in

დიდი მეწარმეები, რომლებმაც მცირედით დაიწყეს

საოცარია იმის გაანალიზება, თუ რა მცირე სახსრებით დაიწყეს კონკრეტულმა ადამიანებმა ბიზნესი და როგორ მიაღწიეს უზარმაზარ წარმატებებს. რამდენი დაბრკოლება გადალახეს, რამდენი იშრომეს და იბრძოლეს მიზნის მისაღწევად. ვისაუბროთ რამდენიმე მათგანზე.

ოპრა უინფრი

ოპრა უინფრი მარტოხელა დედამ გაზარდა. ბავშვობაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო და ისეთ სიღარიბეში გაიზარდა, რომ სკოლაში ბავშვები დასცინოდნენ კარტოფილის ტომრებისგან შეკერილი კაბების ტარების გამო.

მიუხედავად იმისა, რომ ოპრა ნიჭიერი მაუწყებელია, მისი წარმატება მაინც ბიზნესმენის თანდაყოლილმა უნარებმა უზრუნველყო. უამრავი ადამიანი უძღვება თოქ-შოუებს, მაგრამ ის, რაც ოპრას გამოარჩევს, არის მისი სამეწარმეო საქმიანობა, რაც პირველად დადასტურდა მაშინ, როდესაც მოლაპარაკებას აწარმოებდა მის შოუზე საკუთრებისა და სინდიკაციის უფლებების შესახებ. ამ ნაბიჯმა მას საშუალება მისცა შეექმნა საკუთარი საპროდიუსერო კომპანია და 32 წლის ასაკში გახდა მილიონერი.

ჟურნალ Forbes-ის მიხედვით დღეს ოპრა უინფრის ქონება $3 მილიარდს შეადგენს.

სტივ ჯობსი

კიდევ ერთი მილიარდერი, სტივ ჯობსი გაიზარდა საშუალო კლასის ოჯახში. ჯობსი რიდის კოლეჯში მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში სწავლობდა. შემდეგ ოჯახის ფინანსებზე ზრუნვის მიზეზით სწავლა მიატოვა, თუმცა მშობლებისთვის ამის შესახებ არ უთქვამს. ის აგრძელებდა კოლეჯში სიარულს თავისუფალი მსმენელის სტატუსით და ჭამდა უფასოდ ადგილობრივ ჰარე კრიშნას ტაძარში. 1974 წელს ჯობსი საცხოვრებლად ინდოეთში გადავიდა და შვიდი თვის განმავლობაში ცხოვრობდა აშრამში.

ჯობსს ინსპირაციას აძლევდა ახალი კომპიუტერული რევოლუცია. 1975 წელს სტივ ვოზნიაკთან ერთად ავტოფარეხში დააარსა Apple Computer. Apple, როგორც ცნობილია, დაარსებისთანავე ჰიტად იქცა, მაგრამ იცოდით, რომ სტივ ჯობსი გაათავისუფლეს მის მიერ დაარსებული კომპანიიდან? მაგრამ ის ძალიან ძლიერი პიროვნება აღმოჩნდა, რაც გამოარჩევდა კიდეც დანარჩენი სამყაროსგან. მოგვიანებით ასე საუბრობდა მის გათავისუფლებაზე:

„აღმოჩნდა, რომ Apple-იდან გათავისუფლება ყველაზე კარგი რამ იყო, რაც კი ოდესმე შეიძლებოდა მომხდარიყო ჩემთვის. წარმატების სიმძიმე შეიცვალა ისევ დამწყების სიმსუბუქით. ამან გამათავისუფლა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე შემოქმედებით პერიოდში“.

როდესაც 2011 წელს პანკრეასის სიმსივნით გარდაიცვალა, Forbes-ის მიხედვით მისი ქონება $7 მილიარდად იყო შეფასებული.

უოლტ დისნეი

იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც ძალიან მცირე შესაძლებლობით დაიწყეს და წარმოუდგენელი დაბრკოლებები გადალახეს, ერთ-ერთი პირველი, ალბათ, უოლტ დისნეი უნდა ვახსენოთ. უფრო მეტიც, ის ბევრჯერ გადაურჩა გაკოტრებას და სასამართლო პროცესებს. 1922 წელს შექმნა თავისი პირველი ანიმაციური კომპანია „Laugh-O-Gram“. პარტნიორთან ერთად გადაიღო მოკლე სარეკლამო ფილმები და ცდილობდა შეექმნა მისი პირველი ანიმაციური პერსონაჟი — იღბლიანი კურდღელი ოსვალდი. სამწუხაროდ, ფილმის პროდიუსერმა დისნეი და მისი პარტნიორი მოატყუა და ოსვალდზე საავტორო უფლებები დაკარგეს.

დისნეიმ ყველაფერი თავიდან დაიწყო. შექმნა კიდევ ერთი ახალი კომპანია. სწორედ მაშინ გადაწყვიტა, რომ სჭირდებოდა ოსვალდის შემცვლელი პერსონაჟის შექმნა და ასე დაიბადა მიკი მაუსი.

„ხვლიკი და ჭიანჭველა“ — მეცნიერებმა ორი ახალი რობოტი შექმნეს

Considering What? — კამპანია პარაოლიმპიელებზე არსებულ არასწორ წარმოდგენებს უპირისპირდება