in

ორსულობის ციფრული ტესტი, როგორც 5 დოლარიანი მიკროკომპიუტერი

veon
veon

ჩვეულებრივ, ორსულობის ტესტი წარმოგვიდგენია როგორც მარტივი, თეთრი ჯოხი, რომელზეც ორსულობის შემთხვევაში წითელი ხაზები უნდა გამოჩნდეს. ტესტების ციფრულმა ვერსიამ კი ისინი მომცრო კომპიუტერებად აქცია და ისინი 1981 წელს, IBM-ის მიერ გამოშვებული პერსონალური კომპიუტერის სიმძლავრის არიან. ასეთი ციფრული ტესტების ყიდვა, აშშ-ს ბაზარზე, 5 დოლარიდანაა შესაძლებელი. რამდენიმე დღის წინ კი, ტვიტერზე მომხმარებლები განიხილავდნენ, თუ რა ხდება ასეთი ტესტების შიგნით და როგორ მუშაობს ეს 5 დოლარიანი კომპიუტერი.

თითოეულ ასეთ ტესტს აქვს პროცესორი, 64 ბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, ელემენტი და პატარა LCD ეკრანი, ტესტის შედეგის საჩვენებლად.

მომხმარებელი Foone ამტკიცებს, რომ ეს მოწყობილობა გაცილებით სწრაფია, ვიდრე 1981 წელს, IBM PC-ში გამოყენებული CPU.

შესაძლოა იფიქროთ, რომ რადგან ტესტი ციფრულია, ის შეიძლება მეტად ზუსტი იყოს, თუმცა, ეს ასე არ არის. ციფრული ტესტი, ისევე, როგორც ტრადიციული, ქაღალდს იყენებს და თქვენი მასალის მასზე მოხვედრის შედეგად მიღებულ ქიმიურ რეაქციას აანალიზებს. ეს კი მოწყობილობის ეკრანზე თქვენი პასუხის გამოჩენის წინაპირობაა.

უფრო კონკრეტულად, თქვენთვის ორსულობის შესახებ პირველადი ცნობის მოსაწოდებლად, მოწყობილობა სპეციალურ ქაღალდს იყენებს. ქაღალდზე თქვენი შარდის მოხვედრა მოწყობილობის ჩართვას იწვევს. ამის შემდეგ, ციფრული ორსულობის ტესტი სამ მომცრო LED ნათურასა და ორ ფოტოსენსორს იყენებს, იმისათვის, რომ ქაღალდზე, ქიმიური რეაქციის შედეგად გაჩენილი ნიშანი – ხაზები წაიკითხოს. პროცესორი, ოპერატიული მეხსიერება, ელემენტი და მოწყობილობის ეკრანი შეთანხმებულად მუშაობს საიმისოდ, რომ რამდენიმე წუთში ეკრანზე ნახოთ სასურველი, ან არასასურველი წარწერა – “pregnant” ან “not pregnant”.

ციფრული ტესტის არსებობას მომხმარებელთა ნაწილი იმით ხსნის, რომ ხშირად, ორსულობის ტრადიციულ ტესტზე ხაზების გარკვევა ბევრი მათგანისთვის პრობლემას წარმოადგენს. ციფრული ტესტი კი მათ ცხად პასუხს აწვდის. აღსანიშნავია, რომ ამ მოწყობილობას მეორედ ვეღარ გამოიყენებთ და როგორც ამბობენ, ეს არის 5 დოლარიანი კომპიუტერი, რომელიც ერთჯერადი მოხმარებისაა და გამოყენების შემდეგ უნდა გადააგდოთ.

ჩაები ბრძოლაში! – გაეროს კამპანია

Iron Burger – „ჯანსაღი ბურგერი, ნახშირწყლების გარეშე“