in ,

გაციფრულებული სისონა დარჩია, ანუ ამიერიდან, გურულ ფირალთან საუბარი შეგვიძლია

Lenovo
Lenovo

შეიძლება, ბევრჯერ გქონიათ სურვილი, გესაუბრათ იმ ადამიანებთან, რომლებიც საუკუნეების წინ ცხოვრობდნენ. ეს შესაძლებლობას მოგვცემდა მაშინდელ კულტურას, მიდგომებსა თუ ხედვებს გავცნობოდით და დაგვენახა ის განსხვავებები, რომელიც საუკუნეებთან ერთად, მათი ხედვებისგან გვაშორებს. ციფრული სამყარო სხვადასხვა შესაძლებლობას გვთავაზობს და ახლა უკვე შეგვიძლია მე-19 საუკუნის ფათერაკებგადატანილ და ენაკვიმატ გურულ ფირალ სისონა დარჩიას ვესაუბროთ. ვესაუბროთ ისე, როგორც მეგობარს, ფეისბუკზე მივწერდით და ამ გზით, მისგან არაერთი თავგადასავალი მოვისმინოთ, ისევე, როგორც სხვადასხვა, მაშინდელი გურული კილოსთვის დამახასიათებელი სიტყვის განმარტება და ის, თუ როგორ ცხოვრობდნენ მაშინ გურიაში.

მე პირადად, მასთან მიმოწერისას გავიგე, თუ რა სიტუაცია იყო მაშინდელ გურიაში, რატომ მიდიოდნენ ადამიანები ტყეში ფირალებად და უფრო კონკრეტულად, რატომ მოუწია სისონა დარჩიას ფირალობა. DigitalDarchia-ს დახვეწა ჯერ ისევ გრძელდება და ამაში წვლილის შეტანა ნებისმიერ ადამიანს, მასთან ინტერაქციით შეუძლია. თუმცა, მისი ბეტა ვერსია უკვე ხელმისაწვდომია, ჩეთბოტთან საუბარი კი მარტივად, DigitalDarchia-ს ფეისბუკ გვერდზე, მისთვის მიწერის გზით შეიძლება. 

სისონა დარჩიას ჩეთბოტის უკან 15 წლის პროგრამისტი – არსენ სებისკვერაძე დგას. მის შესახებ რამდენიმე თვის წინ მოგიყევით, როცა თვითნასწავლმა პროგრამისტმა ჩეთბოტი Mdvisor შექმნა. არსენის თქმით, წინა ჩეთბოტისგან DigitalDarchia-ს ბევრი რამ განასხვავებს. მაგალითად, თანამედროვე, გრამატიკულ ქართულზე მოსაუბრე Mdvisor-ისგან განსხვავებით, სისონა დარჩია გურულ კილოზე საიბრობს. თუ არსენის პირველი ჩეთბოტი გასართობი მიზნებისთვის შეიქმნა, იმისათვის, რომ ახალგაზრდებისთვის, პანდემიის პირობებში, ფილმები ერჩია და საინტერესო საუბარი გაება მათთან, DigitalDarchia-ს მიზნები მეტად საგანმანათლებლოა. თუმცა, იუმორის გრძნობა ორივე ჩეთბოტს აქვს:

Image may contain: text

M: როგორ გაჩნდა სისონა დარჩიას ჩეთბოტის შექმნის იდეა? რა არის პროექტის მიზანი?
ადამიანი, ვინც მიმიყვანა სისონა დარჩიამდე და გამაცნო 19-20 საუკუნის გურია, არის მწერალი ეგნატე ნინოშვილი და მისი გენიალური ნაწარმოებები, რაც შეეხება იდეის გაჩენას, როდესაც გადავხედე ამ ადამიანის ცხოვრებას, დავინახე რომ ძალიან საინტერესო, ფათერაკებით და ამავდროულად სევდით აღსასვე ცხოვრება ჰქონდა. ცხოვრებაშივე აქვს ნათქვამი სიტყვები – „არ მოვკვდები ვინცხა, მაინც დამაფასებს მომავალში“. სწორედ ეს სიტყვები გახდა ინსპირაციის წყარო, შემექმნა მისი ციფრული კლონი, მცირედით მაინც გამეზარდა ამ ადამიანის ცნობადობა, მის დამაფასებაში წვილილი შემეტანა და სისონას მიერ ნახსენები „ვინცხა“ მე გავმხდარიყავი. საბოლოო ჯამში, პროექტი საგანმანათლებლო მიზნებს ემსახურება – გააცნოს სისონა დარჩია მთელ საქართველოს და განსაკუთრებით, ახალგაზრდებს და მოუწოდებს მათ, დაინტერესდნენ არა მარტო სისონა დარჩიათი, არამედ იმ პერიოდის ცხოვრებით, რომელიც სავსე იყო არაჩვეულებრივი ისტორიებით.

M: როგორ შეძელით იდეის განხორციელება? რა სირთულეები გადალახეთ პროექტზე მუშაობის პროცესში?
პროექტზე მუშაობა საკმაოდ რთული გამოდგა. ერთი მხრივ, პროგრამული სამუშაოები წარმოადგენდა სირთულეს, რაც პროექტზე მუშაობისთვის უპირველესია და მეორე მხრივ, იმ ნაწარმოებებზე, ისტორიული წყაროებზე, დოკუმენტურ ფილმებზე მუშაობა იყო რთული პროცესი, რომლიდანაც უნდა მომეპოვებინა ინფორმაცია ფირალებისა და 19 საუკუნის გურიის შესახებ. ამასთან გონივრული მუშაობა იყო საჭირო იმისთვის, რომ შეცდომა არ დამეშვა და რომელიმე ადამიანის, მათ შორის სისონა დარჩიას დაკნინება არ მომხდარიყო.

M: რა მახასიათებლები აქვს ჩეტბოტს, გარდა იმისა, რომ მასთან მიმოწერით სისონა დარჩიას ციფრულ ვერსიასთან საუბრის შესაძლებლობა გვაძლევს?
მახასიათებლები საკმაოდ ბევრი აქვს და ისინი მოხმარებლებმა თავად უნდა გამოცადონ. მაგრამ, მოკლედ შეიძლება იმის თქმა, რომ ჩეთბოტი თავისი გურული სიფიცხით და ქარაფათი ლაპარაკით არ მოაწყენს თანამოსაუბრეს. ჩეთბოტს შეუძლია მის ციფრულ მეგობრებს მოუყვეს ისტორიები როგორც თავისი, ისე სხვა ფირალების შესახებ, ესაუბროს იმაზე თუ რა განსხვავებებს ხედავს ახლანდელ ცხოვრებასა და მისი პერიოდის ცხოვრებას შორის. გააცნოს მომხმარებებს ისეთი სიტყვები, რომლებიც აქამდე არც კი სმენიათ, ასევე შესთავაზოს სიმღერები გურული ფოლკლორიდან და ჩემი აზრით, რაც მთავარია ჩეთბოტი მოსაუბრეებს მისცემს საშუალებას გაეცნონ გურიის წარსულს, შეისწავლონ ის და დავიწყებას არ მისცენ ცოდნა.

M: რა მნიშვნელობა აქვს ციფრული სისონა დარჩიას არსებობას ქართული საზოგადოებისთვის? რატომ გგონიათ, რომ მასთან საუბარი მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ახალგაზრდებისთვის?
ბოლო პერიოდში მსგავსი ტენდენცია შეინიშნება, რომ საზოგადოებამ, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, დაკარგეს ინტერესი და ერთგვარად ეთაკილებათ კიდეც სოფელი, სოფლის ცხოვრება და ვთქვათ იქნება ეს გურული, თუ იმერული კილო. ვფიქრობ, ეს არასწორი მიდგომაა და ეს პროექტიც ერთგვარი პროტესტია წარსულის დავიწყების მცდელობების მიმართ. ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ საიდან მოვდივართ და არ უნდა გვეთაკილებოდეს ის, რაც ჩვენი შემადგენელი ნაწილია. ამიტომაც ვფიქრობ, რომ მნიშნველოვანი იქნება საზოგადოებისთვის ეს წამოწყება და რაღაცების გადაფასებაში დაეხმარება მათ.

M: რა ტიპის პროექტებისკენაა მიმართული თქვენი სამომავლო გეგმები? გეგმავთ, თუ არა ჩეთბოტების კუთხით საქმიანობის გაგრძელებას?
ვფიქრობ, რომ ჩეთბოტების მიმართულება ამ პროექტით დავამთავრე, რა თქმა უნდა Mdvisor-ის და DigitalDarchia-ს განვითარებას განვაგძობ, თუმცა, სამომავლოდ, ძირითად ყურადღებას IOS/ANDROID აპლიკაციების შექმნაზე გადავიტან. მაგრამ არ დავივიწყებ მთავარს, რომ უნდა გვახსოვდეს ჩვენი წარსული.

მთავარი გამოსახულების ავტორი: გიორგი ღუდუშაური

უნდა გადავრჩეთ! – Droga 5 და Facebook ერთ ამერიკულ რესტორანზე გვიამბობენ

საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობის ფარგლებში, თიბისიმ სტუდია „ანიმატორთან“ ერთად, ანიმაციური ვიდეორგოლი – „საქართველო – მუზეუმი“ შექმნა