტო და უცვლელი ლოგო აქვს, თუმცა მთავარი აქცენტი უშუალოდ პროდუქტის დიზაინზე მოდის. ლეგოს კუბიკები ადვილად ამოსაცნობია, ბრენდი კი რეკლამებში ამ კუბიკების უსასრულო შესაძლებლობებზე ფოკუსირდება.

Duracell-ის ბატარეები კი იმდენად ყოველდღიურობის ნაწილად გვექცა, სპილენძისა და შავი ფერების დანახვისას ავტომატურად მის პროდუქტს ვაიდენტიფიცირებთ. რომ აღარაფერი ვთქვათ, ბრენდის საკულტო პერსონაჟ ბაჭიაზე, რომელიც ელემენტების „ენერგიულობაზე“ მიანიშნებს.

2. ყოველთვის გადალახეთ საზღვრები

თუ გსურთ, საუკეთესო იყოთ, რაღაც ყველასგან განსხვავებული უნდა გააკეთოთ. თავისთავად, ეს რისკზე წასვლასაც გულისხმობს. Coca-Cola-ს შემთხვევაში, ეს ტრადიციულთან ერთად, არასტანდარტული გემოების გამოშვებაა — მიუხედავად იმისა, რომ ორიგინალს ყოველთვის მეტი უპირატესობა ენიჭება, ბრენდი გამუდმებით სიახლეებს სთავაზობს მომხმარებლებს. თანაც კონკრეტულ პროდუქტს ყოველთვის თემატურ, სიმბოლიკით გაჟღენთილ კამპანიებს უკავშირებს — შესაბამისად, არა მხოლოდ ახალ სასმელს, არამედ მთელ ნარატივს და ამბავს ვყიდულობთ, რაც ყველაფერს მეტ მაგიურობას სძენს.

Lego-ს კი იმდენად დიდი მრავალფეროვნება აქვს, ალბათ არასდროს გამოელევა იდეები — ამ თავისი მინიმალისტური და „ერთფეროვანი“ კუბიკებით უამრავი განსხვავებული, ფანტასტიკური სამყაროს შექმნის შესაძლებლობა მოგვცა. ამასთან, ბრენდი ყოველთვის აკვირდება მიმდინარე ტენდენციებს და პოპულარობის მიხედვით სთავაზობს ბავშვებს თემატურ კომპლექტებს.

ხოლო Duracell-მა თავისი პერსონაჟი Energizer კურდღლის ანალოგად დანერგა თავის მარკეტინგში. სხვა სიტყვებით, ბრენდმა პროდუქტის „უმაღლესი ძალა“ მარკეტინგული იდენტობით გაამყარა — მომხმარებლებმა კი უბრალო ბატარეების მიღმა რაღაც უფრო დიდი მნიშვნელობა დაინახეს.

3. ემოციები ყიდის

„ადამიანები დაივიწყებენ შენს ნათქვამს.. იმას, რაც გააკეთე. მაგრამ ხალხი არასდროს დაივიწყებს იმას, თუ როგორ აგრძნობინე თავი“, — მაია ენჯელოუს ეს სიტყვები ზუსტად მიესადაგება იმ გასაღებს, თუ როგორ უნდა შექმნათ ყველაზე გაყიდვადი ბრენდი. ნებისმიერ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ემოციას და არა — რაციონალურ ხედვას.

Coca-Cola ცნობილია თავისი სტრატეგიით, რომ არა „ცარიელი პროდუქტები“, არამედ მთელი რიგი ემოციები გაყიდოს. ამისათვის აქტიურად მუშაობენ გრძნობებითა და განცდებით გაჟღენთილ სარეკლამო კამპანიებზე, რომლებიც სიხარულის, ერთიანობისა და ჯადოსნურობის ემოციებს აღძრავს. ანალოგიურად, Lego კუბიკების უსაზღვრო შესაძლებლობებს უსვამს ხაზს, რაც ბავშვებს კრეატიული აზროვნების განვითარებაში ეხმარება. Duracell კი მოგვითხრობს ამბებს და გვიჩვენებს, თუ რა საკვანძო როლს ასრულებს მათი პროდუქტები ადამიანების ცხოვრებაში — დაწყებული სათამაშოებით, დასრულებული საყოფაცხოვრებო ნივთებით.

4. დაუკავშირდით კულტურას და ტრადიციებს

კულტურა და ტრადიციები მყარადაა საზოგადოებაში დამკვიდრებული. დიდი ბრენდები რეკლამის შექმნისას კი სიმბოლურ მინიშნებებს ყოველთვის იყენებენ, რათა კონკრეტული პროდუქტი ან სრულად თავიანთი იდენტობა ტრადიციასთან გააიგივონ. მაგალითად, Coca-Cola ახალი წლის სინონიმად იქცა და ვეღარავის წარმოგვიდგენია ეს დღესასწაული მის გარეშე — როგორც ტრადიციული რეკლამების, ისე მასშტაბური კამპანიების.

ლეგოსთვის კი ტრადიციად იქცა ბლოკბასტერულ ფილმებთან დაკავშირებული კომპლექტების გამოშვება. მათ შორის ბრენდი კავშირს ამყარებს ვარსკვლავურ ომებთან, ჰარი პოტერთან და საკულტო ღირსშესანიშნაობებთან, როგორიცაა ეიფელის კოშკი. Duracell კი, ისევე, როგორც კოკა-კოლა, სეზონურ მოვლენებს იყენებს — მაგალითად, საახალწლო განათებების ელექტროენერგიით მომარაგება ან სპორტული ღონისძიებების საკუთარ გაჯეტებში ყურების შესაძლებლობა.

5. ხაზი გაუსვით პოზიტიურ მნიშვნელობას

იმის ჩვენება, რომ წვლილი შეიტანეთ უკეთესი სამყაროს შექმნაში, აყალიბებს სანდოობას და გრძელვადიან ლოიალობას, რაც მნიშვნელოვნად სცილდება პროდუქტს. Coca-Cola-ს კარგად აქვს ეს გაცნობიერებული და ყოველთვის ინარჩუნებს ინკლუზიურობის იდეას — ამტკიცებს, რომ მთელი მსოფლიოს ადამიანებს, მიუხედავად განსხვავებებისა, კოკა-კოლას მეშვეობით ყოველთვის შეუძლიათ საერთოს გამონახვა და დაკავშირება.

ლეგოს შემთხვევაში კი ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ მისი კუბიკები აუტიზმის მქონე ბავშვებს სოციალური უნარების განვითარებაში ეხმარება — მაგალითად, პრობლემის გადაჭრა და რაიმეს გაზიარება.

რაც შეეხება Duracell-ს, ბრენდმა ეკოლოგიურად სუფთა გზა აირჩია და რამდენიმე წლის წინ მრავალჯერადად დასამუხტი ბატარეები გამოუშვა.

Polaroid ახალ I-2 Instant Camera-ს უშვებს

#ერთადგავიმარჯვებთ — ბორჯღალოსნები რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე