in

„მნიშვნელოვანია ფიქრის დროს ერთსა და იმავე ტალღაზე ყოფნა“ – ცოტნე მაზმანიშვილისა და თეონა შელიას დუეტი კანს მიემგზავრება

18 მაისს, Young Lions Georgia 2018-ის დაჯილდოებაზე ფესტივალის 328 მონაწილე, მათ შორის, კატეგორია DIGITAL-ის 80 კონკურსანტი, ელოდა პასუხს კითხვაზე – შევასრულე თუ არა დავალება საკმარისად კარგად, საიმისოდ, რომ კანში საქართველოს სახელით ვიასპარეზო? ამ კითხვაზე პასუხი დადებითი აღმოჩნდა კატეგორია DIGITAL-ის მონაწილე ერთი გუნდისთვის, ანუ ორი კონკურსანტისთვის – ცოტნე მაზმანიშვილისა და თეონა შელიასთვის, რომლებიც კრეატიულ სააგენტო WINDFOR’s-ს წარმოადგენენ და როგორც აღმოჩნდა, ყველაზე კარგად გაართვეს თავი ბრიფს, რომელიც საბაგიროს ავბედითი შემთხვევის შემდეგ, კურორტ გუდაურის შელახულ და არასანდო იმიჯს უკეთესობისკენ მოქცევას ისახავდა მიზნად. მარკეტერი ცოტნეს და თეონას ბრიფთან, სამუშაო პროცესთან, გამოცდილებასთან და მოლოდინებთან დაკავშირებით ესაუბრა:

M: რამდენად საინტერესო/აქტუალური იყო თქვენთვის კატეგორია DIGITAL-ში მიღებული დავალება და რა იყო მთავარი გამოწვევა თქვენი გუნდისთვის?
თეონა: ბრიფი გაჟღერებისთანავე ძალიან საინტერესოდ გვეჩვენა, რადგან მართლაც აქტუალურ და რეალურ  პრობლემას ეხებოდა, გუდაურს, რომელსაც უახლოეს წარსულში საკმაოდ ცუდი ამბავი შეემთხვა. თუმცა, შემდეგ როცა კარგად ჩავუღრმავდით დავალებას, საკმაოდ რთულიც გამოდგა, რადგან კამპანია სეზონის გახსნამდე უნდა განხორციელებულიყო, როცა გუდაური არ ფუნქციონირებს. ბრიფის მთავარ გამოწვევად ჩვენ ზუსტად ეს ფაქტორი მივიღეთ.

M: როგორ გადაჭერით ბრიფში მოცემული ამოცანა, როგორია თქვენი ნამუშევრის კონცეფცია?
ცოტნე: ჩვენი დავალება იყო შერყეული რეპუტაციის გამოსწორება და იმის ხაზგასმა, რომ გუდაური ისევ უსაფრთხოა, მიუხედავად მომხდარი ფაქტისა. როდესაც ასეთი ინციდენტები ხდება, მედია იმხელა გაშუქებას უკეთებს, რომ მნახველს განცდა ეუფლება, თითქოს მსგავსი შემთხვევები სულ ხდება და თანაც, მაინც და მაინც, მას გადახდება. ეს ჩვეულებრივი ფსიქოლოგიური მომენტია. ჩვენი კონცეფციაც ზუსტად ამ ფსიქოლოგიურ დაკვირვებაზე ავაგეთ. ასეთ დროს, ცოდნა იმის შესახებ, თუ რეალურად, რამდენად მცირეა განმეორების შანსი, ნამდვილად არის გამოსავალი ნეგატიური ფიქრებისა და შიშების გასაქარწყლებლად, მით უმეტეს, თუ ამ ინფორმაციას სახალისო ფორმით აწვდი. ამიტომაც, მოვიფიქრეთ არაორდინალური სტატისტიკები, რომელიც უცხოელ მოთხილამურეებს აჩვენებდა, რომ ბევრად წარმოუდგენელი მოვლენების მოხდენის ალბათობა გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე გუდაურის საბაგიროს ინციდენტის განმეორების შანსი. ამ სტატისტიკებს კი უცხოელ მოთხილამურეებს ვაწვდიდით ზუსტად იქ და იმ მომენტში, როდესაც გუდაურის უსაფრთხოებაზე კითხვები გაუჩნდებოდათ.

M: სამუშაო პროცესზე მოგვიყევით.. როგორი იყო დროსთან და გარემოსთან დაკავშირებული დეტალები?
თეონა:
ვერ ვიტყვით, რომ იდეა მალევე მოგვივიდა. საკმაოდ ბევრი ვიფიქრეთ, სანამ ამ მიმართულებამდე მივიდოდით. მანამდე რა იდეებიც გვქონდა, შემდეგ სხვადასხვა ფორმით სხვა კონკურსანტებსაც აღმოაჩნდათ, როცა ყველა ნამუშევარი ვნახეთ. შესაბამისად, ფიქრში 8 საათის დახარჯვამ ნამდვილად გაამართლა. საკმაოდ დიდი დრო დავუთმეთ შესრულებასაც. გვინდოდა რაც შეიძლება ლაკონური და ვიზუალურად კარგად აღსაქმელი გამოსულიყო. ბორდის აწყობას 12 საათზე მეტი მოვანდომეთ. პროცესი საკმაოდ რთული გამოდგა, რადგან პარალელურ რეჟიმში აქციების ლაივებს ვადევნებდით თვალს. ამის გამო, პატარა შეცდომებიც კი გაგვეპარა, თუმცა ეს, როგორც ჩანს, ჟიურისთვის უმნიშვნელო აღმოჩნდა.

M: ერთად მუშაობის რა გამოცდილება გაქვთ და რა მნიშვნელობა აქვს თანაგუნდელის შერჩევას ამ შეჯიბრში გამარჯვებისთვის?
ცოტნე:
ერთად მუშაობის გამოცდილება 0. მე და თეონას წყვილში არასდროს გვიმუშავია, კონკურსამდე გავარჯიშებას თუ არ ჩავთვლით. ამიტომ, არასწორი იქნება იმის მტკიცება, რომ დიდხანს ერთად მუშაობა არის მთავარი ამ შეჯიბრში. უფრო მნიშვნელოვანია ფიქრის დროს ერთსა და იმავე ტალღაზე ყოფნა, ერთმანეთის დახმარება იდეების გენერირებისა და ფორმირების დროს. ძალიან კარგად ავეწყეთ, ძალიან მოკლე დროში. M: რა გამოცდილება მოგცათ Young Lions 2018-მა და როგორია თქვენი მოლოდინები დიდ კანში?
ცოტნე:
 დიდ კანში მოლოდინებიც დიდია და პასუხისმგებლობებიც. ამას ორივე კარგად ვაცნობიერებთ. ადგილობრივ შეჯიბრზე მე უკვე მესამედ მივიღე მონაწილეობა, თეონა პირველად იყო. საკმაოდ კარგი გამოცდილებაა. 24 საათის (წელს 48 სთ) განმავლობაში ბევრნაირად ავარჯიშებ საკუთარ თავს, რაც ცუდი არასდროს არაა, არც იმ შეთხვევაში, თუ სამეულს გარეთ ხვდები. ამიტომ, სანამ 30-ის გავმხდარვართ, არ უნდა მოვეშვათ.

Young Lions Georgia 2018-ზე, კატეგორია DIGITAL-ის ფარგლებში შესრულებული ნამუშევრების სანახავად მიჰყევით ბმულს.

Adobe-მ ანანო მიმინოშვილის ნამუშევარი 5 საუკეთესოთა შორის დაასახელა!

გადამუშავებული პლასტმასით შექმნილი მანჩესტერ იუნაიტედის ფორმა – Adidas-ის სასარგებლო კამპანია