in

ციფრული მარკეტინგის ტრენდები 2026 წლისთვის

ციფრული მარკეტინგის სამყაროში 2026 წელი საინტერესო ცვლილებებს გვპირდება. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ტენდენცია უკვე კარგად ნაცნობია, მათი მასშტაბები და გავლენა წელს სულ სხვა დონეზე ავა. აი, რას უნდა ველოდოთ ციფრული მარკეტინგის ინდუსტრიისგან მომდევნო 12 თვის განმავლობაში.

მოკლე ვიდეოები

ბოლო წლებში, მოკლე ვიდეოფორმატი ყურადღების მთავარ მაგნიტად იქცა. TikTok, Reels, Spotlight და Shorts პლატფორმების მოხმარების მთავარი მამოძრავებლები არიან. სტატისტიკა შთამბეჭდავია: Instagram-ზე გატარებული დროის 50% უკვე Reels-ზე მოდის; YouTube Shorts-ს დღეში 200 მილიარდზე მეტჯერ ნახულობენ; აშშ-ში Snapchat Spotlight-ის ნახვები წლიურად 300%-ით გაიზარდა; TikTok-ზე კი მომხმარებლები საშუალოდ ყველაზე დიდ დროს ატარებენ. თუ 2026 წელს სოციალურ პლატფორმებზე ყურადღებისა და ჩართულობის მაქსიმიზაცია გსურთ, მოკლე ვიდეოები ან მათში რეკლამის განთავსება თქვენი კონტენტ-გეგმის განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს.

AR სათვალეები

გაძლიერებული რეალობა (AR) დიდი ხანია ციფრული ინტერაქციის პოტენციურ გარდამტეხ მომენტად მოიაზრება. წარმოიდგინეთ ციფრული კავშირისა და პრომოციის ახალი გზები, სადაც „პოპ-აპ“ შეტყობინებები პირდაპირ სათვალის მატარებელს გამოუჩნდება, ლოკაციისა თუ პროდუქტის მიხედვით. Snapchat-ს ჯერ კიდევ 2015 წელს აქვს დაპატენტებული ტექნოლოგია, რომელიც ობიექტების ამოცნობასა და შესაბამისი ფილტრების შეთავაზებას გულისხმობს – მაგალითად, რესტორნის ფოტოზე მენიუს გადადებას, ან საკვებზე კალორიების ჩვენებას. ეს პერსპექტივა კომპანიებისთვის შემოსავლის ახალი წყარო შეიძლება გახდეს.

Reddit

ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში Reddit განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან AI ჩატბოტები პასუხების გენერირებისას ხშირად სწორედ მას ეყრდნობიან. ამის გამო, მარკეტერები სულ უფრო აქტიურად ცდილობენ პლატფორმაზე დამკვიდრებას – იქნება ეს რეკლამით თუ კომენტარებში პროდუქტების ხსენებით.

ხელოვნური ინტელექტის „უკურეაქცია“

გენერაციული AI-ის ბუმი გრძელდება და პლატფორმები ცდილობენ გვაჩვენონ, რა შეუძლია მათ ძვირადღირებულ სისტემებს. თუმცა, 2026 წელს მოსალოდნელია „AI უკურეაქციის“ ზრდა. ყალბი და უხარისხო კონტენტის მოზღვავების გამო, პლატფორმებს AI-კონტენტის გათიშვის ფუნქციის დამატება მოუწევთ.

Threads გადაუსწრებს X-ს?

შესაძლოა ეს თამამ განცხადებად მოგეჩვენოთ, მაგრამ ტენდენციები ამაზე მეტყველებს. Threads-მა ორ წელიწადში 400 მილიონი ყოველთვიური აქტიური მომხმარებელი დააგროვა, მაშინ როცა X-ს (ყოფილი Twitter) მთელი არსებობის მანძილზე 600 მილიონი ჰყავს. Threads სულ უფრო მეტად იმკვიდრებს თავს, როგორც რეალურ დროში ინფორმაციის მიღების წყარო, განსაკუთრებით სპორტულ სამყაროში.

იმის გათვალისწინებით, რომ X კვლავ სკანდალებში ეხვევა, ბრენდები და მომხმარებლები ალტერნატივას ეძებენ. 2026 წელს მოსალოდნელია, რომ Threads მომხმარებლების რაოდენობით X-ს გადაუსწრებს. ბრენდებისთვის ეს ახალ შესაძლებლობებს ნიშნავს, ამიტომ თუ ჯერ არ გაქვთ Threads-ის ანგარიში, დროა ამაზე იფიქროთ.

Facebook ალგორითმის გათიშვის ფუნქცია

ალგორითმები სოციალური მედიის ორლესული ხმალია – ისინი ზრდიან ჩართულობას, მაგრამ იწვევენ პოლარიზაციას. აკადემიური კვლევები ადასტურებს, რომ ალგორითმული ამპლიფიკაცია საზოგადოებრივ განხეთქილებას აღრმავებს. 2026 წელს რეგულატორები, განსაკუთრებით ევროკავშირში, სავარაუდოდ მოითხოვენ ალგორითმის გათიშვის შესაძლებლობას.

საპასუხოდ, Meta-ს და სხვა პლატფორმებს მოუწევთ, მომხმარებლებს შესთავაზონ არჩევანი – გამოსცადონ სოციალური ქსელი ალგორითმების გარეშე. ეს შესაძლოა სატესტო რეჟიმით დაიწყოს, მაგრამ შედეგებს მედიაინდუსტრიისთვის უზარმაზარი მნიშვნელობა ექნება.

ახალი თინეიჯერული აპლიკაციები

სოციალური მედიის სივრცეში თავის დამკვიდრება რთულია, რადგან Meta ნებისმიერ წარმატებულ ფუნქციას მალევე აკოპირებს. თუმცა, იმის ფონზე, რომ ბევრ რეგიონში თინეიჯერებისთვის სოციალური მედიის შეზღუდვაზე მსჯელობენ, მოსალოდნელია ახალი, ნიშური აპლიკაციების გამოჩენა.

აკრძალვები, როგორც წესი, მოზარდებს ალტერნატიული გზების ძიებისკენ უბიძგებს. ისინი არ დაუბრუნდებიან მხოლოდ ეზოში თამაშს. ისინი იპოვიან ახალ ციფრულ სივრცეებს, რომლებიც შესაძლოა ნაკლებად რეგულირებული და უფრო სარისკოც კი იყოს. სწორედ ამ „ნანგრევებიდან“ შეიძლება აღმოცენდეს შემდეგი TikTok-ი ან სრულიად ახალი სოციალური ტენდენცია, რომელიც საბოლოოდ ისევ დიდი მოთამაშეების ინტერესის სფეროში მოექცევა.

წყარო: socialmediatoday

70-წლიანი მემკვიდრეობა ტეკილას ეტიკეტზე გააცოცხლეს — Tequila Cascahuín

რატომ არის მნიშვნელოვანი გულწრფელობა ლიდერობაში