არ აქვს მნიშვნელობა, რას გულშემატკივრობ, მნიშვნელობა აქვს, რომელ არხს უყურებ.
პირველი არხის ახალი სეზონის კამპანია რამდენიმე ნაწილისგან შედგება. ცხელი სპორტული ზაფხული კალათბურთში მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატით დაიწყო, სექტემბრიდან კი პირველი არხი „რაგბის მსოფლიო თასს“ შესთავაზებს მაყურებელს, ისევე როგორც მსოფლიო ჩემპიონატს ძალოსნობაში და ფეხბურთში 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებს.
დიდი სპორტის კამპანიის კონცეფცია კალათბურთის და რაგბის მსოფლიო ჩემპიონატებში საქართველოს ეროვნული ნაკრებების მონაწილეობას ასახავს, რაც განსაკუთრებული მოვლენაა ქართული სპორტის ისტორიაში. პირველი არხის პლატფორმები არის ის ადგილი, სადაც საზოგადოება დიდ სპორტს ელოდება და საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ ერთიანდება. არხის ახალ კამპანიაში სწორედ ეს მუხტია გადმოცემული: „არ აქვს მნიშვნელობა, რას გულშემატკივრობ, მნიშვნელობა აქვს, რომელ არხს უყურებ“.
„ჩვენი მიზანი იყო წვლილი შეგვეტანა ეროვნული ნაკრებების მხარდაჭერაში. ასევე, ამ კამპანიით ვეცადეთ ხაზი გაგვესვა მოვლენის მასშტაბისთვის, ჩვენი ორი ნაკრები ორ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშობს და რა თქმა უნდა, საზოგადოებისთვის და გულშემატკივრებისთვის შეგვეხსენებინა, რომ ყველა დიდ სპორტულ მოვლენას სწორედ პირველი არხის პლატფორმებზე შეუძლიათ, ადევნონ თვალი – არ აქვს მნიშვნელობა რას გულშემატკივრობ, მთავარია უყურო პირველ არხს“, – განაცხადა პირველი არხის ბრენდინგისა და პრომოციის ჯგუფის უფროსმა, ჯაბა მელქაძემ.
კამპანია სექტემბრიდან ახალი პლატფორმის ჩაშვებით გაგრძელდება, პირველი არხი ახალ სეზონს პირველი ქართული უფასო BVOD (Broadcaster video on demand) პლატფორმის 1TVplay ჩართვით დაიწყებს, რომლის საშუალებითაც მაყურებელს დიდი სპორტის ლაივ სტრიმებს და საუკეთესო ხარისხის ქართულ პროდუქტს შესთავაზებს.
„პირველი არხის მიზანია, საზოგადოების ყველა სეგმენტს მისთვის საინტერესო, მრავალფეროვანი და მნიშვნელოვანი პროდუქტი, ყველა ხელმისაწვდომი პლატფორმის საშუალებით მიაწოდოს. ახალი სეზონიდან საზოგადოებას პირველ, ქართულ, უფასო BVOD პლატფორმას – 1TVplay შევთავაზებთ. BVOD ჩვენი ციფრული დისტრიბუციის სტრატეგიის ნაწილია, რომელზეც ევროპის მაუწყებელთა კავშირის ექსპერტებთან ერთად ვიმუშავეთ“, – განაცხადა პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.
პირველი ქართული BVOD პლატფორმა 1TVplay აუდიტორიის ჩართულობას ყველა მოწყობილობიდან (სმარტფონი, პადი, დესკტოპი, ეკრანი) უზრუნველყოფს.
[R]