in

გერმანულ-ქართული საკონდიტრო ,,დიფენბახი”

ქართული ბაზარი მრავალფეროვანი საკონდიტრო ნაწარმით არის გაჯერებული. ქართულ ტრადიციულ სუფრაზე ქართველი დიასახლისები ყოველთვის იწონებდნენ თავს თავიანთი ნახელავით, მაგრამ უკვე დიდი ხანია მომხმარებელი ცდილობს მიაკითხოს საკონდიტროს და მისთვის საყვარელი ტკბილეული შეიძინოს. საკონდიტრო ,,დიფენბახი” სამი წლის წინ გაჩნდა ქართულ ბაზარზე და ბეჯითად ცდილობს საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს კონკურენტულ გარემოში.

,,ჩვენ ვქმნით ტორტებს, ჩვენი მიზანია, შემოვიტანოთ ბაზარზე უგემრიელეს პროდუქტთან ერთად ვიზუალური ესთეტიკა, შემოვიღოთ საკონდიტრო ნაწარმის ჩუქების კულტურა. ჩვენი კონდიტერების და დიზაინერების მიერ შექმნილი ორცხობილა, კექსი, ტორტი, ნებისმიერ დაღესასწაულს თუ სადღესასწაულო მიზეზს გაამრავალფეროვნებს და გაალამაზებს”. ასე ახასიათებს საკუთარ თავს საკონდიტრო ,,დიფენბახი“.

საიდან გაჩნდა იგი, ვინ არის მისი დამფუძნებელი, ამ და სხვა საკითხებზე ვესაუბრეთ საკონდიტროს მენეჯერს თათია კვალიაშვილს.

– ,,დიფენბახი“ გერმანული სახელწოდებაა, როგორ გაჩნდა იგი საქართველოში?

,,დიფენბახი” გერმანულ-ქართული საწარმოა. გერმანელ ქალბატონს სტეფანი დიფენბახს ჰქონდა გარკვეული თანხა და თავის ქართველ მეგობრებთან ერთად ბიზნესის კეთება გადაწყვიტა. დიდი ფიქრის და განსჯის შემდეგ გაჩნდა იდეა ჩამოსულიყო საქართველოში და ასეთი ლამაზი ტორტები ეკეთებინათ ფქალბატონი სტეფანი კონდიტერი არ არის სპეციალობით, მან კომპეტენტური პირები შემოიკრიბა თავის გარშემო და ბიზნესი წამოიწყო.

– რამდენად ადვილად დაიმახსოვრა ქართველმა მომხმარებელმა იგი?

თავიდან პატარა ნამცხვრები და ტორტის ნაჭრები იყიდებოდა. პატარა სივრცეში იდგა სამი მაგიდა და პატარა კაფე ,,დიფენბახი” საკმაოდ პოპულარული იყო. თავიდან ჩვენი პროდუქციის გავრცელებაში მეგობარ-ახლობლები იყვნენ ჩართულნი , ქალაქში ხმა უცებ ვრცელდება, ერთმანეთს უამბოდნენ საოცარი ტორტებისა და ნამცხვრების ამბავს და შეკვეთებიც წამოვიდა.

– რას წარმოადგენს თქვენი ძირითადი საქმიანობა? რა სახის პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებელს? გაქვთ საკუთარი მაღაზია?

გარკვეული დროის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ აგვეღო რაიმე მიმართულება, მიგვაჩნია, რომ ეს უფრო ამართლებს ბიზნესში და გავხდით ტორტის სტუდია, ორიენტაცია ავიღეთ დიზაინით გაფორმებულ ტორტებზე, ასევე გვაქვს ქაფქეიქები, მცირე ზომის ნამცხვრები . რეცეპტები ნაწილობრივ გერმანულია, აქ შექმნილიც ბევრია. ჱყველაფერი მზადდება ამ სივრცეში, მართალია, იგი არ არის მოცულობითი, მაგრამ ბიზნეს-გათვლებში სწორედ ასეთი ფართი შედიოდა, აქ მზადდება პროდუქცია და აქედან იყიდება, ცალკე მაღაზია არა გვაქვს.

– რითი გამოირჩევა თქვენი საკონდიტრო კონკურენტებისაგან?

– ჩვენ ნამდვილად გვაქვს პრეტენზია, რომ განსხვავებულ პროდუქციას ვთავაზობთ მომხმარებელს. ჩვენი ტორტების შიგთავსი და გარე დიზაინი გერმანიიდან შემოტანილი ინგრედიენტებით კეთდება. სპეციალური ძვირადღირებული საღებავები ბუნებრივ ნედლეულზეა დამზადებული და არა ქიმიურზე. ეიმის გამო, რომ ტორტებს ბავშვები მიირთმევენ ამას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და ხაზს ვუსვამთ, ამიტომაც ჩვენი ტორტები სხვებთან შედარებით, ძვირია.

– რას იტყვით საკონდიტროებზე, რომლებიც ანალოგიურ პროდუქტს სთავაზობენ რითი სჯობიხართ ან გჯობნით ისინი?

– მსგავსი წამოწყება ჩვენი ღრმა რწმენით, მისასალმებელია, საკონდიტრო ძალზედ ლამაზი, წარმატებული საქმეა, სასიამოვნო და სასიხარულო. კონკურენციაც დიდია საკმაოდ, მაგალითად, ძალიან ლამაზია ,,გუდვილის” ტორტები. ჩვენს კონკურენტ საკონდიტროებს წარმატებას ვუსურვებთ, რა თქმა უნდა. გვაქვს პრეტენზია, რომ საუკეთესონი ვართ ქართულ ბაზარზე, ვცდილობთ საქმით დავამტკიცოთ.

– რა სივრცეში იქმნება ეს საოცარი ტკბილეული? რა დანადგარებია ამისათვის საჭირო და რა სახის ინვესტიციაა გაკეთებული საწარმოში?

– ,,დიფენბახში” საკმაოდ სოლიდური ინვესტიცია ჩაიდო თავის დროზე. უზარმაზარი მიქსერები, საცხობი ღუმელები გიგანტური ტორტების გამოსაცხობად, ინგრედიენტების შესაძენად. სივრცე კი, როგორც მოგახსენეთ სულაც არ არის დიდი, მაგრამ თავისუფლად ვეტევით.

–  რა სახის მარკეტინგული აქტივობები გაქვთ? როგორ მოახერხეთ დიფენბახის საზოგადოებისთვის გაცნობა?

–  სამწლიანმა გამოცდილებამ, ადამიანებთან ურთიერთობამ გვიჩვენა, როგორ უნდა მოვეპყრათ კლიენტს. ისინი ხომ განსხვავებული გემოვნებით, მოთხოვნებით მოდიან. ხანდახან წარმოუდგენელ რამეს ითხოვენ. უცნაური შეკვეთებიდან ერთს გავიხსენებ. შარშან ,,თბილისობისთვის” შეგვიკვეთეს გიგანტური ტორტი. თითქმის მთელი თბილისი იყო ზედ გამოსახული აბნანოთუბნით, ფიროსმანის ფიგურებით, აივნიანი სახლებით. ტორტი შარდენის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიჭრა. უამრავი ხალხი მოვიდა. ჩვენი ვებ-გვერდი მუდვივად ახლდება, ჩვენი რეკლამები იბეჭდება ,,ცხელ შოკოლადში”, ,,ბომონდში”.სატელევიზიო შოუებშიც უკვეთავენ ჩვენს ტორტებს, მაგალითად ,,ნანუკას შოუში” .

– რამდენი ადამიანი გყავთ დასაქმებული ? გეგმავთ თუ არა ქსელის გაფართოებას ან იგივე საქმის სხვა ქალაქებში გატანას?

– ჩვენი კოლექტივი პატარაა და მეგობრული, თითქოს ერთი ოჯახი გვაქვს. სამი მეთოჯინე და კონდიტერი. მეთოჯინეები ჩვენთან თეატრიდან მოვიდნენ, ამბობენ, რომ ძალიან საინტერესოა მარცეპანზე მუშაობა. მარცეპანი საძერწის მსგავსი მასალაა, რომელიც დამუშავების, გახმობის შემდეგ იდეალურ ფორმას იღებს. ვგეგმავთ ქსელის გაფართოებას. სამი წელი არც ისე დიდი დროა რომ ფილიალები შეგვექმნა. გავიარეთ რაღაც ეტაპი და ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვაპირებთ ბათუმსა და ქუთაისში გავხსნათ საკონდიტროები

– მიეცით რჩევა საქართველოში არსებულ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს და უთხარით მათ წარმატების ფორმულა. რა არის საჭირო რომ ბიზნესი წარმატებული გახდეს? 

– ჩვენი აზრით თამამი ნაბიჯებია, შესთავაზო მომხმარებელს ის, რაც აქამდე შენს კონკურენტებს არ გაუკეთებიათ. ჩვენ ეს მოვახერხეთ ჩვენი დახვეწილი დიზაინით, მომხმარებელმა დაინახა, რომ ,,დიფენბახი“ სთავაზობს განსაკუთრებულ პროდუქციას. ამის გამო გვირჩევენ ჩვენ. ჩვენს კონკურენტებს კი ვურჩევდით იყონ ნოვატორები, გაუფრთხილდნენ და გაითვალისწინონ მომხმარებლის შენიშვნები და პრეტენზიები, გულისხმიერად მოეკიდონ საქმეს, განსაკუთრებით ბავშვების გემოვნებას და ჯანმრთელობას.

ნათია გოგიტიძე

რა უნარებია საჭირო წარმატებული პიარ მენეჯერისთვის და 10 ნაბიჯი,რომელიც არ უნდა გადადგათ!

მატიანე

ქართული რეკლამა 1998 წელი