8
Feb
2019

მიხეილ ბატიაშვილი: „დიღომში სკოლა აშენდება, სადაც მხოლოდ უფროსკლასელები ისწავლიან“

8 Feb 2019

დიღომში, წლის ბოლომდე, სკოლა აშენდება, სადაც მხოლოდ უფროსკლასელები ისწავლიან, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ჩვენი ხედვით, ეს არა მარტო ბავშვების უსაფრთხოებას გულისხმობს, არამედ თვითონ სასწავლო პროცესის განვითარებასაც. ერთ-ერთი საუკეთესო არა მარტო ბოლო ტენდენცია, არამედ სწორი მიდგომა, ეს არის სკოლის გაყოფა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. გვესმის, რომ მარტივი ამოცანა არ არის. რეალურად, არ გვაქვს სკოლების სიჭარბე, პირიქით, დეფიციტი გვაქვს და ის სკოლების მშენებლობა, რომელიც დავაანონსეთ და წელს ამდენი სკოლა უნდა აშენდეს, ძალიან მცირე ნაწილია როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონების საჭიროების“, – აღნიშნა განათლების მინისტრმა.

მისივე თქმით, მიუხედავად სირთულეებისა, სკოლის ასაკობრივ ჯგუფებად გაყოფის მოდელი უნდა დაიწყოს. უფრო მეტიც, მინისტრის განმარტებით, დიღმის საგანმანათლებლო პროექტი სწორედ აღნიშნულ მოდელზე იქნება აგებული.

ჩვენ მიერ დაანონსებულ, დიღმის საგანმანათლებლო ქალაქში სწორედ ამ მოდელზეა გაკეთებული ეს ყველაფერი. ინფრასტრუქტურულად არის განსხვავებული შენობები, სადაც ასაკობრივად მაღალი კლასის ბავშვები არიან. ჩვენი ხედვით, ამას სჭირდება როგორც ცალკე მენეჯმენტი, ასევე, ბავშვებთან მუშაობის სხვა მიდგომები. გვესმის, რომ რთული ამოცანაა ეს ბევრგან გავაკეთოთ, თუმცა სადაც ახალ სკოლებს ავაშენებთ, იქ უნდა გავაკეთოთ (ასაკობრივი დიფერენცირება). ამიტომ დიღომში წლის ბოლომდე დასრულდება ერთი მეგა სკოლა. დიდ დიღომს ძალიან მნიშვნელოვნად აკლია სკოლა, რაიონი იზრდება, ამიტომ, ეს სკოლა შეასრულებს ამ რაიონულ დატვირთვას, ასევე, სწორედ იმ კონცეფციაზე იქნება აგებული, რომელიც გულისხმობს ასაკობრივ განსხვავებას“, – განაცხადა მინისტრმა.

განხილვა