in

მოქმედებს თუ არა დიდხანს მგზავრობა ჩვენს ფსიქიკაზე? — კვლევა

საცობები რომ ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად იქცა, ამაზე ბევრს აღარ ვილაპარაკებთ. თუმცა ჩვენს ჯანმრთელობაზე ცუდად რომ აისახება, ამას ახლა კვლევაც გვიდასტურებს… დატვირთულ სამუშაო დღეებში, როცა სამსახურიდან სახლში და სახლიდან სამსახურში რუტინულად გვიწევს გადაადგილება, ფიზიკურად ნაკლებად აქტიურები ვხდებით. დროთა განმავლობაში კი ჭარბი წონა, ალკოჰოლისკენ მიდრეკილება და ცუდი ძილის რეჟიმიც კი შეიძლება მივიღოთ შედეგად… 

უფრო მეტიც, საცობში დგომა გულის წნევას ზრდის, რაზეც კიდევ ერთი კვლევა მოწმობს, თუმცა ეს მხოლოდ იმედგაცრუების ბრალი კი არ არის, არამედ იმისაც, რომ ამ დროს მძღოლებს უკიდურესად დაბინძურებული ჰაერის სუნთქვა უწევთ.

ამ მხრივ საინტერესო იქნებოდა თბილისში არსებული მდგომარეობის კვლევა, თუმცა სანამ ეს მონაცემები გვექნება იმ ქვეყნის მაგალითს გაგიზიარებთ, სადაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ეფექტები საკმაოდ თვალშისაცემია — სამხრეთ კორეა გრძელი საცობებითა და პოპულაციაში დეპრესიის ყველაზე მაღალი მაჩვენებლებითაა ცნობილი. კვლევამ კი, რომელიც 23 000 ადამიანს მოიცავდა, გამოავლინა, რომ მონაწილეებში, რომლებიც გადაადგილებას 1 საათზე მეტ დროს უთმობდნენ, 16%-ით უფრო მოსალოდნელი იყო დეპრესიული სიმპტომები, ვიდრე იმ ადამიანებში, რომლებსაც გადაადგილებისთვის 30 წუთი სჭირდებოდათ… გამოკითხულთა მეოთხედს დეპრესიის სიმპტომები აღენიშნებოდა. 

კვლევაში კონკრეტული საკითხი გენდერული ნიშნითაც განიხილეს. როგორც აღმოჩნდა, მამაკაცებში, რომლებიც ან არ იყვნენ დაქორწინებული, ან არ ჰყავდათ შვილები, ან 52-საათს მუშაობდნენ კვირაში, მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო. რაც შეეხება ქალებს, მგზავრობაში დახარჯული დიდი დრო პირდაპირ უკავშირდებოდა დეპრესიის სიმპტომებს, განსაკუთრებით კი იმ ქალებში, რომლებსაც დაბალი შემოსავალი ჰქონდათ, ცვლებში მუშაობდნენ ან მშობლები იყვნენ. 

და რაც უფრო ნაკლები დრო რჩებათ ადამიანებს, მით უფრო ნაკლები რესურსი აქვთ სტრესთან თუ ფიზიკურ დაღლილობასთან საბრძოლველად ძილის, ჰობებისა თუ სხვა აქტივობების დახმარებით… თუმცა რამდენიმე წლის წინ ჩატარებული კვლევა, რომელშიც 4500 ბრიტანელი მონაწილეობდა, გვეუბნება, რომ მანქანით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ველოსიპედით ან სიარულით რომ ჩაანაცვლოთ, ასე თქვენი მენტალური ჯანმრთელობა მკვეთრად გაუმჯობესდება. 

ალბათ, ცოტა უცნაურად მოგეჩვენებათ, მაგრამ ზოგიერთი დიდხანს მგზავრობას კარგი დროის გატარების შესაძლებლობადაც აღიქვამს, რათა სამსახურის საქმეებიდან გონება სხვა საკითხებისკენ მიმართოს. კავშირი დიდხანს მგზავრობასა და გაუარესებულ დეპრესიულ სიმპტომებს შორის დაბალი შემოსავლების მქონე თანამშრომლებში უფრო მკვეთრად იყო გამოხატული. სახლიდან მუშაობის სურვილს კი უფრო მეტად მაღალი შემოსავლების მქონე თანამშრომლები გამოხატავდნენ… დასკვნის სახით კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ მგზავრობის დროისა და დისტანციის შემცირებით, დიდი ალბათობით, ადამიანებისთვის უკეთესი გარემო შეიქმნება და ასე მათი ჯანმრთელობაც გაუმჯობესდება, — აცხადებენ მკვლევრები.

თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ კვლევა პანდემიამდე ჩატარდა, რის შემდგომაც დრამატული ცვლილებები მოხდა პროფესიულ გარემოში. როგორც აღმოჩნდა, ყველას არ შეუძლია სახლიდან მუშაობა… 

სულსწრაფად ზუმერში! — ვარსკვლავთცვენა და მატარებელი-ტვინი ზუმერის ახალ კამპანიაში

საახალწლო სპექტაკლი „თეატრი სახელოსნო 42-ში“ – სეზონის გენერალური სპონსორია SOLO