in

თამარ ანდღულაძე: „რა ელის ციფრულ სამყაროს, პანდემიის შემდეგ?“

მსოფლიოში პანდემიის გამოცხადებამ მკვეთრად დაამკვიდრა ტერმინი „გაციფრულება“. კომპანიებს განვითარებისთვის სწრაფი ადაპტირება და ციფრულ სამყაროში უფრო მკაფიოდ პოზიციონირება დასჭირდათ. ამ პროცესმა, რასაკვირველია, უდიდესი გავლენა იქონია ციფრულ ბიზნესპროცესებსა და ციფრულ მარკეტინგზე. სფეროს გაფართოვებამ ბუნებრივად გამოიწვია მოთხოვნის ზრდა ციფრულ მარკეტინგზე. მაინც, რა გავლენა იქონია აღნიშნულ საკითხზე ბოლო ორმა წელმა და რა მიმართულებით განვითარდება ეს სფერო?
ამ თემაზე გვესაუბრა თამარ ანდღულაძე, სააგენტო Saatchi & Saatchi-ის ციფრული მიმართულების რეგიონალური ხელმძღვანელი.

M: პანდემიის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ, ყველა ვთანხმდებით, რომ სამყარო უფრო მეტად ციფრული გახდა. შევაჯამოთ, რა გვასწავლა ციფრული მარკეტინგის თვალსაზრისით, ამ პერიოდმა?

ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი სწრაფი ადაპტაცია იყო, მათ შორის, ციფრულ მარკეტინგში. გლობალურ ბაზარზე, ციფრული მარკეტინგი წლიურ სარეკლამო ბიუჯეტში უკვე მრავალი წელია სოლიდურად მზარდ პროცენტს იკავებდა, თუმცა საქართველოში ბევრი დიდი კომპანია, პანდემიის დაწყებამდე, უპირატესობას მაინც ტრადიციულ მედიას ანიჭებდა. საქართველოში შეზღუდვებმა და სოციალურმა დისტანციამ, ციფრული სამყარო ელვისებური სისწრაფით შეცვალა და ბევრი კომპანიისთვის გახდა კატალიზატორი, ციფრულ ტრანსფორმაციას სათანადო ყურადღება და რესურსი დათმობოდა. ასევე, ბევრი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ციფრული მარკეტინგი ერთადერთ საკომუნიკაციო არხად იქცა.

M: როგორ შეიცვალა მოთხოვნა ციფრულ მარკეტერებზე? რა პერსპექტივა გააჩინა ამ მიმართულების სპეციალისტებისთვის?

ციფრული მარკეტინგში ბიუჯეტების ზრდამ, რა თქმა უნდა, მარკეტერებზეც გაზარდა მოთხოვნა და ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესია გახდა. ძალიან ბევრი კურსი თუ ვორქშოფი ჩატარდა, ტრადიციული სააგენტოები ტრანსფორმირდნენ და ციფრული მიმართულება მათთვის უკვე ერთ-ერთი პრიორიტეტია. ბაზარზე ადამიანური რესურსის დეფიციტმა სახელფასო მოლოდინები გაზარდა და დღეს, ციფრული მარკეტერის ანაზღაურება, რიგ შემთხვევებში, უფრო მაღალი რგოლის მენეჯერების ანაზღაურებასაც კი აღემატება.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დისტანციური მუშაობის რეჟიმმა, ამ მიმართულებითაც გააფართოვა ჰორიზონტი და დეფიციტი უცხოელი მაღალკვალიფიციური ტალანტების დისტანციურად დასაქმებამაც დააბალანსა. ამავდროულად, ბევრმა ჩემმა კოლეგამ მისი საოცნებო სამსახური, დისტანციურად, უცხოურ კომპანიებში იპოვა.

პანდემია ჩემთვისაც კარიერული ზრდის პერიოდი აღმოჩნდა და ადგილობრივი სააგენტოდან Saatchi & Saatchi-ის თბილისის ოფისში გადავინაცვლე, სადაც ციფრული ტრანსფორმაციის ერთ-ერთი ლიდერი გავხდი. ამჟამად, ჩვენი ციფრული გუნდი რამდენიმე ქვეყანასა და სხვადასხვა კულტურის ადამიანს აერთიანებს, რაც საშუალებას გვაძლევს ერთმანეთს  მრავალფეროვანი გამოცდილება გავუზიაროთ და რამდენიმე ქვენის ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სააგენტო ვიყოთ.

M: რა უნარების ქონა გახდა უფრო მნიშვნელოვანი, ამ სფეროს სპეციალისტებისთვის?

გარდა სტრატეგიული ხედვისა, ტექნიკური უნარების მნიშვნელობამ მნიშვნელოვნად წამოიწია წინ. თუ აქამდე, კომპანიები მხოლოდ „ენგეიჯმენტს“ ითვლიდნენ, ახლა, გაყიდვები გახდა წარმატების საზომი. შესაბამისად, Performance Marketer-ები, ვინც ტექნიკური უნარებითაც გამოირჩევიან, უფრო მეტად დაფასებულები არიან.

M: როგორ შეიცვალა თავად კომპანიების დამოკიდებულება ციფრული მარკეტერების მიმართ?

მე ვიტყოდი, რომ არა მხოლოდ ციფრული მარკეტერის, არამედ კომპანიებმა, მთლიანობაში, მარკეტერების მიმართ შეცვალეს დამოკიდებულება. გარდა იმისა, რომ ცალკე თანამშრომლები აჰყავთ ამ მიმართულებით, მარკეტინგის არსებულ ლიდერებსა თუ დირექტორებსაც მოუწიათ ცოდნის გაღრმავება.

M: როგორი მიდგომა მოძველდა ციფრულ მარკეტინგში და რა სპეციფიკა გახდა უფრო აქტუალური, საერთო ჯამში?

ბევრი რამ „ტეხავს“ უკვე, თუმცა ყველაზე მეტად, გავრცელებული წარმატების საზომი – პოსტზე მოწონებისა და კომენტარების თვლა.

M: რა უნდა გაითვალისწინონ კომპანიებმა და ციფრულმა მარკეტერებმა, მომავალი წლებისთვის?

დროთა განმავლობაში, ციფრულ მარკეტერებს ჩვენი ცოდნისა და გამოცდილების უფრო კონკურენტუნარიან გარემოში წარმოჩენა მოგვიწევს. გარდა ამისა, ამ პროფესიის უფრო მიკრო მიმართულებებად ჩაშლა მოხდება, რაც ჩემი აზრით, სწორი და აუცილებელია.

რაც შეეხება კომპანიებს, ამ ეტაპზე, ყველაზე დიდი გამოწვევა სწორი თანამშრომლების შერჩევაა. შესაბამისად, ვფიქრობ, ამ მიმართულებით გადაწყვეტილების მიმღები კადრების გადამზადება და მათი წარმატების ობიექტურად შეფასება სამომავლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატების ფაქტორი გახდება.

[R]

NASA: მარსზე ბგერა განსხვავებულად ვრცელდება

აი, როგორ გახდნენ მარტორქა და თხა საუკეთესო მეგობრები