12
Oct
2015

ციფრულმა მარკეტინგმა რა ჰქმნა?!

12 Oct 2015

ციფრული მარკეტინგის ერა – რა გასაგები და ამავე დროს, რამდენად გაუგებარი შეიძლება იყოს ეს სამი სიტყვა. არა, გაუგებარი არა, უფრო, ყოვლისმომცველი.

kokesh3

წარმოიდგინეთ სიტუაცია, როცა ერთი ჩვეულებრივი დილა გათენდა, ყავის, ან ჩაის ამინდით, გემოვნების ამბავია. რა შეიძლება გააკეთოთ იმისთვის, რომ ერთი ჩვეულებრივი დილა არაჩვეულებრივი გახდეს? ჰო, ნამდვილად ბევრი რამე…

თქვენ ალბათ ფიქრობთ, რა შუაშია პირველი აბზაცი ჩვეულებრივი დილის გათენებასთან, მის არაჩვეულებრივად გადაქცევასთან, ან საერთოდ, ჩაისა და ყავასთან. თქვენ მართალიც ხართ მანამ, სანამ არ მოგიყვებით ერთ ჩვეულებრივ, მაგრამ ბავშვობაში ყველასთვის გასაოცარ, ჯადოსნურ ამბავს. ჰოდა, დავიწყოთ.

იყო და არა იყო რა, იყო ერთი პრინცი, რომელსაც საკუთარი პრინცესასგან საკმაოდ დიდი მანძილი აშორებდა და სწორედ ამიტომ, ყოველ დილით, ყავის ან ჩაის დალევის დაუკოებელ სურვილთან ერთად, პრინცესას გაბედნიერების სურვილი აღვიძებდა. ჰოდა, პრინცმა, ბევრი იფიქრა თუ ცოტა, გადაწყვიტა, რომ ოცდამეერთე საუკუნეში გოგრის ეტლად გადაქცევის დრო არ არის და ციფრული მარკეტინგის თვალუწვდენელ სამყაროში გადაეშვა პრინცესას ბედნიერების საპოვნელად. პრინცმა კარგად იცოდა, რომ მარტო ამ საქმეში რკინის ქალამნების ჩაცმაც არ უშველიდა და ციფრული სამყაროს თოლიას, „ლივინგსტონს“ მიმართა. აქ დაიწყო ამბის ყველაზე საინტერესო, ერთი შეხედვით მარტივი, მაგრამ ჯადოსნური ნაწილი. პრინცი მართალი აღმოჩნდა, როცა იფიქრა, რომ გოგრის ეტლად გადაქცევა უკვე წარსულს ჩაბარდა. თოლიებმა მას უთხრეს, რომ მანძილი არაფერს წყვეტს.

აქ ცოტა ხნით მოვწყდეთ ზღაპრულ სამყაროს, ვისაუბროთ ციფრული რეკლამის პლუსებზე.

ციფრული რეკლამა გვაძლევს საშუალებას, ჩვენი სათქმელი მივიტანოთ იმ კონკრეტულ აუდიტორიასთან, რომელიც გვაინტერესებს, უფრო მეტიც, სეგმენტი შეიძლება ერთ ადამიანამდე დავიდეს. სწორედ ამის ნათელი მაგალითია ზემოთ მოყვანილი პრინცის და პრინცესას ისტორია. ყველაფერი იყო მარტივად, პირობითად „პრინცს“ უნდოდა სიურპრიზი გაკეთებინა „პრინცესასთვის“ და ამაში მას ციფრული სააგენტო „ლივინგსტონის“ სარეკლამო განყოფილება დაეხმარა. „ლივინგსტონმა“ „პრინცს“ სთხოვა აეხსნა, თუ რას ნიშნავდა მისთვის „პრინცესა“ და რა უყვარდა, აბედნიერებდა მასში. „პრინცმა“ ერთი საიდუმლოც გაამხილა – ის და „პრინცესა“ დიდი ხანია კოკეშებს, იაპონურ თოჯინებს აგროვებდნენ…

kokeshi
kokeshi8

ამის შემდეგ დაიწყო ამბის არარომანტიკული, მაგრამ „ჯადოქრობისთვის“ აუცილებელი ნაწილი.

მეგობარმა „პრინცესას“ „ონლაინ შოპინგისას“ დახმარება სთხოვა, გაუგზავნა ვებ-გვერდის მისამართი და აზრი ჰკითხა. ამ დროს მოხდა „პრინცესას“ იდენტიფიცირება ციფრულ სამყაროში და დაიწყო მუშაობა იმაზე, როგორ მისულიყო კონკრეტულად მასთან, სპეციალურად მისთვის შექმნილი ფეისბუქ გვერდი, სადაც განთავსებული იყო პრინცის მიერ დასახელებული ბედნიერების მიზეზების ილუსტრირებული ვარიანტები.

რეკლამამ, რა თქმა უნდა, ეფექტურად იმუშავა და ფეისბუქის გვერდმა „პრინცესამდე“  მომენტალურად მიაღწია.
შედეგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ციფრული რეკლამა ყველაზე მძლავრი და ეფექტური ხერხია  კონკრეტულ  მომხმარებელზე ორიენტირებისთვის. აქ თითქმის გამორიცხულია ფინანსების გაფლანგვა – იხდით ზუსტად იმდენს, რამდენი მომხმარებლის მოზიდვაც გჭირდებათ. ტრადიციულისგან განსხვავებით, ციფრული რეკლამირება უაღრესად ზუსტი და სელექციურია – ის გვაძლევს საშუალებას სწორ სეგმენტზე გავიდეთ. აქ ყველაფერი პირდაპირ აისახება რიცხვებში, შესაბამისად, მარტივია შედეგების გაზომვა და მონიტორინგი. გარდა ამისა, აბსოლუტურად გამჭვირვალეა ხარჯები და შედეგები. სწორედ ეს მახასიათებლებია საჭირო თანამედროვე კონკურენტულ გარემოში წარმატების მისაღწევად – საჭიროების შემთხვევაში, ერთ ადამიანზე მორგებული რეკლამის შექმნა, განთავსება და მასთან მიტანა.

აი, შემდეგ კი „პრინცესამ“ მისთვის შექმნილ ფეისბუქ-ფეიჯზე საკუთარი თავი ამოიცნო, „პრინცს“ ფეიჯის მისამართი გაუგზავნა და ცხოვრობდნენ ისინი დიდხანს და ბედნიერად…

ავტორი: ნატა ბეშიძე



განხილვა