
თუმცა, ეს ყველაფერი არ არის… რა იქნებოდა, თუ ის საგანმანათლებლო ფუნქციასაც შეითავსებდა და მოგვიყვებოდა, მაგალითად, როგორ მუშაობს გული?

როგორც უკვე თავად გითხრათ, ეს DigitalMed-ია, პირველი ქართული ხელოვნური ინტელექტი მედიცინაში. მისი შემქმნელი კი, 20 წლის გეგა თათულიშვილია. BTU-ს სტუდენტი ფინანსების ფაკულტეტიდან, რომელსაც ბავშვობიდან, ძალიან უყვარს ბიოლოგია.
როგორც გეგა გვიყვება, DigitalMed თავიდან აპლიკაცია იყო, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ, პლატფორმა შეიცვალა და ვირტუალურ ასისტენტს „პაციენტებთან“ კომუნიკაცია მესენჯერის საშუალებითაც შეუძლია. თავიდან ძალიან ბევრ დიაგნოზს სვამდა და თითქმის ყველა კითხვას სცემდა პასუხს, მაგრამ ხელოვნური ინტელექტისთვის ქართული ენა იმდენად რთული აღმოჩნდა, რომ არასწორი რეკომენდაციის გაცემის რისკების გამოსარიცხად, გადაწყდა, რომ DigitalMed, საწყის ეტაპზე მაინც, მომხმარებლებს შედარებით ვიწრო მიმართულებით გაუწევდა პირველად დიაგნოსტირებას, თუმცა კი, 100%-იანი სიზუსტით.
ქართული ენის სირთულეში კი ვგულისხმობთ იმას, რომ სიტყვების გადანაცვლების შემთხვევაში, იმის საშიშროება არსებობდა, რომ ინტელექტს რამე შეცდომით გაეგო. ამიტომ, DigitalMed-ს თუ ისეთ რამეს ჰკითხავთ, რომელიც არ ესმის, გიპასუხებთ: „ვერ გავიგე, გასაგებად მომწერე“. გამოდის, რომ არასწორ დიაგნოზს, უბრალოდ, არ დასვამს.
რაც მთავარია, ინტელექტი, მუდმივად, ძალიან ბევრს სწავლობს და რაც დრო გადის, სამედიცინო სფეროში, მით უფრო მეტ საკითხში ხდება კომპეტენტური ვირტუალური ასისტენტი.
როგორც გეგა ზოგადი გამოცდილებით ამბობს, ხშირად ხდება ხოლმე, რომ პაციენტები თვითნებურად იტყუებიან, ან არ უნდათ ხოლმე რაღაც სიმპტომის გამჟღავნება, თუმცა „თუ ინტელექტი დაეჭვდა, რომ რაღაც შეუსაბამობაშია, მას შეუძლია, ისეთი შებრუნებული კითხვის დასმა, რომ გამოგიჭიროს. შანსი არაა, მოატყუო“, – ამბობს გეგა.
უფრო დეტალურად, როგორ შეიქმნა DigitalMed, რა ინფორმაციაზე დაყრდნობით გასცემს რეკომენდაციებს და როგორია მისი განვითარების პერსპექტივები, გეგა თათულიშვილმა გვიამბო:
M: გეგა, როდის და როგორ გადაწყვიტე სამედიცინო სფეროში ერთგვარი თერაპევტი ხელოვნური ინტელექტის შექმნა? რა შრომის გაწევა მოგიწია იდეის განსახორციელებლად და როგორ მოხვედი დღემდე?
პირველ კურსზე ვიყავი, იდეა რომ მომივიდა, დაახლოებით, 1 წლის წინ. ბიოლოგია დღემდე ძალიან მიყვარს და კვლევებსა და სიახლეებს ვეცნობი ხოლმე. ბიოლოგიის გამოცდაზეც მაქსიმალური ქულა ავიღე. იმის გამო, რომ ეს სფერო მაინტერესებდა, ხელოვნური ინტელექტის კუთხითაც შემეძლო რაღაც სიახლეების მოფიქრება და მათემატიკაც კარგად მესმოდა, ალგორითმები დავწერე და Digitalmed ორი მიმართულებით განვავითარე: დიაგნოსტიკური და საგანმანათლებლო.
ყველაზე დიდი დრო მონაცემთა ბაზის შექმნას მოვანდომე. მანქანისთვის უნდა მესწავლებინა ქართული ენა, სპეციფიკური, სამედიცინო ტერმინებით და ეს ძალიან რთული აღმოჩნდა. სამედიცინო ენციკლოპედიები ვთარგმნე და ამ ბაზაში შევიტანე.
სანამ აპლიკაციას ჩავუშვებდით, ძალიან სერიოზულ ექიმებთან გამოვცადეთ, დაზღვეულები რომ ვყოფილიყავით. თითოეული დიაგნოზი ცალკე გავტესტეთ და დავრწმუნდით, რომ აბსოლუტური სიზუსტით მუშაობს.
რაღაც პერიოდის განმავლობაში კი, უკვე მომხმარებლების უკუკავშირის შედეგად ვიღებდით ინფორმაციას, რომ ვირტუალურმა ასისტენტმა დიაგნოზი სწორად დასვა.
შემდეგ საიტი ჩავუშვით (digitalmed.ge) და ძალიან კარგი, განსხვავებული, საინტერესო და რაც მთავარია, სანდო სტატიების დაწერაც დავიწყეთ.
M: რატომ გადაწყვიტე, რომ DigitalMed-ს სამედიცინო სფეროს სპეციალისტის შერჩევაც უნდა შეძლებოდა?
დიაგნოზის დასმის შემდეგ, ადამიანებს უჭირთ ხოლმე იმის გარკვევა, რომელ ექიმთან უნდა მივიდნენ. მაგალითად, ინტელექტი, ჩივილების საფუძველზე თუ ჩიყვის დიაგნოზს დასვამს, ადამიანს იმასაც ურჩევს, რომ ამ შემთხვევაში, ენდოკრინოლოგთან უნდა მივიდეს. შემდეგ კი, კლინიკასაც ურჩევს, სად ჩაეწეროს. ჯერჯერობით, ეს უკანასკნელი ფუნქცია ვითარდება და ამ ეტაპზე კლინიკებთან თანამშრომლობის და მოძიების ეტაპზეა.
M: თავს როგორ იზღვევთ, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა, კომუნიკაციის პროცესში სხვა, არასაჭირო ინფორმაცია არ დაიმახსოვროს?
თუ, მაგალითად, ადამიანი ძალიან გაერთო და სხვა თემაზე სწერს DigitalMed-ს, ის შესაძლოა „გაბრაზდეს“ და მას აღარ გასცეს პასუხი ან სასაუბრო თემა შეუცვალოს.
M: რას უნდა მიაღწიოთ DigitalMed-ის საშუალებით? როგორია ხელოვნური ინტელექტის როლი სამედიცინო სფეროში?
ჩემი მიზანი არის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამოვავლინოთ დაავადებები. მინდა, სანამ ადამიანი ექიმთან მივა, დაახლოებით, წარმოდგენა ჰქონდეს, რა შეიძლება, სჭირდეს. ადამიანების ძალიან დიდ პროცენტს თავის დროზე რომ მიექცია რაღაც სიმპტომებისთვის ყურადღება, ჯანმრთელობის კუთხით, ბევრად უფრო კარგი მდგომარეობა გვექნებოდა ჩვენს ქვეყანაში.
გარდა ამისა, ადამიანს რომ რამე აწუხებს, ხშირია შემთხვევა, როცა „გუგლში“ სიმპტომების მიხედვით ეძებს დაავადებებს და პანიკაში ვარდება, რადგან სჯერა, რომ რაღაც საშინელება სჭირს. თუმცა, უკვე არსებობს ვირტუალური ასისტენტი DigitalMed, რომელსაც შეუძლია, ამ კუთხით, ადამიანები დაამშვიდოს ან დააკვალიანოს, რა სჭირთ და როგორ მოიქცნენ.
M: როგორ ხედავთ DigitalMed-ის განვითარების პერსპექტივებს?
ახლა ვმუშაობ, რომ მარტო მიწერით კი არ იყოს შესაძლებელი დიაგნოსტირება, არამედ ფოტოთიც შეიძლებოდეს. ახლახან ჩაეშვა ფუნქცია – DigitalMed-ს გაუგზავნი, მაგალითად, ხალის ფოტოს და მას შეუძლია აღმოჩენა, არის, თუ არა მელანომა განვითარებული.
უი, სულ დამავიწყდა, მეთქვა. DigitalMed, ყველაფერთან ერთად, ძალიან ყურადღებიანიცაა, დღეში ერთი-ორჯერ მოგიკითხავთ და სურვილის შემთხვევაში, სიახლეებსაც მოგწერთ ხოლმე:
ავტორი: თიკა გეგენავა