11
ივლ
2018

როგორ აისახება ციფრული ტრანსფორმაცია სასტუმროების ბიზნესზე?! 

11 ივლ 2018

სასტუმროების ბიზნესში, ციფრული ტრანსფორმაცია მაქსიმალურად მორგებულია ადამიანის მოთხოვნებს. დიდი ბრენდები ამ ტექნოლოგიებს იმისთვის იყენებენ, რომ თითოეული სტუმრის ნებისმიერი სურვილი და, რიგ შემთხვევებში, ახირებაც კი დააკმაყოფილონ.

საერთაშორისო ტექნოლოგიურმა კომპანია Sabre-მა სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საუბარია სხვადასხვა სასტუმროს დამსვენებლების ციფრული ტრანსფორმაციის გამოცდილებაზე. აღნიშნული მონაცემები ინდუსტრიის მსხვილ მოთამაშეებს შესაძლებლობას მისცემს, ტექნოლოგიების გამოყენებით, თითოეულ სტუმარს კონკრეტულად მასზე მორგებული სერვისი შესთავაზოს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ დროთა განმავლობაში, მომხმარებლის, ამ შემთხვევაში, დამსვენებლის ქცევა იცვლება. ამიტომ, სასტუმროების ხელმძღვანელებმა, ტექნოლოგიური არხები სწორედ ამ ქცევისა და მოთხოვნების შესაბამისად უნდა გამოიყენონ.

„Uber-ის, Lyft-ის, Postmates-ის, Amazon Prime-ის და სხვა აპლიკაციების თუ სერვისების ეპოქაში, რომლებიც ადამიანების სურვილებსა და საჭიროებებს რეალურ დროში აკმაყოფილებს, სასტუმროების ბიზნესი, თითქოს, უღიმღამო მოთამაშე ხდება“, – ნათქვამია ანგარიშში.

ავტორი ბრაიან სოლისი წერს, რომ ინდუსტრიის მოთამაშეებმა კარგად უნდა გაიაზრონ ცვლილებების საჭიროება, გააზრებული ტრანსფორმაცია კი, მისი განმარტებით, „მემკვიდრეობით მიღებული პრინციპების“ გადახედვას გულისხმობს. ანუ თანამედროვე ბრენდებმა აუცილებლად უნდა განახორციელონ გარკვეული ცვლილებები და დანერგონ სიახლეები.

კვლევის ავტორი რამდენიმე ცვლილების აუცილებლობაზე, იგივე „გააზრებულ ტრანსფორმაციაზე“  საუბრობს, რაც სასტუმროების მეპატრონეებმა და ხელმძღვანელებმა უნდა გაითვალისწინონ:

ჩადეთ ინვესტიცია ისეთ პლატფორმებში, რომლებიც სპეციალურად სტუმრებისთვის იქნება განკუთვნილი!

„კლიენტებს სურთ, რომ დაფასებულები იყვნენ. უნდათ, ციფრულ და ფიზიკურ სამყაროში, თითოეულ შეხებას რეალურად გრძნობდნენ. ტექნოლოგიების განვითარებამ, განსაკუთრებით კი „სმარტფონებმა“, აბსოლუტურად შეცვალეს ადამიანების ურთიერთქმედება გარე სამყაროსთან. აუცილებელია, ეს ყველაფერი  სასტუმროების ხელმძღვანელებმა გაითვალისწინონ. სოლისის აზრით, ამ ინდუსტრიის თითოეული მოთამაშე მაქსიმალურად უნდა ეცადოს, საკუთარი ბრედნი, სტუმრების დამოკიდებულების შესაბამისად იყოს ადაპტირებული. მაგალითად, კლიენტს ისეთი მობილური აპლიკაცია შესთავაზოს, რომლითაც, თუნდაც, სასტუმროში მისვლამდე ნომერს დაჯავშნის და ამისთვის კომპიუტერი საერთოდ არ დასჭირდება.

დარწმუნდით, რომ შეთავაზებული პლატფორმა თითოეულ სტუმარს ბოლომდე ემსახურება!

ანგარიშის მიხედვით, როცა ადამიანი მოგზაურობაზე იწყებს ფიქრს, სასტუმრო უკვე მისი თვალთახედვის არეში უნდა იყოს. ზოგჯერ კი, მანამდეც უნდა ჩანდეს. კლიენტს, როგორც წესი, სურს, ბრენდი ყოველი ფეხის ნაბიჯზე ხვდებოდეს. დასვენების მსურველები სასტუმროებს, ყველაზე ხშირად, „სმარტფონით“, საძიებო სისტემაში ეძებენ. სოლისი ინდუსტრიის მოთამაშეებს ურჩევს, საკუთარი სერვისის შესახებ ინფორმაცია სწორედ ამ სივრცეში განათავსონ. ასე მონაცემები პირდაპირ სამიზნე აუდიტორიამდე მივა.  მაგალითად, შეიძლება სასტუმროებმა, ინფორმაციის განსათავსებლად, ადაპტირებული ვებ კონტენტი ან სოციალური ქსელების პლატფორმა გამოიყენონ.

ინოვაციური იდეებისთვის გაეცანით თანამედროვე კომერციულ ბრენდებს, გაითვალისწინეთ მათი მაგალითი და გამოცდილება! 

„ახალი ტექნოლოგიები, მსოფლიოს მასშტაბით, ყოველდღიურად დიდ გავლენას ახდენს ბიზნესსა და ბაზარზე. ადამიანის ქცევასთან დაკავშირებული მომხმარებელთა ინტერესები, ახალი ტექნოლოგიებისა და სერვისების გავლენა კი უბრალოდ ანადგურებს ამ ბაზარს. ეს „ციფრული დარვინიზმია“. ბრენდები ( სასტუმროები) მოთხოვნისა და ბაზრის შესაბამისად უნდა განვითარდეს. სამწუხაროდ, ბევრი კომპანია საკუთარი შეხედულებების, პროცესებისა და პერსპექტივების ტყვე ხდება და, უბრალოდ, ვერ ახერხებს, აჰყვეს მსოფლიოს თანამედროვე ტენდენციებს. შესაბამისად, აღარც ვითარდება“, – წერია დოკუმენტში.

და ბოლოს, ძალიან მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რას ნიშნავს კონკურენცია სასტუმროების ბიზნესში, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, ხელმძღვანელებმა უფრო ფართოდ აღიქვან და შეაფასონ ინდუსტრია და კარგად დაინახონ, რა ტენდენციები და ახალი ტექნოლოგიები აფერხებს ბიზნესის განვითარებას.



განხილვა