Linkedin-ის მონაცემებს თუ დავეყრდნობით, 2020 წელს, ციფრული დიზაინერის პროფესია მსოფლიოს ყველაზე მოთხოვნადი საქმიანობების ტოპათეულშია და მიუხედავად ამ საქმიანობის გლობალური პოპულარობისა, საქართველოში, ამ მიმართულებით, პირველ რიგში, კომუნიკაციის პრობლემა გვაქვს: ვინაიდან, ძირითადად, ეს ორი რგოლი ერთმანეთს პროფესიულ წრეებში დასმული კითხვით: „დიზაინერს ხომ მირჩევთ?!“ უკავშირდება.
სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად და დიზაინერთა ნუსხის არსებობისთვის შეიქმნა dsgn. – ღია Listing პლატფორმა ციფრული პროფესიონალებისთვის, სადაც საკუთარი საკონტაქტო ინფორმაციის განთავსება ნებისმიერ კრეატორს შეუძლია.
პროექტი მიზნად ციფრულ სფეროში მოღვაწე პროფესიონალების პოპულარიზაციასა და მათ შესახებ ინფორმაციის დამკვეთებამდე მარტივად და სრულყოფილად მიტანას ემსახურება. აქ როგორც კომპანიის წამომადგენლები, ასევე სხვა დაინტერესებული პირები შეძლებენ, სხვადასხვა მიმართულების კრეატორები მოძებნონ.
Dsgn. პლატფორმა Designcast-ის პროექტია და თავის მხრივ, ეს უკანასკნელიც სულ რამდენიმე თვეა, შეიქმნა იმ მოტივით, რომ სივრცე ჰქონოდათ მათ, ვისაც ციფრული დიზაინი აინტერესებს.პლატფორმის სამ ენთუზიასტ დამფუძნებელთან ერთად: გური სიჭინავა, ანრი იაგანაშვილი და ტატო ბექთაშაშვილი – დიზაინის სფეროს განვითარების იდეით გატაცებული არაერთი კონტრიბუტორი გამოჩნდა, რომლებიც დღემდე, პლატფორმის კონცეპტუალურ თუ ფუნქციურ გაუმჯობესებას თავიანთ რესურსებს სრულიად უსასყიდლოდ ახმარენ (მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ ნებისმიერ მსურველს შეუძლია პლატფორმის განვითარებაში წვლილის შეტანა).
DesignCast-ის ციფრული საზოგადოების რესურსებია:
- UI/UX Designers Georgia;
- Dribbble Georgia;
- CG Georgia;
- WEAREDESIGNERSGE;
- ქართველი გრაფიკოსები;
- Georgian Typography | ქართული ტიპოგრაფია;
- ქართველი ილუსტრატორები.
როგორც ონლაინ პლატფორმის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გური სიჭინავა ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, designcast უფასოა და უახლოეს მომავალში, მისი არცერთი პროექტი არანაირ კომერციულ მიმართულებას არ სახავს.
სულ რამდენიმე დღეა, dsgn.-ის შემდეგ, კიდევ ერთი პლატფორმა – dvlp. ჩაეშვა – დეველოპერებისთვის. როგორც dvlp.ge-ზე, ისე dsgn.ge-ზე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, დარეგისტრირდეს, შექმნას რეზიუმეს ფორმა, რომელსაც საიტზევე გააგზავნის. Designcast-ის გუნდის ფილტრში გავლისა და დასტურის შემდეგ კი, დიზაინერისა თუ დეველოპერის შესახებ ინფორმაცია პლატფორმაზე განთავსდება.
ამ პლატფორმაზე მფლობელობა ერთ-ერთმა კონტრიბუტრომა, ვასილ გაზდელიანმა აიღო, რომელიც ცდილობს, Designcast-ის პროექტები პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით განავითაროს.
ამჟამად, პლატფორმების – dsgn.-ისა და dvlp.-ის შესაძლებლობები ასე გამოიყურება:
- რეგისტრაცია, ავტორიზაცია;
- პაროლის აღდგენა;
- რეზიუმეების გაგზავნა;
- მომხარებლის გვერდის რედაქტირება;
- ე.წ. Dark Mode;
- მომხმარებელზე მორგებული ინტერფეისი;
- საიტის მობილური ვერსია;
- პროფილის დეაქტივაციის საშუალება.
თითქმის არცერთ ქართულ საიტს არ აქვს დეაქტივაციის შესაძლებლობა და ეს ჩვენს პლატფორმაზე წარმოდგენილი ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია იმდენად, რომ როგორც კი გადაწყვეტენ, მათ შესახებ ინფორმაცია ჩვენთან აღარ უნდა ინახებოდეს, ანგარიშის გაუქმებას თავადვე შეძლებენ, – განმარტავს გური სიჭინავა.
გარდა ამისა, პლატფორმაზე სამომხმარებლო პოლიტიკა მოქმედებს, რომლის მიხედვითაც, საიტზე არსებული პირადი მონაცემები მესამე პირის საკუთრებას წარმოადგენს და ამ მონაცემების კომერციულად გამოყენება და უკანონოდ მოპოვება დანაშაულს წარმოადგენს.
როგორც გურისთან საუბრისას ვარკვევთ, 19 ოქტომბრიდან, უკვე პირველი გადაცემა გაეშვა და ამიერიდან, designcast-ის გუნდი, youtube-არხის მეშვეობით, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, დიზაინერებისთვის საჭირო ტექნიკებს ვიდეოკასტების ფორმატში გაგვიზიარებენ.
აქამდე, designcast-ის ფარგლებში, სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს შეეძლოთ FB-Live-ის საშუალებით, თვალი ედევნებინათ პორტფოლიოების განხილვისთვის, შემდეგი ეტაპი იყო პოდკასტები, მაგალითად, თემაზე: „დიზაინერი კრიმინალი“ – როგორ უნდა დავიცვათ ეთიკური დიზაინ პროცესები.
DesignCast-ის მთავარი მისია დიზაინის სფეროში ცნობიერების ამაღლებაა… რომელიც საბოლოო ჯამში, დაბალანსებულ გარემოში უნდა გადაითარგმნოს და სფეროს პროფესიონალებს საკუთარი თავის წარმოჩენისა და მათზე ხელმისაწვდომობის, მეტ-ნაკლებად, თანაბარი შესაძლებლობები ჰქონდეთ, – გვიზიარებს გური სიჭინავა.
დასასრულ, დამფუძნებლების შესახებ ინფორმაციაც რომ გაგიზიაროთ, Designcast-ის ავტორების გამოცდილება ასეთია: ტატო ბექთაშაშვილი და ანრი იაგანაშვილი ფრილანს პლატფორმებზე: UpWork და Toptal მუშაობენ; გური სიჭინავა კი – საქართველოს ბანკის ციფრული პროდუქტის დიზაინერია.
და ისე, თქვენ როგორ ფიქრობთ, ფრაზას: „დიზაინერს ხომ მირჩევთ?!“ მომავალი აქვს?
ავტორი: თიკა გეგენავა