in

რამდენად ცუდია დიდხანს ჯდომა ჩვენი ჯანმრთელობისთვის? — კვლევა

ტექნოლოგიურმა წინსვლამ ადამიანებს აღარც მოძრაობის საჭიროება დაუტოვა და აღარც სურვილი… შესაძლოა, ეს უკანასკნელი არსებობდეს, მაგრამ არა ამის რეალური შესაძლებლობა. მსოფლიო მოსახლეობის უმეტესობა დღის მანძილზე საკმაოდ დიდხანს ზის სამსახურში კომპიუტერთან ან სახლში, ტელევიზორის წინ. არადა, ჩვენი სხეული მოძრაობისთვისაა შექმნილი, ხოლო მოძრაობის ჯდომით ჩანაცვლება ჩვენსავე ჯანმრთელობაზე აისახება ცუდად. ამას უკვე კალიფორნიის უნივერსიტეტის სან-დიეგოს კვლევაც ადასტურებს…

M2
M2

იმის გაგებას, თუ რა გავლენა ჰქონდა დიდხანს ჯდომას ჩვენს ჯანმრთელობაზე, მკვლევრებმა 10 წელი დაუთმეს და ამ პერიოდში 63-დან 99 წლამდე 5 856 მდედრობითი სქესის წარმომადგენელს დააკვირდნენ. უფრო ზუსტად, აქტივობის მონიტორინგის ხელსაწყო ფეხზე თითოეულს 7 დღის მანძილზე დაუმაგრეს, შემდგომ კი ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს აქტივობების მონიტორინგისთვის. ასე განსაზღვრეს, რამდენი ხანი ისხდნენ მონაწილეები და შემდგომში ეს გარდაცვალების რისკებს დაუკავშირეს. 

შედეგები საკმაოდ ცუდი აღმოჩნდა — ამ პერიოდში 1733 მონაწილე გარდაიცვალა… მონაცემების თანახმად, მონაწილეებს, რომლებიც დღის მანძილზე 11 საათი ისხდნენ, გარდაცვალების 57%-ით მეტი რისკი ჰქონდათ იმ პირებთან შედარებით, რომლებიც 9-საათნახევარზე ნაკლები ისხდნენ. თუმცა ეს შეშფოთების საფუძველი სულაც არ უნდა იყოს, რადგან რეგულარული ვარჯიში არსებულ რისკებს მკვეთრად შეამცირებს და ეს არც ჰიპოთეზაა — კვლევის თანახმად, დღეში 9 000-დან 10 500 ნაბიჯამდე ნაადრევი სიკვდილის რისკებს ამცირებს იმ ადამიანებშიც კი, რომლებსაც დიდხანს უწევთ ჯდომა. 

და რამდენი ხანი ჯდომა ითვლება ძალიან ჭარბად? აღნიშნული კვლევა ამბობს, რომ ეს დღეში 11 საათია, თუმცა სხვა მკვლევრები დღეში 7 საათს ასახელებენ. მრავალი სხვა ნაშრომიც არსებობს, რომლის თანახმადაც, ერთ ჯერზე 30 წუთზე დიდხანს არ უნდა ისხდეთ, რადგან ეს სისხლში შაქრის დონესა და არტერიულ წნევას ზრდის. და როგორ უნდა ავირიდოთ დიდხანს ჯდომა თავიდან, როცა ჩვენი სამუშაო რეჟიმი სხვანაირად წარმოუდგენელია?

თუ ოფისში მუშაობთ, შესაძლოა, ისეთი მაგიდა დაგეხმაროთ, რომელსაც როგორც ჯდომისას, ისე ფეხზე დგომის დროსაც მოიხმართ… ან თუ მაგალითად ტელეფონით გიწევთ ხშირად ვინმესთან დარეკვა, ეს დრო სიარულს დაუთმეთ. ხოლო, როცა სახლში ტელევიზორს უყურებთ, ზუსტად ამ მიზნით სარეკლამო ჭრები შეგიძლიათ გამოიყენოთ. ჯდომის რეჟიმს ტექნოლოგიურ მოწყობილობებს კი ვაბრალებთ, მაგრამ არც ის ჭკვიანი ხელსაწყოები უნდა დავივიწყოთ, რომლებიც შეგვახსენებს, რომ დიდხანს ვისხედით და მოძრაობის დროა. 

ხოლო თუ არც დიდხანს ფეხზე დგომა, არც სიარული შეგიძლიათ ან ეტლით მოსარგებლე ხართ, კიდევ ერთი კვლევის მონაცემს გაგაცნობთ, რომლის თანახმადაც, მხრების ვარჯიშები გამოგადგებათ. მაგალითისთვის, ყოველი 20 წუთიდან ამას 2 წუთი დაუთმეთ — ასე სისხლში შაქრის დონეს შეამცირებთ…

Technovation Girls SAKARTVELO-ს მონაწილეები საერთაშორისო კონკურსისთვის ემზადებიან

კანის ლომების ადგილობრივ ახალგაზრდულ კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო!