in

როგორ შევქმნათ ციფრული კალენდრის ფერადი პერსონალიზებული ვერსია NeatoCal-ით

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენი ცხოვრება სრულად ციფრულ კალენდრებსა და აპლიკაციებშია მოქცეული, ქაღალდის კალენდარი თავის აქტუალობას მაინც არ კარგავს. როდესაც მნიშვნელოვან მოვლენას ფურცელზე ინიშნავთ, ის მუდმივ, თვალსაჩინო შეხსენებად იქცევა. აღარ გიწევთ ეკრანებში ძრომიალი ან ოჯახის წევრებთან თუ კოლეგებთან საერთო განრიგის გასაზიარებლად რთული ტექნიკური მანიპულაციების ჩატარება.

თუმცა, ტრადიციულ ქაღალდის კალენდარსაც შეუძლია ციფრული სამყაროს სიკეთეებით სარგებლობა. სულ რაღაც რამდენიმე წუთში, თქვენ შეგიძლიათ ზუსტად თქვენს საჭიროებებზე მორგებული, ჯიბის ზომის ან სტანდარტულ ერთ ფურცელზე დასატევი კალენდარი შექმნათ.

ამ მიზნისთვის სასარგებლო ინსტრუმენტია NeatoCal – უფასო ვებგვერდი, რომელიც ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე, ერთ სტანდარტულ ფურცელზე მთელი წლის კალენდრის ამობეჭდვის საშუალებას იძლევა.

პროექტის კოდი Open-source-ია და ყველასთვის ხელმისაწვდომია. მის ნაგულისხმევ ვერსიაში 2026 წლის 12-თვიანი კალენდარი დაგხვდებათ ჰორიზონტალურ ფორმატში, სადაც ყოველ თვეს თავისი სვეტი აქვს დათმობილი, შაბათ-კვირა ნაცრისფრად არის გამოყოფილი, ხოლო თითოეული დღის გასწვრივ ჩანაწერებისთვის პატარა, სუფთა სივრცეა დატოვებული. საბაზისო ვერსიის ამოსაბეჭდად 10 წამიც საკმარისია, თუმცა ნამდვილი მაგია მის პერსონალიზაციაში იმალება.

როგორ მოვარგოთ კალენდარი ჩვენს საჭიროებებს

NeatoCal-ის მთავარი ხიბლი მის მოქნილობაშია. ვებგვერდის ბმულის (URL) ბოლოში მცირე კოდის დამატებით, კალენდრის დიზაინისა და შინაარსის რადიკალურად შეცვლა შეგიძლიათ.

პარამეტრების სრული სია კიდევ უამრავ საინტერესო შესაძლებლობას მალავს. თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ მთვარის ფაზები, შეცვალოთ ფონტები და ფერები, დაარეგულიროთ დღეებისა და თვეების შემოკლებული სახელების სიგრძე, ან თუნდაც ისეთი განლაგება აირჩიოთ, სადაც შაბათ-კვირის ნაცვლად, მონაცვლეობითი კვირები იქნება გამოყოფილი.

Google Calendar-ის ინტეგრაცია და ხელოვნური ინტელექტი

თუ Google Calendar-იდან გსურთ ღონისძიებების გადმოტანა, პარამეტრებიდან ირჩევთ ექსპორტს და გადმოწერილი ZIP ფაილიდან ამოღებულ .ICS დოკუმენტს პირდაპირ ვებგვერდზე ტვირთავთ. მათთვის კი, ვისაც მეტი კრეატიულობა სურს, შესაძლებელია ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, რათა ჩვეულებრივი ტექსტური სია ჩამოსატვირთ ICS ფაილად იქცეს.

როდესაც იდეალურ დიზაინს შექმნით, ბრაუზერში ბეჭდვის ბრძანების (Ctrl+P ან Cmd+P) გამოყენებით დარწმუნდით, რომ ყველაფერი ერთ გვერდზე ეტევა და ამობეჭდეთ. შეგიძლიათ ის მაცივარზე მიაკრათ, სამუშაო მაგიდასთან გამოაკრათ ან საფულეში ჩაიდოთ და ანალოგური კალენდრის სიმარტივით ისიამოვნოთ.

NeatoCal ნებისმიერ ვებ-ბრაუზერში მუშაობს და არანაირ შეზღუდვას არ აწესებს. ყველაფერი ლოკალურად, თქვენსავე ბრაუზერში იტვირთება, ღია კოდის წყალობით კი სურვილის შემთხვევაში, პროექტის ჩამოტვირთვა და საკუთარ სერვერზე გაშვებაც თავისუფლადაა შესაძლებელი.

წყარო: Fastcompany

ინსტაგრამის მიმოწერები აღარ დაიშიფრება – End-To-End-Encryption ფუნქციას Meta აუქმებს

როგორ ცვლის ციფრული პროდუქტები ავტომობილების იმპორტის სფეროს – cargopolo.com პლატფორმის შექმნის ისტორია