in

ციფრული თბილისიმარათონი დაიწყო!

წელს, ჰაიდელბერგცემენტ თბილისიმარათონის ტრადიციული ფორმატი გაუქმდა, თუმცა პროექტი ციფრული გარბენით მაინც დაგვიბრუნდა, რომელში ჩართვაც უკვე ნებისმიერ მსურველს, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეუძლია!

გადმოწერეთ STRAVA-ს აპლიკაცია და შემოუერთდით ონლაინ ჩელენჯს, ერთი კილომეტრიც კი საკმარისია იმისთვის, რომ თქვენ ავტომატურად ჩაერთოთ გამოწვევაში!

გამოწვევაში კი იგულისხმება: 1 თვის განმავლობაში, ყველა მონაწილის ნარბენმა მანძილმა უნდა შეადგინოს 500 000 კილომეტრი. არ აქვს მნიშვნელობა, კონკრეტული მონაწილე 1 კილომეტრს გაირბენს, თუ 150-ს, მთავარია, 25 ოქტომბერს, გარბენილი კილომეტრების ჯამმა ნახევარ მილიონს მიაღწიოს. ამასთან ერთად, დამატებით, ინდივიდუალური მოტივაციისთვის არსებობს მინიმალური ზღვარიც – 42.2 კილომეტრი, რომლის დაფარვის შემთხვევაშიც, მონაწილე მიიღებს თბილისიმარათონის სპეციალურ ონლაინ ბეიჯს. ეს მანძილი მონაწილეს შეუძლია, დაფაროს როგორც ერთ გარბენში, ასევე თავისი სურვილის მიხედვით, რამდენიმე გარბენზე გადაანაწილოს. მაქსიმალური ზღვარი, რა თქმა უნდა, არ არსებობს, რაც მეტია მონაწილის მიერ თვის განმავლობაში გარბენილი მანძილი, მით მეტია მისი კონტრიბუციაც.

რაც შეეხება კონტრიბუციასა და ქველმოქმედებას, მონაწილეების მიერ გარბენილ ყოველ კილომეტრზე კომპანია ჰაიდელბერგცემენტი გადაიხდის 0.1 ლარს. შესაბამისად, მიზნის მაქსიმალურ შედეგზე შესრულების შემთხვევაში თანხა 50 000 ლარი წლევანდელ ბენეფიციარს – პირველი ნაბიჯი • First Step – ს გადაეცემა.

გახსოვდეს, ნებისმიერი სახის კონტრიბუცია მისასალმებელია! მეტი გარბენი ნიშნავს მეტ კონტრიბუციას ბენეფიციარის დახმარებაში.

დროისა და მანძილის ათვლა 27 სექტემბრიდან დაიწყო! გამოწვევაში დასარეგისტრირებლად მიჰყევით ბმულს.

 

თბილისიმარათონის ახალ ფორმატზე პროექტის მენეჯერი, ნიკა ჯინჯიხაძე გვიყვება:

ისევე, როგორც გასულ წლებში, წელსაც, სექტემბრის ბოლო კვირა დღეს, თბილისიმარათონი უნდა გამართულიყო. თუმცა პანდემიისგან გამოწვეული პრობლემებისა და რისკების გამო, ღონისძიების გაუქმება მოგვიწია და რიგით მეცხრე თბილისიმარათონი ტრადიციული ფორმატით აღარ შედგა.

საკმაოდ ბევრი მსჯელობის შემდეგ შევთანხმდით, რომ ასე ადვილად არ უნდა შევგუებოდით ღონისძიების მომავალ წლამდე გადაწევას და ჩვენი მონაწილეებისთვის რაღაც ალტერნატივა აუცილებლად უნდა შეგვეთავაზებინა. ეს ალტერნატივა უნდა ყოფილიყო, პირველ რიგში, უსაფრთხო, სახალისო, ისეთი რაღაც, რაც ჯერ არ გვიცდია და ასევე, რა თქმა უნდა, გაგვეთვალისწინებინა ქველმოქმედებაც, რაც თბილისიმარათონის განუყოფელი ნაწილია.

სხვადასხვა იდეისა და ვარიანტების განხილვისას მივედით დასკვნამდე, რომ დღესდღეობით, ადგილი, სადაც ბევრი ადამიანის ერთად, უსაფრთხოდ თავმოყრა არის შესაძლებელი არის ინტერნეტსივრცე. ზუსტად აქედან გაჩნდა თბილისიმარათონის ციფრულ სივრცეში გადატანის იდეაც და შემდეგ უკვე ჩამოყალიბდა თვითონ „ჩელენჯის“ კონცეპტიც.

გავითვალისწინეთ სხვა უფრო მასშტაბური ღონისძიებების გამოცდილებებიც და მივხვდით, რომ ციფრული გარბენი ან შეჯიბრება ბოლომდე რეალური ღონისძიების ალტერნატივად არ გამოდგება და მორბენლების დიდ ნაწილს მასში მონაწილეობის მოტივაცია და სურვილი უფრო ნაკლებად აქვთ, ვიდრე ეს რეალური გარბენის შემთხვევაში ხდება.

შესაბამისად, ვიფიქრეთ, რომ ცოტა სხვა გზით უნდა წავსულიყავით და ციფრული თბილისიმარათონი არ უნდა ყოფილიყო, უბრალოდ, გარბენი, რომელიც რამდენიმე საათში დასრულდებოდა. გადავწყვიტეთ, ამ ყველაფრისთვის მიგვეცა გამოწვევის (ჩელენჯის) სახე და რამდენიმე საათის ან თუნდაც, 1 დღის მაგივრად, მასში მონაწილეობის დრო 1 თვემდე გაგვეზარდა. ასევე, აუცილებელი პირობა იყო, რომ მასში მონაწილეობის შესაძლებლობა, მაქსიმალურად, ბევრ ადამიანს უნდა ჰქონოდა “ – განმარტავს ნიკა ჯინჯიხაძე.

იდეის სისრულეში მოყვანა და გამოწვევის ტექნიკური მხარის გამართვა კომპანია STRAVA- სთან მჭიდრო თანამშრომლობით მოხდა. Strava მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტული აპლიკაცია და ფიტნეს ტრეკერია, რომლის პლატფორმაზეც დღეში 10 მილიონამდე სხვადასხვა სახის სპორტული აქტივობა იტვირთება. ის ერთგვარი სოციალური ქსელია სპორტული ადამიანებისთვის.

მონაწილისგან საჭიროა მხოლოდ აპლიკაციის გადმოწერა, ჰაიდელბერგცემენტ თბილისიმარათონის ჩელენჯის მოძებნა და გაწევრიანება. ამის შემდეგ კი, 1 თვის განმავლობაში, ყველა გარბენის წინ აპლიკაციის გამოყენება, რათა მოხდეს გარბენისა და შედეგის აღრიცხვა.

აპლიკაციის გადმოწერაც და გამოწვევაში მონაწილეობაც უფასოა. მისი გამოყენება შესაძლებელია სმარტ საათითაც, რომელიც უბრალოდ, აპლიკაციას უნდა დაუკავშიროთ.

აპლიკაციის გადმოსაწერად ეწვიეთ ბმულს:

 

[R]

ცვლილებები 100/100! – Ford-ის კამპანია

ჭკვიანი ფინჯანი, რომელიც ყავას თავისით აცხელებს