in

იმპროვიზაცია, ადაპტაცია და ამ მომენტის გადალახვა ქართულ ტურიზმში – დიმა ჩიკვაიძე

დღეს მე ვაპირებ, გესაუბროთ თემაზე, რომლიც მუდმივად განახლებადია, სავსეა სიახლით, ემოციებითა და მოგონებებით და, რაც მთავარია, ამოუწურავია – ესაა ტურიზმი. გესაუბრებით ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, რაშიც ვგულისხმობ გლობალურ პანდემიას, მასთან თანაცხოვრებასა და ცხოვრებას მის შემდეგ!

ფაქტები:

1. ესაა სფერო, რომელიც ყველაზე აქტუალურია იმ დროს, როცა მსოფლიო გლობალურ პანდემიას ებრძვის, რადგან ყველაზე მეტად დაზარალებული სწორედ ტურიზმის სფერო აღმოჩნდა. ეს სფერო, ფაქტობრივად, გაჩერდა და განულდა.

2. პანდემიის დაწყებამდე საქართველო ამ სფეროში აღწევს ისეთ წარმატებას, რომელიც ყველაზე ზღაპრულ სიზმარშიც კი წარმოუდგენელი იყო წლების წინ. მსოფლიოს წამყვანი გამომცემლობების სტატიებში ჩვენი ქვეყანა მოხსენიებულია აუცილებლად სანახავი ქვეყნების ათეულში. მსოფლიოში არ არსებობს ანალოგი ასეთი მცირე ფართობის ქვეყნისა, რომელსაც ამგვარი ლანდშაფტის მრავალფეროვნება აქვს ბუნებაში. ერთი სიტყვით, მსოფლიო გვაღიარებს..

3. თუმცა.. საქართველოს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც ძალუძს დასვენებაში თანხის დახარჯვა, უპირატესობას ანიჭებს საზღვარგარეთ დასვენებას, ეს ჯგუფი კი სეზონზე დაახლოებით 55000 – 60000 მოქალაქეს წარმოადგენს. გაითვალისწინეთ, რომ ეს არის რაოდენობა ჩარტერულ მიმართულებებზე (ძირითადად – თურქეთი, საბერძნეთი და რეგულარული რეისი ეგვიპტეში) თუ გავითვალისწინებთ, რომ საშუალოდ 600-800 აშშ დოლარი ჯდება საზღვარგარეთ საშუალო კატეგორიის სასტუმროში დასვენება, საკმაოდ საინტერესო თანხაზე ავდივართ მაშინ, როცა აქ არ არის გათვლილი ხარჯები, რასაც ტურისტები იმ ქვეყანაში ტოვებენ, რომელშიც ისვენებენ.

საინტერესოა, რატომ ხდება ასე მაშინ, როცა, ერთი შეხედვით, ამდენად კარგი მოცემულობა და პირობები გაქვს და თან თითქოს მსოფლიოც გაღიარებს.. ჩემი ძირითადი საქმიანობა და სფეროში 10 წლიანი გამოცდილება ზუსტად უკავშირდება იმ ადამიანებს, ვინც უპირატესობას ანიჭებს საზღვარგარეთ დასვენებას. მე ჩამოგითვლით იმ მიზეზებს და პრობლემებს, რის გამოც ეს ადამიანები იღებენ ამ გადაწყვეტილებას და შემდეგ მათ მოგვარებაზეც ვისაუბრებ.

მიზეზები:

1. ამინდი

2. ფასი

3. მომსახურების დონე

4. სიტუაციის შეცვლა

5 .თანამშრომლობის არარსებობა

მოდით

განვავრცოთ პირველი პრობლემა – ამინდი. სიტუაცია ასეთია – მთელი წელი მუშაობ დაუღალავად, ხარ გარჯაში, გყავს ოჯახი, მოდის ზაფხული.. მთელი წელი აგროვებ თანხას იმისთვის, რომ წელიწადში 7-10 დღე დაისვენო, დაასვენო ოჯახი, განიტვირთო… ამავე დროს, ხარ კარგი მოქალაქე და ქვეყნის შვილი და გინდა შენს ქვეყანაში დახარჯო ფული. მიდიხარ ზღვაზე 7 დღით.. იღებ სასტუმროს.. გზაშიც ხომ გჭირდება თანხა. .და ამ 7 დღიდან 6 დღეს ატარებ სასტუმროს ნომერში, რადგან კოკისპირულად წვიმს. და ეს ყველაფერი გიჯდება წარმოუდგენელი თანხა.. ლოგიკურად მივედით მეორე პრობლემაზე..

მეორე პრობლემა – ფასი – ეს შენი ერთდღიანი დასვენება და განტვირთვა, ერთდღიანი იმიტომ, რომ 6 ღამე სასტუმროს ნომერში გაატარე, გიჯდება კოლოსალური თანხა, ბევრად უფრო მეტი, ვიდრე საზღვარგარეთ დასვენება სრული მომსახურებით (სამჯერადი კვება, ფრენა, სატრანსფერო მომსახურება, დაზღვევა) და როცა მაინც კიდევ უფრო მაღლა აღმოჩნდები ამ ყველაფერზე და გადაიხდი ამ კოლოსალურ თანხას და შეხვალ სასტუმროში, 6 ღამე გიწევს თავის შეფარება და მიდიხარ მესამე პრობლემასთან..

მესამე პრობლემა – მომსახურების დონე – ზოგადად მომსახურების სფეროში ჩვენს ქვეყანაში არსებობს უდიდესი პრობლემა და ძალიან არასწორი მიდგომა. ამაზე საუბარი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. და რაც უფრო მალე გავითავისებთ ამ პრობლემის არსებობას, მისი მოგვარების გზაც უფრო მოკლე იქნება. ბევრი არგუმენტი მომისმენია, რომ არასაკმარისი ანაზღაურების გამო ხდება ეს, რომ მომსახურე პერსონალს არც ხალისი და არც სურვილი აქვს, რომ ვინმეს მოემსახუროს ან თუნდაც გაიღიმოს.

მეოთხე პრობლემა – არის დამსვენებლის კატეგორია, რომელიც დასვენებას ახერხებს მხოლოდ სიტუაციის შეცვლით და, ჩვენს შემთხვევაში, სიტუაციის შეცვლა პირდაპირ კავშირშია ქვეყნის საზღვრების დატოვებასთან.

მეხუთე პრობლემა – სასტუმროების და კვების ობიექტების არასწორი პრიორიტეტების მინიჭება ქართულ ტურისტულ კომპანიებთან მიმართებაში. უბრალოდ არანაირი პრიორიტეტი არ ენიჭება ქართულ კომპანიებს, როცა საუბარი მიდის თანამშრომლობაზე ან/და კონკურენტუნარიანი ფასის მიცემაზე. ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში, პრიორიტეტულია უცხოური კომპანია, რომელსაც შემოჰყავს უცხოელი ტურისტი. ცხოველური კონკურენციის პირობებში, ეს უცხოური კომპანია ყოველთვის იყო ერთი ნაბიჯით წინ ქართულ კომპანიასთან შედარებით – რადგან ასეთი პოლიტიკა აქვს სასტუმროს, კვების ობიექტს და ა.შ.

კარგი! რამდენი უარყოფითი ინფორმაცია იყო ხომ? – მოდით, მივყვეთ ყველაზე მნიშვნელოვანს – ამ პრობლემების მოგვარებას, პრობლემის მოგვარება კი, პირველ რიგში, იწყება იმით, რომ ეს პრობლემა ვაღიაროთ. უნდა ვისაუბროთ იმაზე, რაც რეალურად ხელს გვიშლის წინსვლაში.

დავიწყოთ პირველი პრობლემით – სამწუხაროდ, არც ზევსთან გვაქვს კავშირი და არც პოსეიდონთან, ვერაფერს მოვუხერხებთ ამინდს… და რა გვასწავლა პანდემიის დროს სახლში გამოკეტვამ? ის, რომ ყველა ამინდი კარგია თუ თავისუფლები ვართ. და იმასაც ვიხსენებთ, რომ დასვენება არ არის მხოლოდ ზღვაზე… ჩვენ საქართველოში ვართ – ბათუმის წვიმებს შეგვიძლია თავი დავაღწიოთ ანაკლიაში. გვაქვს რაჭა, სვანეთი, გვაქვს კახეთი ალაზნის ველით, წინანდლის მამულებით და ბუმბერაზი კავკასიონით, გურია გვაქვს შეკვეთილის მაგნიტური ქვიშით, დადიანების სასახლე გვაქვს, ოკაცეს კანიონი და ჩვენი დედულეთი ქუთაისი გვაქვს. მოდით, მივიღოთ მოცემულობა, რომ ვერ გავდივართ გარკვეული პერიოდი ქვეყნის გარეთ. მოდით, ეს 10 დღე გადავანაწილოთ და ჩვენს მომხიბვლელ სამშობლოში გავატაროთ. თუ გაქვთ გარკვეული რესურსები დასვენებისთვის გათვლილი, მოდით, მივმართოთ ჩვენს ქვეყანაში. გახსოვდეთ, რომ თითოეული დახარჯული თეთრი სასტუმროსა თუ კვების ობიექტში, ნიშნავს შემოსავალს უამრავი ოჯახისითვის. როცა დადიოდით სამოგზაუროდ და ჩამოგქონდათ სუვენირები, დარწმუნებული ვარ, მაცივრის კარი გადატენილია მაგნიტებით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან (მაგალითად, როგორც ჩემს მაცივარზე) მაგრამ გაქვთ მაგნიტი საქართველოს კუთხეებიდან? ვიცი, რომ არა და კი, არსებობს. იტყვით, რომ მაინც ძალიან ძვირი დაგიჯდებათ,  ამიტომ გადავიდეთ შემდეგ პრობლემაზე:

პრობლემა ნომერი ორის მოგვარება დამოკიდებულია ჩვენი სასტუმროებისა და დასასვენებელი კომპლექსების, კვების ობიექტების, გიდების, საექსკურსიო კომპანიების კეთილსინდისიერებაზე. დიახ, ყველამ ვიცით, რომ ხინკალი არ ღირს 4 ლარი და არც სასტუმროების უმეტესობის ფასი შეესაბამება რეალობას. უნდა გაითვალისწინონ ჰოტელიერებმა და რესტორატორებმა, რომ სრულიად სხვა გარემოში გავიღვიძეთ 1 ივნისიდან. მინიმუმ ზაფხულის ჩათვლით, თქვენი დამსვენებელი ჩვენივე მოქალაქეები იქნებიან, ამიტომ დროა, მიმართოთ იმპროვიზაციას და ადაპტაცია მოახდინოთ შექმნილ გარემოსთან.

პრობლემა ნომერი სამი – გონიერი მეწარმე ვერ ნახავდა უკეთეს დროს პროფესიული სასწავლებლის მწყობრში მოყვანისათვის და კიდევ უფრო გონიერი მენეჯერი მისი დაქვემდებარებულების გაგზავნას გადამზადებისათვის ამ სასწავლებელში. ზუსტად ახლა არის დრო, რომ ეს სიტუაცია გამოვიყენოთ და შექმნილი გასაჭირი გარდავქმნათ შესაძლებლობაში. პროფესიული სასწავლებლები და საკუთარ თავზე მუშაობა არის უმთავრესი იმისათვის, რომ გავხდეთ მოთხოვნადი კადრები მომსახურების სფეროში და დამიჯერეთ ამის შემდეგ ანაზღაურება თქვენი ყველაზე ნაკლები პრობლემა იქნება – ასარჩევად გექნებათ შემოთავაზებები. მომსახურების სფეროში ან საერთოდ არ მიდიხართ ან თუ გადადგამთ ამ ნაბიჯს, პირველები უნდა იყოთ. არ არის ადვილი ამ სფეროში მუშაობა, როცა ქართველი მომხმარებელი არც თუ ისე ლმობიერია. თუმცა მომენტი, როცა იგრძნობთ, რომ თქვენ შეგიძლიათ მართოთ პროცესები მომხმარებელთან ურთიერთობის დროის ნებისმიერ ეტაპზე, იქნება ყველაზე ტკბილი და საინტერესო.

რა მოვუხერხოთ მეოთხე პრობლემას – ამ კატეგორიის დამსვენებელი დაისვენებს საქართველოში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გახდება იძულებული, თუმცა ამ დროსაც შეეცდება მოიძიოს ისეთი ობიექტები, სადაც თავს უცხოეთში იგრძნობს და ექნება განცდა, რომ მან გარემო შეიცვალა. იმ ობიექტმა, რომელსაც მიზნობრივ ჯგუფში ეყოლება ამ ტიპის დამსვენებელი, უმთავრეს ამოცანად უნდა დაისახოს მესამე პრობლემის ზებუნებრივად მაღალ დონეზე მოგვარება.

და პრობლემა ნომერი ხუთი – თუ ამ სტატიამ ნახა დღის შუქი და ეს წაიკითხა სასტუმროს ან ზემოთ ხსენებული ობიექტის მენეჯერმა იკითხავს, საიდან უნდა ჰყავდეს მას მომხმარებელი თუ ყველაფერი იქნება ჩაკეტილი! ზუსტად მეხუთე პრობლემაში ნახავთ თქვენს პასუხს – კეთილსინდისიერი თანამშრომლობისთვის არასდროს არის გვიან! გახსოვდეთ, რომ ჩემი საუბრის თავში ნახსენები ციფრი იმ ქართველებისა, ვისაც აქვს შესაძლებლობა, დაისვენოს საზღვარგარეთ, ისევ მიმართავს იმ ქართულ ტურისტულ კომპანიებს, რომელსაც წლების განმავლობაში მიმართავდა, თუნდაც ნაწილი მაინც. ეს იქნება გასაჭირის იმ შესაძლებლობად გარდაქმნა ორივე მხრიდან, რომელიც დაგვეხმარება, გადავლახოთ ცხოვრების ეს მომენტი ღირსეულად. ტურების აწყობისა და დაგეგმვის ყველაზე დიდი გამოცდილება ტურისტულ კომპანიებს აქვს, ამიტომაც უნდა მივცეთ მათ ამის საშუალება.

უმარტივესი ფორმულაა: სასტუმრო/კვების ობიექტი/დასასვენებელი კომპლექსი და ა.შ. ქართულ ტურისტულ კომპანიას აწვდის ფასს > ტურისტული კომპანია აწყობს ტურის გეგმას > ქირაობს ტრანსპორტს, ასაქმებს მძღოლს > ასაქმებს გიდს > ტურისტულ მარშრუტში ჩასმული აქვს რამოდენიმე კვების ობიექტი > სარგებლობს სასტუმროს მომსახურებით ტურის განმავლობაში > შემოსავლით თავისსავე დასაქმებულსაც უხდის ხელფასს – ნარჩუნდება ბიზნესი, პროცესი არ ჩერდება, ძლიერდება თანამშრომლობა.

იმპროვიზაცია, ადაპტაცია და ამ მომენტის გადალახვა იქნება გზა რომლითაც საქართველო მსოფლიო ტურიზმის ახალ რეალობაში კიდევ უფრო ძლიერი და წარმატებული შეაბიჯებს.


დიმა ჩიკვაიძე – ტურისტული კომპანია “გლობალ თრეველის” გაყიდვების ხელმძღვანელი და საქართველოს გამყვანი ტურიზმის ასოციაციის (GOTA) თანადამფუძნებელი

ცვლილებების ტალღა, ოკეანის დასაცავად! – კამპანია The Dopper Wave

“და რას შეცვლი შენ? ჰო, შენ. რა გასწავლა ამ ყველაფერმა?” – ბეკი ფანცხავა