დაუვიწყარი აღმოჩნდა კანის წლევანდელი ახალგაზრდული ჩემპიონატი. საქართველოს სახელით კანის მსოფლიო ჩემპიონატზე 6 გუნდი ასპარეზობდა, რომელთაგან 2-მა გამარჯვება მოიპოვა (Film და PR კატეგორიებში) და ბრინჯაოს ჯილდოთი დაბრუნდა. არ გვავიწყდება ფინალურ დაჯილდოებაზე Cannes Lions-ის გრან პრით გამოწვეული სიხარული, რაც Metro Production-მა მოგვიტანა. უპრეცედენტო იყო ის ფაქტიც, რომ პირველად, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, კანის ახალგაზრდულ ფესტივალზე საქართველოდან გუნდები 6 კატეგორიაში ასპარეზობდნენ. ამჯერად, Young Cannes Lions-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის გამოცდილებაზე Digital კატეგორიის მონაწილეები, ნინო ნადარაია და გიორგი ჟუჟიაშვილი გვიყვებიან.
M: როგორი იყო Young Cannes Lions-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის გამოცდილება თქვენთვის?
კანის ფესტივალზე ძალიან ცხადი და ხელშესახები ხდება კრეატიული ინდუსტრიის ტემპი და მუხტი. ფესტივალზე დასწრება, ათასობით ნიჭიერ, ცნობილ და წარმატებულ მარკეტერთან გადაკვეთა თვალსაწიერს ერთბაშად გიფართოებს. Young Lions-ები კი, რომელიც „დიდი კანების“ პარალელურად მიმდინარეობს, საუკეთესო შესაძლებლობაა საკუთარი უნარების შეზღუდულ დროში გამოსაცდელად.
ორი მედალი გლობალურ Young Lions-ზე იყო უდიდესი წარმატება, როგორც ინდივიდუალურ დონეზე, ასევე ჩვენი ქვეყნისათვის. ქართულმა გუნდებმა მოახერხეს რომ ისეთი ქვეყნების მხარდამხარ მოეპოვებინათ საპრიზო ადგილები, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი და გერმანია. ზოგადად ქვეყანაში კრეატიული ინდუსტრიის განვითარების დონე Young Lions-ზე ძალიან იგრძნობა, რაც უფრო განვითარებულია ინდუსტრია ქვეყანაში, მით უფრო ძლიერი მარკეტერები ასპარეზობენ იმ ქვეყნების სახელით. საქართველოს შემთხვევაში, სწორედ ამიტომაა ორმაგად აღსანიშნავი და სასიხარულო წარმატებული ასპარეზობა კონკურსზე.
წელს საქართველომ უპრეცედენტო წარმატებას „დიდ კანებზე“, Cannes Lions-ზეც მიაღწია – მეტრო პროდაქშენმა ინოუშენთან ერთად შექმნილი პროექტით, ფესტივალის ყველაზე პრესტიჟული ჯილდო გრანპრი და ოქროს ლომი მოიპოვა.
სამშობლოში დაბრუნებულებს – კანში მიღწეული წარმატებები ყოველდღიურ საქმიანობაშიც შთაგვაგონებს. საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის!
M: როგორი იყო Digital კატეგორიის გუნდების დავალება?
ბრიფი წარადგინა ორგანიზაციამ, რომელიც კლიმატის კრიზისის აღმოსაფხვრელად იბრძვის. მათი მიზანი მთელი მსოფლიოს მასშტაბით მხარდამჭერების მობილიზაციაა, რომლებიც თავის მხრივ საკუთარი ქვეყნების მთავრობას და პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებენ – მიიღონ კლიმატის კრიზისის წინააღმდეგ ზომები.
ჩვენი ამოცანა იყო, მოგვეფიქრებინა კამპანია, რომელიც 1.5 წლის განმავლობაში მოახერხებდა მიწვდომოდა 10 მილიონ ადამიანს და გააერთიანებდა მათ „ბაბუაწვერის მოძრაობის“ რიგებში. ბაბუაწვერა ამ მოძრაობის სიმბოლოა, რომლის პოპულარიზაციაც სჭირდებათ – როგორც კლიმატის უსაფრთხოებაზე ზრუნვის სიმბოლოსი.
M: ბრიფის გადაწყვეტამდე როგორ მიხვედით?
ორგანიზაციის უკვე დამკვიდრებული საკომუნიკაციო ტონიდან და მიდგომებიდან გამომდინარე, მოვიფიქრეთ გადაწყვეტა – ციფრული გაზეთი მომავლიდან, რომელიც მომხმარებლების ყურადღებას პოზიტიური ინფორმაციით იქცევს. კამპანია გულისხმობდა მათ შორის ცნობილი და ძლიერი ქალი ლიდერების მოწოდებას ჩართულიყვნენ მოძრაობაში. იდეის მექანიკა თავისებურ თვითახდენად წინასწარმეტყველებას გულისხმობდა – სტატია მომავლიდან შესაძლოა ამბობდეს, რომ მაგალითად მალალა იუსაფზაი უკვე გახდა მოძრაობის წევრი. თუ მალალა და სხვა წარმატებული ქალები გადაწყვეტენ, რომ რეალურად დაყვნენ ამ შესაძლო სამომავლო სცენარს, უკეთესი მომავალი რეალურად განხორციელდება.
ჩვენი მიდგომა იყო ადამიანებისთვის გვეჩვენებინა, რომ მომავლის რამდენიმე განვითარება არსებობს და კოლექტიური ნებით შეგვიძლია მომავლის უკეთესობისკენ შეცვლა. ყველა კოლექტიური ქმედება კი ინდივიდების ცალკეული ნაბიჯებით იწყება.
ჩვენი ინსაითი მოიცავს იმ ფაქტსაც, რომ მედია ხშირად აშუქებს აპოკალიფსურ სცენარებს და ეს ადამიანებისთვის დამღლელი და გამაღიზიანებელია. ამიტომაც გადავწყვიტეთ პოზიტიური ეკოლოგიური სიახლეების მომავლიდან წარმოჩენა.
M: ბრიფზე მუშაობის პროცესზეც გვიამბეთ…
დავალების დასამუშავებლად გვქონდა ბრიფის განხილვიდან ზუსტად 24 საათი. მთლიანი პროცესის ცალკეულ ნაბიჯებად დაყოფა გადავწყვიტეთ, ჯერ მოვიფიქრეთ იდეა, პრეზენტაციის სტრუქტურა და პარალელურად, ვიზუალურ და ტექსტურ მხარეებს ვქმნიდით. ყველაზე რთული ტრადიციულად კონცეფციაზე ჩამოყალიბება აღმოჩნდა. ბრიფის მიღების შემდეგ დღეს საერთო სამუშაო სივრციდან მუშაობის ვალდებულებაც გვქონდა – 7 საათი სხვა ქვეყნის მარკეტერებთან ერთად ვიყავით. Digital კატეგორიაში ყველაზე მეტი 50 გუნდი ასპარეზობდა.
დოკუმენტის გაგზავნის შემდეგ დღეს, პრეზენტაცია ჟიურის წარვუდგინეთ, ჩვენი კატეგორიის ჟიური გუნდების სიმრავლიდან გამომდინარე ორ ნაწილად იყო გაყოფილი. ჟიურის პრეზიდენტი WhatsApp-ის კრეატივის ლიდერი ლუკას ჰეკი იყო.