იმ ქვეყნებს, რომელთა მოსახლეობაც 90 წელს მარტივად აღწევს, ლურჯ ზონად მოიხსენიებენ და ვინ თუ არა, მათ იციან ჯანსაღად და ბედნიერად ცხოვრების საიდუმლო. თანაც, „ლურჯ ზონებში ხანგრძლივი ცხოვრება მარტივი თანმიმდევრული ცხოვრების წესითა და კულტურული ჩვევებით მიიღება, რომლებიც ბუნებრივადაა ჩაქსოვილი ყოველდღიურობაში“. ახლა კი მოდით, ერთად გავიგოთ, როგორ ვიცხოვროთ დიდხანს და ბედნიერად… ზუსტად ისე, როგორც ზღაპრებში ხდება:
სტრესის მართვის ტექნიკები
ამ ადამიანებში სტრესის შემამსუბუქებელი რიტუალები საკმაოდ გავრცელებულია, იქნება ეს ლოცვა თუ მედიტაცია. ლოცვას ფსიქოლოგი სინტია ჰარვერი, თვითრეგულირების ხელსაწყოდ მიიჩნევს, რომელიც ნერვულ სისტემას შესვენებისა და განტვირთვის საშუალებას აძლევს, შედეგად კი იმედის, კუთვნილებისა და კავშირის გრძნობებს აყალიბებს, შფოთვას ამცირებს და ემოციურად გვაძლიერებს.
მსგავსად ხდება მედიტაციის შემთხვევაშიც, კორტიზოლის დონე მცირდება და ნაცრისფერი მატერია იზრდება, რომელიც სწორედ ემოციების რეგულირებაზეა პასუხისმგებელი.
მიზნის შეგრძნება
იკიგაის შესახებ ხომ გსმენიათ? ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების იაპონური საიდუმლოა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, იაპონური კონცეფცია, რომელიც ადამიანებს არსებობის მიზეზის პოვნისკენ უბიძგებს. სხვა კულტურებში Plan de Vida გვხვდება, სულის მიზანი, რომელიც ჩვენივე ღირებულებების შესაბამისი ცხოვრებისკენ მიგვითითებს.
„მიზნის ცოდნა მიმართულებასა და მნიშვნელობას გაძლევთ, განსაკუთრებით რთულ პერიოდში. იგი თვითშეფასებასაც ზრდის, უიმედობის განცდას ამცირებს და მოტივირებულს გვხდის. ხანგრძლივად ცხოვრება კი პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ფუნქციონირების უნარს და მიზნის გარეშე ეს რეგრესიას განიცდის“, — განმარტავენ ფსიქოლოგები.
სოციალური კავშირები და კუთვნილების შეგრძნება
ზოგიერთ კულტურას თუ ოჯახთან მჭიდრო კავშირები, საერთო ტრადიციები და ამბები აერთიანებთ, ოკინაველები Moais-ს ქმნიან — სამუდამო მეგობრების წრეა, რომლებიც საერთო ღირებულებებს, მიზნებსა და ინტერესებს იზიარებენ.
„სხვებთან ერთად რაღაცებზე საუბარი, სიცილი ან უბრალოდ იმ ადამიანთან დროის გატარება, რომელთაც თქვენი ესმით, ნერვულ სისტემას დაგიბალანსებთ. შედეგად, ასეთი ხანგრძლივი მხარდამჭერი ურთიერთობების მქონე ადამიანები უფრო დიდხანს ცხოვრობენ და ნაკლები ქრონიკული დაავადება აქვთ“.
კვლევები კი ამბობს, რომ მარტოობა ადრეული გარდაცვალების რისკებს ზრდის…
კვების რაციონი და ჩვევები
ლურჯი ზონების ქვეყნების მაცხოვრებლები, რაშიც უმეტესად იაპონია, იტალია, საბერძნეთი, კოსტა-რიკა და კალიფორნია მოიაზრება, ხმელთაშუა ზღვის დიეტაზე არიან, რაც საჭმელში მარილისა და შაქრის დამატებას გამორიცხავს და მდიდარია მცენარეული საკვებით, თევზითა თუ ჯანსაღი ცხიმებით. ჯანსაღი კვების რაციონი კი ემოციების რეგულირებაში ეხმარება მათ და კოგნიტიურ ფუნქციონირებაშიც უწყობთ ხელს.
თუმცა, რაოდენობაც მნიშვნელოვანია — აქ კი Hara Hachi Bu-ს წესი უნდა დაიცვათ, იგივე 80%-ის წესი, რომლის მიხედვითაც ჭამა მაშინ უნდა შეწყვიტოთ, როცა კუჭის 80% სავსე გექნებათ და ასე დანაყრებას უნდა აარიდოთ თავი. ეს პროცესის შენელებაში დაგეხმარებათ და თქვენი სხეულის მოსმენასაც გასწავლით.
ფიზიკური აქტივობა
ხანგრძლივად მცხოვრები ერები ინტენსიურ ვარჯიშებზე მეტად უპირატესობას სეირნობას, ველოსიპედის ტარებას, მებაღეობასა და მზარეულობას ანიჭებენ.
„რეგულარული მოძრაობა ჩვენს სხეულს აძლიერებს, განწყობას აუმჯობესებს და გონებას მკაფიოს ხდის. ანთების რისკებსაც ამცირებს, გულიც მეტად ჯანსაღია და არც ტვინს უჭირს რაღაცების დამახსოვრება თუ სწავლა“.
და როგორ გადმოვიტანოთ ეს ჩვევები ყოველდღიურობაში?
იყავით კავშირზე: დაურეკეთ მეგობარს, ისაუზმეთ ოჯახთან ერთად, გაწევრიანდით კლუბში ან გახდით მოხალისე. 10-წუთიანმა კავშირმაც კი შეიძლება გააუმჯობესოს თქვენი განწყობა.
იცოდეთ თქვენი „რატომ?“: საკუთარ თავს ჰკითხეთ, რა მაძლევს ენერგიას? რომელ ადამიანთან ვგავარ ყველაზე მეტად საკუთარ თავს? პასუხებში კი ხშირად მიზანს აღმოაჩენთ, იქნება ეს საყვარელ ადამიანებზე ზრუნვა, შემოქმედებითი მუშაობა თუ სულიერი ზრდა…
ივარჯიშეთ სიმშვიდეში: ეცადეთ, დღის მანძილზე სიმშვიდე შეინარჩუნოთ ისეთი აქტივობებით, როგორებიცაა ლოცვა, მედიტაცია, სუნთქვითი ვარჯიშები, დღიურების წარმოება, ბუნებაში სეირნობა თუ ტექნოლოგიებისგან თავისუფალი საათები.
იმოძრავეთ მეტი: ისეირნეთ მაშინაც კი, როცა ტელეფონზე ლაპარაკობთ, გაიწელეთ საქმეებს შორის, იარეთ კიბეებზე. ასე რეგულარულად იმოძრავებთ და ფიზიკურ სიჯანსაღესაც შეინარჩუნებთ.
საუკეთესო ამბავი კი აქ ის არის, რომ ჯანსაღი და ბედნიერი ცხოვრებისთვის ნაბიჯები ამ წამიდანვე შეგიძლიათ, გადადგათ. ასე რომ, ყველაფერი თქვენზეა…