in

ასე მოიგეს Young Lions 2022-ის ოქრო ციფრულ კატეგორიაში

Young Lions Georgia 2022 დასრულდა. უკვე ცნობილია კანის ადგილობრივი ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულები, საქართველოს კრეატიული ნაკრების წევრთა ვინაობა, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სახელით კანის ახალგაზრდა ლომების მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებენ. Young Lions საქართველოში 2015 წლიდან ტარდება და ყოველწლიურად მთელი ქართული სარეკლამო ინდუსტრიის ყურადღების ეპიცენტრად იქცევა. წელს, კონკურსი ოთხ კატეგორიაში ჩატარდა: Digital, Print, Film და Marketer. შედეგების სრულად სანახავად ამ ბმულს შეგიძლიათ ეწვიოთ, ხოლო თუ გაინტერესებთ, როგორ გახდა WINDFOR’S-ის გუნდი, სოფი ივანიშვილისა და ლუკა მახარობლიშვილის შემადგენლობით, ოქროს მფლობელი, ამ ინტერვიუში გაიგებთ. სოფი და ლუკა Digital კატეგორიაში მონაწილეობდნენ. ამ კატეგორიის მონაწილეებს ციფრული კამპანია უნდა ჩამოეყალიბებინათ, რომლის ფარგლებშიც, დასაქმების ისეთი პლატფორმის შესახებ აამაღლებდა ცნობადობას, რომელიც სამსახურს ნებისმიერ ადამიანს სთავაზობს, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირებს.

M: როგორ ემზადებოდით გუნდის წევრები Young Lions-ისთვის?

მოსამზადებლად, პირველ რიგში, წინა წლების ნამუშევრებს გავეცანით, სხვადასხვა წლის და ქვეყნების გამარჯვებულებს, მათ ბრიფებს და გადაწყვეტის მეთოდებს. 

ასევე დავაკვირდით board-ების ვიზუალურ მხარეს და ეფექტურობას – ყველა დეტალს, რომელიც ჩვენი იდეის საინტერესოდ წარმოჩენაში დაგვეხმარებოდა.

M: როგორ იმუშავეთ ბრიფის ამოხსნაზე?

ბრიფი წაკითხვისთანავე ძალიან მოგვეწონა. გარდა იმისა, რომ საინტერესო ამოსახსნელი „ამოცანა“ იყო, რეალურად სასარგებლო და საჭირო საქმეს ემსახურება და ყოველთვის გვახარებს ხოლმე მსგავს დავალებებზე მუშაობა, როცა ჩვენი კრეატივით რეალურად შეგვიძლია ადამიანების ცხოვრება გავამარტივოთ და საზოგადოებისთვის სასარგებლო გადაწყვეტები მოვიფიქროთ.

ჩვენი დავალება იყო, თბილისში მცხოვრები შშმ პირებისთვის შეგვეტყობინებინა ახალი პლატფორმის შესახებ – jobsforeveryone.ge მიზნად საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთათვის დასაქმების პროცესის გამარტივებას ისახავს და ექსკლუზიურ ვაკანსიებს სთავაზობს მათ.

ამ დავალებაზე მუშაობა გამოწვევებთანაც იყო დაკავშირებული, გვინდოდა ჩვენი იდეა მაქსიმალურად მარტივად აღქმადი და ყველასთვის ერთი დანახვით გასაგები ყოფილიყო. სხვადასხვა ინსაითებისა და იდეების მოთელვის შემდეგ, ავირჩიეთ მიმართულება, რომელიც , ჩვენი აზრით, სათქმელს ყველაზე ეფექტურად გადმოსცემდა.

M: როგორი იყო დავალების თქვენეული გადაწყვეტა?

მარტივ ჭეშმარიტებას მივყევით – ყველა ადამიანს აქვს უნიკალური შესაძლებლობები, რომლის გამოყენებაც საზოგადოებისთვის სასარგებლოდ შეუძლია. შეიძლება ადამიანს უჭირდეს გადაადგილება, თუმცა მისი შესაძლებლობების ჩამონათვალი უსასრულო იყოს.

ახალი, ექსკლუზიური ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის სამიზნე აუდიტორიასთან მისატანად სწორედ ეს გზა ავირჩიეთ – კიდევ ერთხელ შევახსენეთ მათ, რომ ნებისმიერი საქმე, რეალურად კონკრეტული შესაძლებლობების, უნარების ნაკრებია და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეასრულოს.

შევქმენით ვებ-პლატფორმა, რომლის ვიზიტორებსაც შეეძლებათ მიუთითონ მათი უნარ-შესაძლებლობები, ნახონ თუ რომელ ვაკანსიებს “ემთხვევა” ისინი და შემდეგ, მინი თამაშით გამოცადონ სამუშაო პროცესი ამა თუ იმ პროფესიაში. 

M: რას ნიშნავს ეს გამარჯვება თქვენთვის და როგორია მოლოდინი კანის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით?

ბუნებრივია, ძალიან გვიხარია და დიდ პასუხისმგებლობასაც ვგრძნობთ. ყველა ძალასა და ენერგიას მოვიკრებთ, რომ ღირსეულად წარვადგინოთ ჩვენი ქვეყანა მსოფლიო ასპარეზზე.

ნიკა გუჯეჯიანის სახელობის ჯილდო ლევან ლეფსვერიძეს გადაეცა!

როგორ მოიგო Leavingstone-ის გუნდმა Young Lions 2022-ის ოქრო?